ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე 2025 წლის ბოლოს აღმოჩენილი ხალიჩისებრი მდედრი პითონი ოფიციალურად აღიარეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი გველად. უნიკალური რეპტილია გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.
გველის სიგრძე თავიდან კუდის წვერამდე 7,22 მეტრს აღწევს, ხოლო წონა 96,5 კილოგრამია – თითქმის იმდენივე, რამდენსაც ზრდასრული პანდა იწონის. სპეციალისტებმა გაზომვები ნარკოზის გარეშე ჩაატარეს, რის გამოც პითონი დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მეცნიერთა შეფასებით, მოდუნებულ მდგომარეობაში მისი რეალური სიგრძე შესაძლოა 7,9 მეტრამდეც კი გაიზარდოს.
პითონს სახელად იბუ ბარონი უწოდეს, რაც ინდონეზიურ ენაზე „ბარონესას“ ნიშნავს. ამჟამად ის ადგილობრივი ბუნების დამცველისა და ცხოველთა კონსერვაციის სპეციალისტის, ბუდი პურვანტოს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რეპტილიის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ხალიჩისებრი პითონები არ არიან შხამიანები და მსხვერპლს სხეულის შემოხვევით ახრჩობენ. ჩვეულებრივ, ისინი იკვებებიან წვრილი ძუძუმწოვრებით, ფრინველებითა და სხვა რეპტილიებით, თუმცა ასეთი გიგანტური ზომის ინდივიდებს ძალუძთ უფრო მსხვილი ცხოველების დაჭერაც – მათ შორის ძაღლების, თხების, მაიმუნებისა და იშვიათ შემთხვევებში ირმებისაც.
სპეციალისტების თქმით, მსგავსი გიგანტური ეგზემპლარები ბუნებაში უკიდურესად იშვიათია და მათი აღმოჩენა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა პითონების ზრდის, ეკოლოგიისა და ევოლუციის შესასწავლად.