კომპანია Xiaomi-მ ჩინეთში ოფიციალურად დაიწყო ელექტრო სედანის Xiaomi SU7-ის მეორე თაობის გაყიდვები და კომპანიის ინფორმაციით, 15 ათასი ავტომობილის გაყიდვას სულ რაღაც 34 წუთი დასჭირდა.
გაყიდვების დაწყებასთან ერთად Xiaomi SU7 ოდნავ გაიაფდა წინასწარი შეკვეთების პერიოდთან შედარებით, რომელიც წლის დასაწყისში დაიწყო.
ელექტრო სედანი ხელმისაწვდომია სამ ვერსიაში – Standart, Pro და Max, რომლებიც განსხვავდება როგორც აღჭურვილობით, ისე ტექნიკური მახასიათებლებით. იანვარში ფასები მერყეობდა 229 900-დან 309 900 იუანამდე, თუმცა ახლა საბაზო ვერსია 10 ათასი იუანით გაიაფდა, ხოლო ტოპ-ვერსია – 6 ათასით.

განახლებული მოდელი უფრო ძლიერი ძრავებით არის აღჭურვილი, სიმძლავრე 320-დან 690 ცხენის ძალამდე მერყეობს. ყველაზე ძლიერი ვერსია 0-დან 100 კმ/სთ-მდე 3.08 წამში აჩქარდება.
ახალი ბატარეების წყალობით, ავტომობილის სვლის მარაგი 720-დან 902 კილომეტრამდე აღწევს ერთ დამუხტვაზე, კომპლექტაციის მიხედვით. ასევე გაუმჯობესებულია შასი და გამოთვლითი სისტემის შესაძლებლობები, ხოლო დიზაინში ცვლილებები ძირითადად კოსმეტიკურია.

კომპანია Xiaomi ასევე ამზადებს ახალი კროსოვერის – Xiaomi YU7-ის ფლაგმანურ GT ვერსიას, რომელიც 1003 ცხენისძალიან ელექტროძრავებს მიიღებს. თუმცა მისი სვლის მარაგი, სავარაუდოდ, 650 კილომეტრს არ გადააჭარბებს.