LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 დღეში თბილისში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის

107

ახალი, დაბალბიუჯეტიანი აზერბაიჯანული  ავიაკომპანია Buta Airways თბილისის მიმართულებით ფრენას 1 სექტემბრიდან იწყებს. როგორც ”ფორტუნას” თბილისისა და ბათუმის საერთაშირისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია ”ტავ ჯორჯიაში” განუცხადეს, Buta Airways აეროპორტის განრიგში უკვე გამოჩნდა და მისი პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 სექტემბერს, 09:40 წუთზე დაეშვება.

შეგახსენებთ, ამიერიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს “აზერბაიჯანის ავიახაზების” ნაცვლად, ამავე ავიაკომპანიის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველი Buta Airways შეასრულებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თავდაპირველად ავიაკომპანიების ჩანაცვლება 4 სიხშირეზე მოხდება, ხოლო 29 ოქტომბრიდან, ყველა რეისს აღნიშნულ მიმართულებაზე Buta Airways შესრულებს.

Buta Airways ავიაბილეთების რეალიზაცია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 11 ივლისიდან დაიწყო. ამ მიზნით ახალი საიტი www.butaairways.az შეიქმნა, სადაც ბილეთების შეძენაა შესაძლებელი. საიტი სამენოვანია – აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური.

არსებული ინფორმაციით, ფრენის მინიმალური ფასი ერთი მიმართულებით 29 ევროა. ახალი ავიაკომპანია ავიამიმოსლვას შეასრულებს როგორც თბილისის, ისე მოსკოვის, კიევის, ანთალიის, მინვოდის, ყაზანისა და თეირანის მიმართულებით. ზამთრის სეზონიდან კი ფრენები სტამბოლისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებითაც დაემატება.

Buta Airways 2016 წლის დეკემბერში დაარსდა. ავიაკომპანიის ფლოტი Embraer-ის წარმოების თვითმფრინავებითაა დაკომპლექტებული. კომპანია ფრენებს ბაქოდან, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები