LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Red Bull-ის პილოტმა თვითმფრინავი მოძრავ მატარებელზე ბრმად დასვა

109
1428x1428


კომპანია Red Bull-მა მორიგი ექსტრემალური პროექტი – Train Landing წარადგინა, რომლის განხორციელებაში ელექტრომობილების მწარმოებელი Rimac მონაწილეობდა.

ცნობილმა პილოტმა და კასკადიორმა დარიო კოსტამ მსუბუქ ძრავიანი თვითმფრინავი მოძრავი მატარებლის ვაგონის სახურავზე დასვა და იქიდან ხელახლა აფრინდა. განსაკუთრებული სირთულე ის იყო, რომ მან მანევრი პრაქტიკულად „ბრმად“ შეასრულა.

ტრიუკი თურქეთში განხორციელდა. Red Bull-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მანევრი წამებში დასრულდა, მის მომზადებას რამდენიმე თვე დასჭირდა. გუნდმა წინასწარ გამოთვალა მატარებლისა და თვითმფრინავის სიჩქარეები, ჩაატარა აეროდინამიკური სიმულაციები და სპეციალური კოგნიტიური ვარჯიშები. მოდელირების ნაწილზე Rimac-ის სპეციალისტებიც მუშაობდნენ.

მატარებელი, რომელიც სატვირთო კონტეინერებისგან შედგებოდა, 120 კმ/სთ-მდე ააჩქარეს. მთავარი სირთულე პილოტისთვის შეზღუდული ხილვადობა იყო – დასაფრენი პლატფორმა კოსტას მხოლოდ 200 მეტრამდე მანძილზე უჩანდა, რის შემდეგაც მანევრი პრაქტიკულად ინსტინქტზე და წინასწარ გამოთვლებზე იყო დამყარებული. მთლიანი ოპერაციის შესასრულებლად მას მხოლოდ 50 წამი ჰქონდა.

დასაფრენად კოსტამ თვითმფრინავის სიჩქარე 87 კმ/სთ-მდე შეამცირა – ეს ზღვრული მინიმუმია, რომელზეც მართვადობა ჯერ კიდევ ნარჩუნდება. ზუსტ მანევრს დამატებით ართულებდა მოძრავი მატარებლის მიერ წარმოქმნილი ძლიერი ჰაერის ტურბულენტობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები