LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ვასაძე – უდიდესი მსახიობების შთამომავალი, რომლის წარმატებაც თეატრალური უნივერსიტეტიდან დაიწყო

4789

კრიტიკოსებმა ის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ ქალად აღიარეს. ანკა ვასაძის წარმატება თეატრალური უნივერსიტეტიდან დაიწყო. სადიპლომო ნამუშევარში მაშას როლი (ჩეხოვის „სამი და“) აღმოჩნდა იღბლიანი გზა მარჯანიშვილის თეატრისკენ. იგი ყველასათვის საყვარელი, უდიდესი მსახიობების: აკაკი ვასაძის, მარინა თბილელის, ბაია დვალიშვილის ღირსეული შთამომავალია. ბუნებრივია, რომ მას თეატრალური სამყაროსკენ გაუწია გულმა. დაბრკოლება არ ყოფილა არც ადრეული ქორწინება და მცირეწლოვანი შვილი. დაიბადა და გაიზარდა ბაბუის სახლ-მუზეუმში. შემოქმედებითი გარემო, ხელოვანთა წრე არის ის ატმოსფერო, სადაც ანკა აღიზარდა და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად შეძლო მოეპოვებინა აღიარება.

როგორ ანაწილებს დროს ოჯახსა და შემოქმედებით ცხოვრებაში, როგორი ბავშვობა ქონდა, რა დამოკიდებულება აქვს მაყურებლისა და ცნობადობის მიმართ, ამას მასთან საუბრიდან შევიტყობთ.

თავს ვინახავ კარგი რეჟისორისთვის

 

როდის გადაწყვიტეთ თეატრალურ სფეროში მოღვაწეობა?

ხელოვანების ოჯახიდან ვარ. არც მახსოვს როდიდან მინდოდა მსახიობობა. ვნერვიულობდი, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. გამოცდები კარგად ჩავაბარე, მაგრამ პირველივე კურსიდან გავთხოვდი და ბავშვი გავაჩინე. პირველ კურსზე ვერ დავდიოდი ისე როგორც საჭირო იყო. მეორე კურსიდან კი ჩვეულებრივ განვაგრძე სწავლა. მეორე კურსზე ლორკას „მეწაღის ცოლის ამბავი“ ვითამაშეთ სხვენში, რომელიც ლევან წულაძის სტუდენტმა, ირაკლი ძნელაძემ დადგა. ქორეოგრაფი გია მარღანია იყო, რომელმაც შემდგომ ლევან წულაძეს ჩემი თავი შეახსენა. მარჯანიშვილის თეატრის ახალი სცენაზე ვითამაშე სპექტაკლში „ტარტიუფი“. ჭოლამ შტატში თეატრალურ უნივერსიტეტში სადიპლომო სპექტაკლის ნახვის შემდეგ ამიყვანა. აქედან დაიწყო ჩემი მოღვაწეობა მარჯანიშვილის თეატრში.

ეკრანზე გამოჩენის სურვილი თუ გქონიათ, ან შემოთავაზებები?

სცენარებს მაძლევენ, ვემზადები, მაგრამ ისე ხდება, რომ არ გამოდის. გადაწყვეტილებაც შეუცვლიათ, სხვა დაუმტკიცებიათ როლზე ან საგასტროლო პერიოდს დამთხვევია. კინოშიც და სერიალებშიც რამდენიმე ეპიზოდური როლი მაქვს შესრულებული. ყოფილა შემოთავაზებები ძირითად როლებზეც, რაც ხელს შეუშლის ჩემ მოღვაწეობას თეატრში. რეპეტიციები, საღამოს სპექტაკლი, თან ოჯახი, შვილი. არ მინდა ყურადღება მოვაკლო.

სატელევიზიო ეკრანიდან ცნობადობის დადებითი და უარყოფითი მხარეები?

ზოგი ამბობს, რომ კარგია, მერე უფრო მეტი შემოთავაზებაა ფილმებიდან. თავს ვინახავ კარგი რეჟისორისთვის. სერიალში მონაწილეობის ნაკლები სურვილი მაქვს, პოპულარობა სასურველია, თუმცა რეალურად  ხდება პერსონაჟის გაიგივება და შემდეგ უკვე სცენაზე სხვა როლში აღქმა, უჭირთ ხოლმე.

რამდენად გიყვართ მოგზაურობა, გასტროლები?

ფრენის შიში მაქვს, მიუხედავად ამისა, გასტროლები არის უდიდესი ბედნიერება, სად უნდა წავიდეთ, რომ არ გამიხარდეს. თუნდაც 3 დღით მივდიოდეთ, ძალიან სახალისოა. არ მბეზრდება, ენერგიით სავსე ვარ.
სამჯერ ვიყავით ისრაელში, შემიყვარდა იქაურობა, ხალხიც ძალიან თბილად არის განწყობილი.

 

არ ვეთანხმები ადრე გათხოვებას, მაგრამ ჩემთვის ხელი არ შეუშლია

თქვენ ოჯახსა და შვილზე გვიამბეთ

საკმაოდ ადრე გავთხოვდი, 18 წლის ასაკში. ჩემი შვილი ნიკოლოზი 6 წლისაა, სკოლაში დადის. ვცდილობ თეატრი შევაყვარო, მაგრამ არა იმდენად, რომ მსახიობი გამოვიდეს. ახლა მესმის როგორ ვეცოდებოდი მეც ჩემ მშობლებს. ესწრება სპექტაკლებს. ძილის წინ ვუკითხავ წიგნებს. ვცდილობ საფუძველი მივცე კარგ პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად. საქართველოს ტურშიც იყო ჩემთან ერთად. ათ დღეში მოვიარეთ ზუგდიდი, სვანეთი, ჭიათურა, ქობულეთი, ხულო, ახალციხე. რამდენადაც რთული იყო მცირეწლოვანთან ერთად მოგზაურობა, იმდენად გაგვახალისა გასტროლის განმავლობაში. ჩემს მეუღლეს არანაირი შეხება არ აქვს ხელოვნებასთან. მეგობრული ურთიერთობა აქვს ჩემ თანამშრომლებთან. არც ჩემი პროფესიის წინააღმდეგია.

ეთანხმებით ადრეულ ასაკში ქორწინებას?

ზოგადად ვფიქრობ, რომ არ არის კარგი. ჩემ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ რამეში ხელი შემიშალა. დიდი სითბოა ოჯახი. ჩემი ქმარი 24 წლის იყო, რომ დავქორწინდით. უნდოდა ოჯახი და შვილი, ჩემზე მეტად ფსიქოლოგიური მზაობაც ქონდა. შვილი ბედნიერებაა, განტვირთვაა. თეატრალურში იყო პერიოდი, როდესაც არაფერს ვაკეთებდი. იმ დროს ალბათ გავგიჟდებოდი ოჯახი რომ არ მყოლოდა. სირთულეებიც ყოფილა, უნივერსიტეტიდან არაერთხელ გავქცეულვარ ბავშვისთვის ყურადღების მისაქცევად.

გქონიათ კრიზისული პერიოდები ოჯახში?

კრიზისი ალბათ სულ არის, თუმცა სერიოზული არაფერი. არ დამინგრევია ოჯახი თუნდაც გარკვეული პერიოდით. კონფლიქტური არ ვარ, უფრო ფეთქებადი ვარ და მალევე ვმშვიდდები. გულში არაფერს ვიდებ.

მეუღლე ნახულობს თქვენს სპექტაკლებს, რჩევებს თუ გაძლევთ?

არ არის შემოქმედებითი პერსონა. თუმცა ისეთ რაღაცებს მიმხვდარა, რასაც თეატრის მოყვარულებს ვერ მიუგნიათ. მოაზროვნე, ჩემთვის საინტერესო მაყურებელია. ობიექტურია ჩემ მიმართ. ყოველთვის სიმართლეს მეუბნება.

დღემდე მენატრება ის დრო

როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? 

იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცოტა მაქვს თავისუფალი დრო, ვცდილობ ოჯახთან და შვილთან გავატარო. ხშირად ვერ ვნახულობ მეგობრებს. როდესაც ვიკრიბებით, წითელ ღვინოს მივირთმევ გოგონებთან ერთად.

ისე, რომელ სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას?

მიყვარს უცხო სამზარეულო, განსაკუთრებით აზიური. მომზადებაც მსიამოვნებს, უცხო ინგრედიენტებით. თუმცა ჩემ მეუღლეს დიდად არ უყვარს უცხო სუნელებით მომზადებული საკვები. ტორტები, ნამცხვრები ყველაფერი გამომდის. კულინარია საინტერესოა, თუმცა დიასახლისობა დამღლელია. გამორჩეულად კარგად ვამზადებ ჩემთვის საყვარელ კერძებს.

თქვენი თეატრალური ოჯახის შესახებაც ვისაუბროთ.

აკაკი ვასაძე იყო ჩემი დიდი ბაბუა, მარინა თბილელი დიდი ბებია. ბაია დვალიშვილი ბაბუაჩემის დაა. მამაჩემმაც თეატრალური დაამთავრა, მამიდა თეატრმცოდნე, ხოლო ბიძაჩემი კინორეჟისორია. დიდი გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ მე დავიბადე და გავიზარდე ბაბუაჩემის სახლ-მუზეუმში. ის სახლი არის ჩემთვის დღემდე საყვარელი ადგილი. ვორონცოვზეა და სპექტაკლი თუ მაქვს იმ დღეს, ყოველთვის მივდივარ. იქ ცხოვრობენ ჩემი ბებიები და მამა.

თქვენ ახსენეთ ბაია დვალიშვილი, მასთან ერთად თუ გითამაშიათ  და რამდენად გეხმარებათ თეატრში?

კი, ვითამაშეთ ერთად „ტარტიუფი“, „ბეგალუტი“. საოცარი ადამიანია. ნიჭიერი, განათლებული, ლამაზი, თავმდაბალი. მისაბაძი როგორც მსახიობი და პროფესიონალი, ასევე პიროვნება. მეხმარება პროფესიული და ცხოვრებისეული რჩვებით. როგორც პარტნიორსაც კარგად ვეწყობი სცენაზე.

ბავშვობა, სკოლის პერიოდი…

სკოლა იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, უდარდელი ვიყავი. მაშინ მე და ბებია ვორონცოვზე ვცხოვრობდით. ყოველდღე, სკოლის მერე ჩემთან მივდიოდით, ჩემ ოთახში მთელი კლასი ვერთობოდით. მასწავლებლებთან გამორჩეული მეგობრობა გვაკავშირებდა. დღემდე მიყვარს და მენატრება ის დრო. არ ვკარგავთ ერთმანეთს, ვიკრიბებით. ვიყავი ბიჭური და თან ძალიან პრანჭია. მე-3 კლასში ვიყავი პირველად სამასწავლებლოში რომ მოვხვდი და ბიჭის ცემის გამო მრიცხავდნენ. მერვე კლასში რუსულის მასწავლებელმა მის გაკვეთილზე დასწრება ამიკრძალა.

ჯობია მაყურებელი მოწყდეს მობილურ ტელეფონს და ისიამოვნოს

რაიმე სიახლე თუ არის თქვენს ცხოვრებაში?

რამდენიმე ხნის წინ მქონდა შემოთავაზება პოლონეთიდან, თავიდან მითხრეს 2-წლიანი პროექტიაო. მაგრამ არ გამოდის, ვერ წავალ. აქ თეატრშიც ამერეოდა სიტუაცია და ოჯახიდან გამომდინარეც რთულია. როდესაც ჩვენთან ჩამოვიდნენ პოლონელები, 8-საათიანი რეპეტიციები გვქონდა. საზღვარგარეთ წასვლაში ვერ ვხედავ ბედნიერებას. მიყვარს ჩემი ქალაქი და ქვეყანა. განათლების მისაღებად კარგია წასვლა, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ცოდნა ისევ შენ ქვეყანას მოახმარო. გასტროლზეც ორი კვირის მერე ჩემ ახლობლებთან დაბრუნება მინდა.

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის 2016 წლის ნომინაციაში „საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი“ დასახელდით…

ძალიან სასიხარულია, როდესაც კრიტიკოსები და თეატრმცოდნეები პრიზს გადმოგცემენ, გაფასებენ. ორი წლის წინ თეატრალურმა საზოგადოებამ გადმომცა ჯილდო იგივე ნომინაციაში.

მაყურებელზე რას იტყვით, გაქვთ თუ არა საზოგადოებაში მეტი ცნობადობის სურვილი?

ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ სპექტაკლებზე ხალხი არ დადის, თუმცა მაყურებელი შეცვლილია. ადრე სხვანაირი რეაქცია ქონდათ, სხვაგვარად გამოხატავდნენ სიხარულს და მოწონებას. ახლა თითქოს ერიდებათ. კრიტიკაც უფრო ადვილია, იტყვი, რომ არ მოგეწონა და მორჩა. ახსნა, რატომ მოგეწონა ან არა ეს ბევრად რთულია. ამის კომპლექსი აქვთ. ერთხელ, როდესაც ვატო კახიძის სპექტაკლზე ვიყავი, აღფრთოვანება გამოვხატე, ბრავო დავიძახე და ისე გამომხედეს თითქოს საშინელება დავიყვირე. ვერ დუნდებიან, როდესაც გაიხედავ ჩაბნელებულ პარტერში მობილური ტელეფონი ანათებს, გულდასაწყვეტია. შენ გრძნობ თავს ცუდად, მას კი არ აბრალებ, ფიქრობ, რომ შენ ვერ ჩართე მაყურებელი. ჯობია, მოწყდნენ მობილურ ტელეფონებს და ისიამოვნონ.

 

მარიამ ბაზალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები