ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ მაია რუხაძე – მედიცინის დოქტორი, „ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი სტუმრობდა, რომელმაც ზაფხულის სეზონზე გავრცელებულ ალერგიებზე, ასევე კვებით ალერგიებზე, მწერების ნაკბენებზე, აღნიშნული პრობლემების სიმპტომებზე, საშიშროებასა და ალერგიების მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა. გადაცემის სტუმარმა ზაფხულის სეზონზე, მოგზაურობისას გასათვალისწინებელი არაერთი საინტერესო და საჭირო რეკომენდაცია გაგვიზიარა.
ქალბატონო მაია, რამდენად შეიძლება იჩინოს თავი და იფეთქოს ალერგიამ ზაფხულის სეზონზე?
ალერგიების კუთხით, ზაფხული ისეთივე აქტუალურია, როგორც გაზაფხული. ზაფხულის პერიოდში, კვლავ აქტუალურია პოლინაცია, ანუ მცენარეული მტვრის მიმართ ალერგია. ჩვენ უკვე გამოვიარეთ ბალახების ყვავილობის სეზონი, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ ბალახების ნაწილმა, მაგალითად, კოინდარმა, ტიმოთელამ მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყეს ყვავილობა, რაც ივლისის შუა პერიოდამდე გაგრძელდება. მოგეხსენებათ, რომ ამ ბალახებს და მარცვლოვნებს მაღალი ალერგენული თვისებები აქვთ. ასევე, უკვე ივლისი-აგვისტოდან ასპარეზზე გამოვლენ სარეველები, რომელთა ყვავილობის პერიოდი არც თუ ისე ხანმოკლეა და შემოდგომამდე გრძელდება. ჩვენს პირობებში, ეს ნოემბრის დასაწყისამდეც შეიძლება გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდს, კლიმატურ პირობებს, რადგან ვიცით, რომ ეს ძალიან მოქმედებს მცენარეების ვეგეტაციურ პროცესებზე. შესაბამისად, რაც უფრო ხანგრძლივდება მზიანი, თბილი და ქარიანი ამინდები, რა თქმა უნდა, უფრო ხანგრძლივდება მცენარეული მტვრის გადატანის, ანუ პოლინაციის პერიოდი. გარდა იმისა, რომ ქარიანი, მზიანი ამინდები ახანგძლივებენ მცენარეული მტვრის გადატანას, აღსანიშნავია, რომ ამ დროს, ბინძურდება ჰაერიც, რადგან ასეთ დროს, უფრო მეტი მტვრის მარცვალი ხვდება ჰაერში და ისინი წარმოადგენენ როგორც დამაბინძურებლებს, ისე ალერგენებს.
ამ პერიოდში, ასპარეზზე გამოვლენ ყველასთვის ცნობილი ალერგენებიც, ამბროზია და ავშანი, რომელიც მაღალი ალერგენული თვისებებით გამოირჩევა, ასევე მთელი რიგი სარეველები, მაგალითად, ჭინჭარი, ბაბუაწვერა, მრავალძარღვა, ნაცარქათამა და ა.შ.
რაც შეეხება ალერგიისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს არის ცემინება, რინორეა, ანუ გახანგრძლივებული გამონადენი ცხვირიდან, თვალების ქავილი, ცრემლდება, თვალების ჰიპერემია, ანუ სიწითლე, ასევე შეიძლება იყოს ხველა, ასთმური სიმპტომები, კანის პრობლემები და ა.შ.
ახსენეთ მცენარეების და ყვავილების გავრცელების პერიოდები და ეტაპები, არსებობს თუ არა საქართველოში ისეთი რეგიონები, სადაც უფრო ჭარბობს ეს გავრცელება?
დიახ, მაგალითად, ამბროზიისთვის არსებობს ლოკალური გავრცელების ენდემური კერა, ეს არის ლაგოდეხის რეგიონი და აქ ამბროზია მაღალი გავრცელებით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ არ არის აუცილებელი ადამიანი იმ კონკრეტულ რეგიონში ცხოვრობდეს, სადაც ესა თუ ის ზემოთ აღნიშნული მცენარე არის გავრცელებული, რომ ალერგიამ იჩინოს თავი, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ ასეთი მცენარეები ქარით დამტვერავები არიან. ხშირად პაციენტები ამბობენ, იცით, მე არ მქონია შეხება ამბროზიასთან, არ არის აუცილებელი, რომ მცენარესთან პირდაპირი კავშირი გქონდეთ. როდესაც ჰაერში მაღალია ამ ალერგენების კონცენტრაცია და როდესაც მზიანი და ქარიანი ამინდია, ქარს მტვრის მარცვლების გადატანა ასობით კილომეტრზე შეუძლია.
როცა მცენარეული მტვრის მარცვლები მოხვდება ცხვირის ლორწოვანზე, თვალის ლორწოვანზე და ადამიანს უკვე აქვს გაუკუღმართებული რეაქცია არსებული ალერგენის მიმართ, მაშინ უკვე ვლინდება ის სიმპტომები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ.
ალერგიული სიმპტომები ყველა ადამიანთან ერთნაირია თუ არსებობს ინდივიდუალური გამოვლინებები, ასევე შეიძლება თუ არა ადამიანს ერთ წელს, მოულოდნელად გამოუვლინდეს სიმპტომები და მხოლოდ ცემინება თუ არის საკმარისი მიზეზი ექიმთან ვიზიტისთვის?
დიახ, შეიძლება, ადამიანს ცხოვრებაში პირველად გამოუვლინდეს ალერგიული სიმპტომები და აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ალერგენთან ექსპოზიციას. ადამიანებს, რომელთაც ბალახების, ამბროზიის მიმართ აქვთ ალერგია, აღნიშნავენ, რომ სიმპტომები გარემოსთან კავშირის შემთხვევაში ეწყებათ.
თუ ადამიანი აღნიშნავს, რომ ალერგიული სიმპტომები დაეწყო მაისიდან და დღემდე გრძელდება, გარემოსთან კონტაქტის დროს, აქ ნამდვილად არის იმის ეჭვი, რომ იგი გახდა ჰიპერმგრძნობიარე ბალახების მტვრის მარცვლის მიმართ. ამ ყველაფერს დაკვირვება და დიაგნოსტიკა სჭირდება. დიაგნოსტირება ძალიან მარტივად ხდება, ამის მრავალი მეთოდი არსებობს.
თუ უკვე ვიცით დამნაშავე ალერგენი, არსებობს მკურნალობა როგორც შესაბამისი ბაზისური მედიკამენტებით, ასევე არსებობს სპეციფიკური იმუნოთერაპია, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია, რომ ადამიანი უფრო ტოლერანტული გახდეს არსებული ალერგენის მიმართ.
რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების სიმძიმეს, შეიძლება, ყველა ადამიანთან ერთნაირად არ მიდიოდეს სიმპტომები. დიაგნოსტირება დაავადების სიმძიმის შეფასებაშიც გვეხმარება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ თუნდაც პოლინოზის, თუნდაც გაზაფხულის, ზაფხულის თუ შემოდგომის ალერგიის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება მხოლოდ ერთი შოკ ორგანოთი არ შემოიფარგლოს ალერგია, მაგალითად შეიძლება, იყოს ცხვირის სიმპტომები, თანდართული თვალის სიმპტომებით, უფრო მგრძნობიარე იყოს ლორწოვანიც, შეიძლება, იყოს ხველა და სპაზმური ხველა, ასევე გამოხატული იყოს კანის სიმპტომები.
ამინდის პროგნოზთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს პოლინაციას, ანუ იმას, თუ როგორ ვრცელდება ეს ალერგენები და მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ არსებობს მცენარეული მტვრის გავრცელების კალენდარი, რომელიც ჩვენი დაწესებულების „ფეისბუქ“ გვერდზე ადვილად მოსაპოვებელია. იქ ასევე მინიშნებულია, რომელი მცენარეული მტვრის მარცვალი როგორი ალერგენული თვისებებით ხასიათდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახლავთ. უნდა ვიცოდეთ, რა პერიოდში, რა ხანგრძლივობით და ინტენსივობით გვხვდება ამა თუ იმ მცენარის ყვავილობა.
ხშირად გაგვიგია ტერმინი „მზის ალერგია მაქვს“, რამდენად რეალურია ეს, შეიძლება, რომ მზემ გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია? ასევე, მინდა, ვისაუბროთ მწერების ნაკბენებზე, რადგან ეს შეიძლება, საკმაოდ მწვავე ალერგიული რეაქციის მიზეზი გახდეს.
ეს სწორედ ის აქტუალური თემები და გამოწვევებია, რომლებიც ზაფხულს ყოველთვის თან ახლავს.
რაც შეეხება მზის ალერგიას, ალბათ, უფრო სწორია მზის სხივების, ულტრაიისფერი სხივების მიმართ მოჭარბებული რეაქცია და კანის მიერ გამოხატული მგრძნობელობა.
მზის სხივების მიმართ ალერგია სხვადასხვა ფორმატში შეიძლება, რომ განვიხილოთ. უფრო ხშირად, მისთვის დამახასიათებელია ე.წ. კანის პოლიმორფული გამონაყარი, რომელიც სხვადასხვა მორფოლოგიური ელემენტით გვხვდება, ეს შეიძლება იყოს კანზე სიწითლე, გამონაყარი, მათ შორის, ბუშტუკოვანი, ასევე შეიძლება, იყოს ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი, რასაც შეიძლება, ახლდეს ქავილი. ეს ყველაფერი სწრაფად შეიძლება მოხდეს, მზის ინსოლაციის პირობებში, შეიძლება, 10-15 წუთში დაიწყოს მათი გამოვლენა, თუმცა შეიძლება, აღნიშნული პრობლემები 24 საათის მერეც კი გამოვლინდეს.
ასევე, არსებობს ფოტოდერმატიტი და ფიტო ფოტოდერმატიტი. ფიტო ფოტოდერმატიტები გვხვდება, როცა მცენარეულ ნახარშს, მაგალითად, ლეღვის ფოთლის ნახარშს იყენებენ ინტენრიუსი რუჯის მისაღებად, რაც ყოვლად დაუშვებელია.
ფოტოდერმატიტებს რაც შეეხება, მზის ინსოლაციის დროს, გარკვეული მცენარის, ლაიმის, ლიმონის, ციტრუსის მიღებისას, შეიძლება, რომ კანის გამოვლინებებს ჰქონდეს ადგილი.
მზეზე ყოფნისას უნდა გაფთხილდნენ ადამიანები, რომელთაც უტარდებათ სხვადასხვა ანტიბიოტიკოთერაპია, თუ ისინი იღებენ სხვადასხვა დიურეტიკებს, ე.წ. შარდმდენ საშუალებებს, კონტრაცეპტივებს, ადამიანები, რომელთაც აქვთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, რადგან მზის ინსოლაციის პირობებში, შეიძლება, რომ ფოტოდერმატიტები გამოვლინდეს.
ასევე, შეიძლება, რომ ადამიანს განუვითარდეს მზის დაკვრა, რომელიც მზის ალერგია არ გახლავთ. მზის დაკვრას ტოქსიკური ინტოქსიკაციის გამოვლინებები, ცხელება, პირღებინება, შემცივნება, ძლიერი თავის ტკივილი ახასიათებს. მზის დაკვრას შეიძლება, ერთოდეს კანის დამწვრობაც, რაც ალერგიულ, დერმატოლოგიურ პრობლემას სულაც არ მიეკუთვნება.
მესმის, რომ ადამიანებს მოსწონთ რუჯი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მზესთან კონტაქტს, აქტივობას.
თუ ადამიანი ალერგიულია, თუ მას აქვს ატოპიური დერმატიტი, ასთმა, ალერგიული რინიტი, გარკვეული სეზონური პრობლემები, რა თქმა უნდა, ის წინასწარ უნდა ესტუმროს ექიმს და მოიმარაგოს გარკვეული მედიკამენტები, დაავადება კონტროლირებული უნდა იყოს.
მზეზე ყოფნისას, გამოყენებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის მზისგან დამცავი საშუალება, მაღალი დამცავი ფილტრით. დაბალი ხარისხის, უხარისხო მზისგან დამცავმა შესაძლოა, რომ პირიქით, დამატებით გამოიწვიოს ე.წ. კონტაქტური, ალერგიული დერმატიტი. მზისგან დამცავი აუცილებლად უნდა გამოიყენონ ადამიანებმა, რომელთაც აქვთ ალერგიული პრობლემები, ჰიპერმგრძნობიარე კანი, ჭინჭრის ციება, ატოპიური დერმატიტი. როგორც აღვნიშნეთ, მზისგან დამცავი უნდა იყოს ძლიერი ფილტრით, 30 + ან 50 +, კანის ტიპის შესაბამისად. მზისგან დამცავი მხოლოდ სანაპიროზე გასვლისას კი არ უნდა ვიხმაროთ, არამედ გარეთ გასვლის დროსაც, ის 20-30 წუთით ადრე უნდა წავისვათ ისეთ ადგილებში, რომლებიც მზისგან დაფარული არ არის, მაგალითად სახეზე, დეკოლტეზე, კიდურებზე.
რაც შეეხება თვითონ რუჯს, მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კანის შეფერილობა დამოკიდებულია ე.წ. მელანინზე, რომელიც ღია ფერის ადამიანებს უფრო ნაკლები აქვთ, მუქი ფერის ადამიანებს კი, შესაბამისად, უფრო მეტი. რუჯის მიღების დროს, სწორედ მელანინის აქტიურად გამოთავისუფლება ხდება.
ზოგიერთი დერმატოლოგიური პათოლოგიების, მაგალითად, ფსორიაზის დროს, ზღვის აბაზანები, მზის ინსოლაცია სასარგებლოა, თუმცა, რა თქმა უნდა, ზომიერად, ეს არ უნდა იყოს გადაჭარბებული. ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებთ პაციენტებს, რომ 10:00-დან 16:00 საათამდე მზეზე ყოფნას მოერიდონ, რადგან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება ამ დროს ძალიან აქტიურია და მაღალია რისკი სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარების.
მზეს უნდა მოერიდონ ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებები აქვთ.
ბავშვები უფრო ადრე უნდა გავიდნენ სანაპიროზე და მათ აუცილებლად უნდა ეკეთოთ ქუდი, დამცავი სათვალე, უნდა ესვათ მზისგან დამცავი, მაღალი ფილტრით. ისინი არასასურველ დროს სანაპიროზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ.
რაც შეეხება მეორე გამოწვევას, რომელიც მწერებს ეხება, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში, ეს პრობლემა აქტიურდება. ეს მწერები შეიძლება იყვნენ კოღოები, ყველაზე საშიში – ბზიკები, კრაზანები და ფუტკრები, ჭიანჭველები, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ასეთი გიგანტური ჭიანჭველები არ არის და ასევე ტკიპები, რომლებიც მხოლოდ ალერგიის კუთხით კი არ არის საყურადღებო, არამედ ვიცით, რომ ისინი სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გადამტანები არიან, მაგალითად ბორელიოზის, ანუ ლაიმის დაავადების.
კვებითი ალერგიის კუთხით, სწორედ ტკიპებს უკავშირდება ალფა-გალის სინდრომი, ანუ წითელი ხორცის მიმართ ალერგია. ეს იმ ნახშირწყლებს უკავშირდება, რომელიც რქოსან პირუტყვს შეიძლება ჰქონდეს და სწორედ ტკიპის ნაკბენის შემდეგ, შესაძლებელია, რომ ის მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში და იმ ადამიანებს, რომლებიც ადრე იტანდნენ წითელ ხორცს, დროთა მანძილზე, გამოუმუშავდეთ ალფა-გალი და გამოუვლინდეთ ანაფილაქსია. წითელი ხორცის მიმართ ალერგია და სიმპტომები 3-6 საათში ვლინდება. მინდა, მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ მსგავსი სიმპტომების მქონე ადამიანები მომრავლდნენ და ისინი აღნიშნავენ, რომ ხორცის, ხინკლის მირთმევის შემდეგ, 3-6 საათის მერე დაეწყოთ გამოვლინებები, პირღებინება, ურტიკარია. აღსანიშნავია, რომ ანაფილაქსიის დროს, როცა არის კანზე გამოვლინება, წამოწითლება, გამონაყარი, როცა ამას თან ერთვის პირღებინება, ტაქიკარდია, წნევის დაქვეითება, შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ კვებით ინტოქსიკაციასთან აქვს საქმე, ამ დროს კი, საქმე ანაფილაქსიასთან გვაქვს, ამიტომ ადამიანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ აღნიშნული სიმპტომები, რომ პრობლემის ამოცნობა შეძლონ.
რაც შეეხებათ კოღოებს, მოსახლეობა არ უნდა შევაშინოთ, რადგან ვიცით, რომ მალარია საქართველოში ლიკვიდირებულია, ერთადერთი, ლეიშმანიოზთან დაკავშირებით უნდა მოვერიდოთ მათ და როდესაც დასასვენებლად ტბასთან ახლოს ვიქნებით, უმჯობესია, სეირნობისას ჩვენც და ბავშვებსაც დახურული სამოსი გვეცვას.
რა თქმა უნდა, ყველა მწერის, კოღოს ნაკბენის დროს ექიმის ჩარევა საჭირო არ არის და ნაკბენი შეიძლება, მხოლოდ ადგილობრივი ჰიპერემიით, სიწითლით შემოიფარგლოს. თუ არის ლოკალური რეაქცია, რომელიც 5 სმ-ზე მეტი არ არის, ეს ჩვეულებრივი რეაქციაა, რომელიც თანდათან უკუგანვითარებას განიცდის და არაფერი საშიშროება ამაში არ არის, მაგრამ თუ ის 10 სმ-ზე მეტია და ვლინდება სხვა სიმპტომებიც, მაშინ ეს საყურადღებოა, განსაკუთრებით, თუ ეს დამნესტრავი მწერის, ფუტკრის, კრაზანის, ბზიკის ნაკბენია. თუ ლოკალურ რეაქციას მოჰყვება სხვა სიმპტომები, ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ანაფილაქსიის ნიშნები, მაშინ აუცილებელია დროული რეაგირება და სასწრაფო, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.
თუ ადამიანს ერთხელ მაინც აღენიშნა მსგავსი რეაქცია დამნესტრავის ნაკბენზე, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ალერგოლოგს, რათა მოხდეს ამ შხამის მიმართ სენსიტიურობის და ჰიპერმგრძნობელობის აღმოჩენა, რადგან ამის მკურნალობა შესაძლებელია. ჩვენ ამისთვის ალერგენსპეციფიკურ ვაქცინაციას მივმართავთ, რაც ძალიან წარმატებული მეთოდია და ადამიანი უფრო შემწყნარებელი, მეგობრული ხდება მწერის შხამის მიმართ. აღსანიშნავია, რომ პრობლემის დროული დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია. ასევე, ასეთი ადამიანები აუცილებლად ფრთხილად უნდა იყვნენ ბუნებაში გასვლისას და მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ თან პირველადი დახმარების ჩანთა, რომელშიც იქნება ანტიალერგიული საშუალებები და ეპინეფრინის კალმისტარი.
ალერგიებზე საუბრისას, ვიცით, რომ არსებობს როგორც მედიკამენტური მკურნალობა, ისე იმუნიზაცია, ვის ენიშნება სტანდარტული, მედიკამენტური მკურნალობა და ვის ეძლევა სპეციფიკური აცრის ჩატარების რეკომენდაცია? იმუნიზაცია მხოლოდ მცენარეულ ალერგიებზე მოქმედებს თუ კვებით ალერგიებზეც ვრცელდება?
რა თქმა უნდა, სპეციფიკური იმუნოთერაპია ყველას არ სჭირდება, ამის გადაწყვეტილება აუცილებლად ექიმმა უნდა მიიღოს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღეს უკვე შესაძლებელია, ალერგენების მოლეკულურ დონეზე გაშიფვრა, რაც გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ, რომელ ბალახზე, სარეველაზე აქვს ადამიანს ალერგია, ასევე არის თუ არა ჯვარედინი კავშირები, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ალერგია ამბროზიაზე, მას 20-30 %-ში აქვს ჯვარედინი რეაქცია ზოგიერთ ხილსა და ბოსტნეულზე, მაგალითად, საზამთროზე, ბანანზე, კივზე. სპეციფიკური იმუნოთერაპიის დანიშვნა გამოცდილი ექიმ-ალერგოლოგის პრეროგატივაა და ის ამ დროს, ძალიან ბევრ ნიუანსს ითვალისწინებს. მოლეკულური დიაგნოსტიკა გვეხმარება, რომ სწორად ვუმკურნალოთ პაციენტს.
აღსანიშნავია, რომ პაციენტს მწერის ნაკბენთან ერთად, შეიძლება, სხვა პათოლოგიაც გამოუვლინდეს, მაგალითად, მასტოციტოზი და მას მთელი ცხოვრების მანძილზე დასჭირდეს იმუნოთერაპია, ანუ ეს საკითხები აუცილებლად ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.
როგორც უკვე აღვნიშნე, ქალაქიდან გასვლისას, ადამიანი აუცილებლად უნდა დაეკონტაქტოს მკურნალ ექიმს, პედიატრს, ალერგოლოგს, რომ მომზადებული იყოს მგზავრობისთვის. თუ ადამიანს აქვს ასთმა, ალერგიული რინიტი, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამკურნალო საშუალებები, თუ მას აქამდე ჰქონდა ანაფილაქსია, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეპინეფრინი და სხვა ანტიალერგიული მედიკამენტები.
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორიც, ალერგენთან შეხება, მაგალითად, თუ ბავშვს ბალახზე აქვს ალერგია, რა თქმა უნდა, ბალახებში ხანგრძლივად თამაშის შემთხვევაში, სიტუაცია შეიძლება დამძიმდეს.
როდესაც ექიმი გარკვეული მედიკამენტის ხანგრძლივად დანიშვნის გადაწყვეტილებას იღებს, ის პაციენტმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხსნას თავისი ნებით.
მოგზაურობისას გასათვალისწინებელია ჯვარედინი რეაქციებიც, მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ალერგია ოთახის მტვერზე, შესაძლოა, ჰქონდეს ჯვარედინი რეაქცია ზღვის პროდუქტებზე, ამიტომ თუ ზღვისპირა ქალაქში მივემგზავრებით, სადაც ზღვის პროდუქტები ძალიან აქტუალურია, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ზღვის პროდუქტებმა შესაძლოა, სერიოზული ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ. თუ რაიმე კონკრეტულ პროდუქტზე გვაქვს ალერგია, მნიშვნელოვანია, რომ რესტორანში ყოფნისას, მათ წინასწარ მივაწოდოთ ინფორმაცია ამის შესახებ, რომ კვების რაციონში აღნიშნული პროდუქტები არ შეიტანონ. აქ კიდევ მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს კონტამინაცია, ანუ მაგალითად, თუ კონკრეტულ ჭურჭელში მომზადდა თქვენთვის ალერგიული პროდუქტი, მაშინ ის ჭურჭელი არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა პროდუქტის მოსამზადებლად. თუ წესებს დავიცავთ, ალერგიის პრობლემა დაძლევადია.
მინდა ყურადღება გავამახვილო ობის სოკოებზეც, რადგან როდესაც ტენიანობა მატულობს, ასეთი პერიოდი უფრო ხელსაყრელია სოკოვანი ალერგენების, მტვრის ტკიპების გამრავლებისთვის.
არ უნდა დავივიწყოთ ცხოველები და კარშიდა ალერგენები, რადგან მათთან ხანგრძლივი ექსპოზიციის დროსაც, შეიძლება, განვითარდეს ალერგიული რეაქცია.
თუ ჩვენ ვიცით დამნაშავე ალერგენი, მასთან მორეაგირე ჯვარედინი ალერგენი, ეს ყველაფერი წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ.
აზიის ქვეყნებში მოგზაურობისას, გასათვალისწინებელია, რომ იქ ზოგიერთი მწერი საკვებად გამოიყენება. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამ საკვებად გამოყენებადი მწერების მიმართ უდასტურდებათ ალერგიული რეაქცია.
აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება საკვები პროდუქტების ეტიკეტებს და მასში ჩამოთვლილ ინგრედიენტებს, რათა პროდუქტში თქვენთვის ალერგიული ინგრედიენტის არსებობა არ გამოგეპაროთ.
საყურადღებოა ტროპიკული ხილიც, რადგან ჩვენს მიერ ჩამოთვლილ სეზონურ ალერგენებს შეიძლება, რომ ტროპიკულ ხილთანაც ჰქონდეთ ჯვარედინი რეაქცია. საკმაოდ ალერგიულია ანანასი, ბანანი, ლიჩი.
თუ უცხო ქვეყანაში ყოფნისას უცხო კერძს ვეცნობით, უმჯობესია, რომ თავიდან პატარა ულუფა გასინჯოთ, რათა თავიდან აიცილოთ გარკვეული საფრთხეები.
აღსანიშნავია ისიც, რომ აუზის გამოყენებისას, ქლორიანმა წყალმა შესაძლოა, რომ მარტივად გამოიწვიოს კონტაქტური დერმატიტი, შეიძლება, გაძლიერდეს ხველა და ა.შ.
აუცილებლად მიაქციოთ ყურადღება ექიმის რეკომენდაციებს და დამატებითი კითხვების შემთხვევაში და დამატებითი რეკომენდაციების მიღებისთვისაც აუცილებლად მიმართეთ მათ.