LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა უკვე პარიზშიც! Georgian Airways პირდაპირ ფრენებს იწყებს

71

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას გეგმავს. ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება. როგორც ”ფორტუნას” Georgian Airways-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა მჭედლიშვილმა განუცხადა, ფრენები კვირაში 2 სიხშირით შესრულდება.

”ზუსტი თარიღი, თუ რომელ თვეს და რა რიცხვში დავიწყებთ პარიზისკენ ფრენებს ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. თუმცა, ეს მოხდება მიმდინარე წლის ზაფხულში”, – აღნიშნა ბექა მჭედილშვილმა.

მისივე ინფორმაციით, Georgian Airways-მა აღნიშნული მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება, საზოგადოების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო გადაწყვიტა. ”პარიზის მიმართულებით წამსვლელთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და ბუნებრივია, არსებობს დაკვეთა პირდაპირ ფრენაზე. სწორედ ამიტომ, ზაფხულიდან ჩვენი მომხმარებელი შეძლებს, ისარგებლობს ამ შესაძლებლობით”, – დასძინა მჭედლიშვილმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ Georgian Airways-მა ლონდონისა და პრაღის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების დაწყებაზეც განაცხადა. თბილისი-ლონდონი (გეთვიკის აეროპორტი)-თბილისი საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია 15 მაისიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს გეგმავს. ავირეისები თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებაზე კი 22 მაისიდან, ასევე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს შესრულდება.

ამასთან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ განაახლებს ოპერირებას კიევისა და ხარკოვის მიმართულებებით შემდეგი განრიგით:
თბილისი-კიევი (ჟულიანის აეროპორტი)-თბილისი – ავიარეისები განხორციელდება 2 აპრილიდან, ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით;
თბილისი-ხარკოვი-თბილისი – ფრენები შესრულდება 12 აპრილიდან სეზონის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 2017 წლის 21 მარტს მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g