LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმეტაში სეტყვით დაზარალებულმა მოსახლეობამ ყურძნის კრეფა ნაადრევად დაიწყო

128

ახმეტის მუნიციპალიტეტის სეტყვით დაზარალებული მოსახლეობა ყურძენს კრეფს. სოფელ ქისტაურსა და ახაშენში ნაადრევი რთველი დილიდან დაიწყეს. ადგილობრივები გადარჩენილ მოსავალს ჩასაბარებლად ამზადებენ და აცხადებენ, რომ მიღებული თანხა ხარჯებსაც ვერ აუნაზღაურებთ.

“15 ტონა ყურძენს ველოდებოდი და თითქმის არაფერი აღარ დამრჩა. რაც არის ესეც უკვე ლპება, ყურძნის კრეფა დილიდან დავიწყეთ, იქნება ცოტა რამე თანხა მოგვცენ. კილოზე 40-50 თეთრს მოგცემთო, გვითხრეს. მთავრობისგან ფულად დახმარებას ველოდებოდით და უარი მივიღეთ, მხოლოდ ჩაბარებაში დაგეხმარებითო. არც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ისროლეს,“ – განაცხადა დაზარალებულმა თემურ მანველიშვილმა.

დაზარალებული ფერმერებისგან ყურძნის მიღება ახმეტის ღვინის ქარხანამ დღეს, 11:00 საათიდან დაიწყო.  არსებული მონაცემებით, სეტყვამ და ქარმა ახმეტასა და თელავში 500 ჰექტარზე მეტი სასოფლო – სამეურნეო სავარგული დააზიანა. თითქმის მთლიანად განადგურდა ვენახები და ერთწლიანი კულტურები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები