ჩინეთში ელექტრომობილი Xiaomi SU7 ავტომატური პარკირების სისტემის მუშაობისას თითქმის წყალში ჩავარდა. ინციდენტის ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ Weibo-ში გავრცელდა. როგორც China Times იუწყება, გზის გვერდით მდებარეობდა ხელოვნური სათევზაო აუზი, რაც მძღოლმა არ გაითვალისწინა.
როგორც კადრებში ჩანს, SU7-ის მძღოლმა ავტომობილი სავარაუდო საპარკინგე ადგილთან გააჩერა, მანქანიდან გადმოვიდა და მართვა სრულად ელექტრონულ სისტემას გადააბარა. ავტომობილმა მანევრი დაიწყო, თუმცა პარკირების ასისტენტმა ნაპირი ვერ ამოიცნო და სედანი თითქმის წყალში გადავარდა. ავტომობილის გამოყვანა მხოლოდ ევაკუატორის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
ცნობილია, რომ Xiaomi SU7-ის მფლობელი კომპანიისგან კომპენსაციის მიღებას გეგმავს. ამასთან, ელექტრომობილის ინსტრუქციაში მითითებულია, რომ ავტოპარკირების გააქტიურებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ ახლომახლო სიმაღლის მკვეთრი ცვლილებები ან სხვა დაბრკოლებები არ არსებობს. ვიდეო სწრაფად გახდა ვირუსული და კომენტარების უმეტესობა მძღოლის დაუდევრობას აკრიტიკებს.
ეს Xiaomi SU7-ის ელექტრონულ ასისტენტთან დაკავშირებული პირველი კურიოზული შემთხვევა არ არის. ოქტომბრის დასაწყისში ერთ-ერთი ასეთი ელექტრომობილი ავტოსადგომიდან თვითნებურად დაიძრა, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ მოძრაობა მფლობელის სმარტფონიდან გაგზავნილმა ბრძანებამ გამოიწვია.