წითელი ქარი ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც კანის ზედაპირულ შრეს მოიცავს და ზედაპირულ ლიმფურ ძარღვებში ვრცელდება. იგი მიეკუთვნება კანისა და ლორწოვანი გარსის ინფექციურ დაავადებათა კატეგორიას. დაავადებას ახასიათებს შეშუპება, ტკივილის შეგრძნება, ლიმფური დრენაჟის დარღვევა, ცხელება, დაჭიმულობა და კანის შეწითლება. წითელი ქარის რამდენიმე კლინიკური ფორმა არსებობს: ერითემული, ბულოზური, ფლეგმოზონური, ნეკროზული. ინფექციით უმეტესად ჩვილები, ბავშვები და 60-დან 80-მდე წლის ასაკის ქალები ავადობენ, მსუბუქ ფორმებში. ზრდასრულ მამაკაცებში შემთხვევების რაოდენობა ბევრად ნაკლებია, თუმცა, დაავადების მიმდინარეობა მეტად მწვავე.
წითელი ქარის გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია: ქირურგიული ჭრილობები, მწერის ნაკბენი, კანის სხვადასხვა დაავადებები, გულის უკმარისობით ან დიაბეტით გამოწვეული შეშუპებები, წყლულები. დიაგნოზის დასადასტურებლად ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება აუცილებელი არ არის. თუმცა, რიგ შემთხვევებში, საჭიროა ბაქტერიოლოგიური კვლევა.
წითელი ქარის მკურნალობა უმეტესად ხდება სახლის პირობებში. მკურნალობის დროს გამოიყენება ანტიბიოტიკები, ექიმის დანიშნულებით. ასევე კომპრესიული თერაპია. კომპრესიული თერაპია კიდურებში სისხლის ნაკადის ნორმალურ მიმდინარეობას უწყობს ხელს და ამცირებს წითელი ქარით, ან მსგავსი დაავადებებით, გამოწვეულ გართულებებს. კომპრესიული თერაპიის დროს პაციენტს ექიმის რეკომენდაციით ენიშნება ელასტიური კოლგოტები, მუხლის ან ხელის წინდები.