LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის ირჩევენ საავტომობილო მარკები რეკლამისთვის

73

გამოკვლევამ აჩვენა, მსოფლიო ავტომწარმოებლებში ყველაზე მოთხოვნადი სპორტსმენები არიან. საავტომობილო ბრენდების წარმომადგენლების განცხადებით, მათ ყველაზე კარგად გამოსდით ავტომობილის დინამიკის და ქარიზმის ასახვა.

მაგალითად, “ფორმულა 1”-ის ოფიციალური სახეები ხშირად ხდებიან სპორტსმენები, ასევე შოუ-ბიზნესის და კინოს ვარსკვლავები.

იტალიური ბრენდის “ფერარის” ოფიციალური სახე გახლდათ მიხეილ შუმახერი, რომელიც “ფორმულა 1”-ის კიდევ ერთ ჩემპიონ კიმი რაიკონენთან ერთად “ფიატსაც” უჭერდა მხარს.

მრბოლელი ლუის ჰემილტონი “მაკლარენ მერსედესის” წარმომადგენელია. ჰემილტონი გერმანული ბრენდის რეკლამირებას ფაქტობრივად ყველა ინტერვიუში აკეთებს. მუდმივად ხაზს უსვამს იმას, რომ მის გარაჟში ყოველთვის არის “მერსედესის” მარკის რამდენიმე ავტომობილი, რომელსაც რეგულარულად ანახლებს.

ცნობილი გოლფისტი ნიკ ფალდო ისეთი მდიდრული ბრენდის წარმომადგენელი გახდა, როგორიც არის “მაიბახი”.

ჩეხურ კომპანიას “შკოდას”, რომელიც ჰოკეის და ველოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატების გენერალურ სპონსორად გვევლინება, წარმოადგენდა ლეგენდარული ფეხბურთელი პელე, შემდეგ კი რუსი ჰოკეისტი ვლადისლავ ტრეტიაკი.

ინგლისურმა ავტომწარმოებელმა “ლენდ როვერმა” თავისი ბრენდის რეკლამისთვის ჩოგბურთელი მარია შარაპოვა აირჩია. ერთ სეზონზე კი ამ ბრენდს რეკლამას სამეფო გვარიდან ნამდვილი პრინცესა, ელიზაბეტ მეორეს შვილიშვილი უკეთებდა.

“ასტონ მარტინმა” თავის სახედ ოპერის მომღერალი პლასიდო დომინგო აირჩია.
ესპანურ “სეატს” კონტრაქტი ჰქონდა მომღერალ შაკირასთან.
კრისტინა აგილერა რეკლამას უკეთებდა “მერსედეს ბენცს”.

ავტომობილ “ლანჩას” რეკლამას უკეთებდა საფრანგეთის ექსპრეზიდენტის მეორე ნახევარი, ცნობილი ტოპ-მოდელი კარლა ბრუნი. ადრე ნიკოლა სარკოზის ცოლს არანაკლებ ცნობილი მოდელი, ევა ჰერცოგოვინა წარადგენდა.

რენომ თავისი “კანგოოსთვის” სიმპსონები აირჩია.
გერმანულ კონცერნს “ბმვ”-ს რეკლამას თავის დროზე მადონა, მერილინ მენსონი, კლაივ ოუენი და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი უკეთებდა. თავისი ავტომობილების რეკლამისთვის კომპანიამ მინი-ფილმების მთელი ციკლი გადაიღო, სადაც მთავარ როლს ავტომობილები თამაშობდნენ. შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები კი მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდნენ. ამ მარკას ოფიციალური სახე არ ჰყავს.

სახე არ ჰყავს არც “აუდის”. კომპანია ეთანხმება “ბმვ”-ს და მიიჩნევს, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია მარკის მრავალფეროვნება აჩვენოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები