LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიკრძალოს სექსუალური შევიწროება – 1000 ხელმოწერა პარლამენტს დღეს წარედგინება

72

“ქალთა მოძრაობა” სექსუალური შევიწროების აკრძალვას ითხოვს. პეტიციას რომელიც ინტერნეტში გავრცელდა 1000 ხელმომწერი უკვე ჰყავს და დღეს მას პარლამენტს წარუდგენენ,-ამის შესახებ ინფორმაციას კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ავრცელებს.

“ჩვენ მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება; ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა.

სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში; უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა”,-აღნიშნულია პეტიციაში.

ქალთა მოძრაობაში განმარტავენ, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სექსუალური შევიწროება არის არასასურველი, სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება.

“სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას”,-აღნიშნავენ “ქალთა მოძრაობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები