LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამდენი მოგება რა ჩვენი საქმეა: საქართველომ ლუქსემბურგში წაგება გაიხსენა (ვიდეო)

26

საქართველოს ნაკრებმა ბოლო დროინდელი წარმატებული ამხანაგური მატჩების შემდეგ, მარცხის გემო გაიხსენა. არაოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე საქართველო გასვლაზე ლუქსემბურგთან 0:1 დამარცხდა.

უნდა ითქვას, რომ მასპინძლებს სულაც არ ქონიათ უპირატესობა და ამ თამაშის არწაგება თავისუფლად შეიძლებოდა, მაგრამ ისიცაა, რომ არც რაიმე გაუმართლებლობაზე უნდა ვიწუწუნოთ. ის, რომ ვერ მოვიგეთ, ჩვენი ბრალია და არავისი სხვისი.

ერთა თასზე პირველ მატჩამდე (6 სექტემბერი, ყაზახეთი) საქართველო მეტს აღარ ითამაშებს და ვლადიმირ ვაისს გვარიანი ფიქრი და ანალიზი მოუწევს თუ ვინ და როგორ ათამაშოს. ლუქსემბურგთან ნახევარზე მეტი უფრო რეზერვი იყო, ვიდრე ძირითადის ფეხბურთელები. მოკლედ, სამუშაოც გვაქვს და საფიქრალიც.

ჟოზი ბარტელის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში თავიდან უპირატესობას ქართველები ფლობდნენ. კარის აღებას ცდილობდნენ გიორგი ხარაიშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი და ჯაბა ჯიღაური, მაგრამ მასპინძელთა მეკარე საიმედოდ თამაშობდა. 23-ე წუთზე კი ლუქსემბურგელთა მცველის, დანიელ და მოტას საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი კარისკენ წავიდა და საქართველო მეკარე გიორგი მაკარიძემ გადაარჩინა.

მეორე ნახევარში “ჯვაროსნებს” მეტოქის კარის აღების ორი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ოთარ კიტეიშვილის დარტყმას მეკარე გადაეღობა. მასპინძლებმა კი თავისი შანსით ისარგებლეს: მათ სამჯერ მწვავედ შეუტიეს და ბოლოს ბელგიური “ლიერსის” თავდამსხმელმა აურელიენ იოაჰიმმა მიზანს მაინც მიაღწია: 70-ე წუთზე სტუმართა მცველებს დაასწრო და ანგარიში გახსნა 1:0.

საქართველოს ნაკრები წონასწორობის აღდგენას კი ცდილობდა, მაგრამ შეტევებს ვეღარ ამწვავებდა და საბოლოოდ, შეხვედრა ლუქსემბურგმა მოიგო 1:0 და საქართველოს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ვლადიმირ ვაისმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არ ყოფნაში, სხვადასხვაზე პოზიციაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოსცადა.

 

 

ლუქსემბურგი – საქართველო 1:0

გოლები: 1:0 იოაჰიმი (70)

საქართველო: მაკარიძე – ჯიღაური (89. გეგეჩკორი), კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი (79. შერგელაშვილი) – კანკავა, აბურჯანია (55. კიტეიშვილი) – ბერიძე (46. ლობჟანიძე), ხარაიშვილი (55. დვალი), ჭანტურიშვილი – კაჭარავა (63. ზივზივაძე)

სათადარიგოები: კვასხვაძე, ხარაბაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები