დათუნა ლაზარიშვილმა უკვე დაიწყო ბექა გოჩიაშვილთან ერთად მუშაობა. ვიდეოები, სადაც ცნობილი პიანისტი და პატარა მომღერალი რამდენიმე კომპოზიციას გადიან და ერთმანეთს მუსიკალურად ეცნობიან, დათუნას დედამ, კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა. ამ ვიდეოებს უკვე მოჰყვა აღფრთოვანებული კომენტარები, რომელთა შორისაა სტენლი კლარკის პიანისტის, ქამერონ გრეივსის შეფასება: „ეს ბიჭი ძალიან მაგარია!..“ და მაილს დევისი დრამერის, ლენი უაითის მოსაზრებაც: „მკვლელია! დიდი ტალანტია!..“
ბექა გოჩიაშვილი, მოგეხსენებათ, ლეგენდარული მუსიკოსის, მრავალი „გრემის“ მფლობელი სტენლი კლარკის ჯგუფის წევრია და მასთან ერთად მართავს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ბექას იდეით, დათუნა მალე მასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. დათუნასთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები არსებობს, რომელთა შესახებ ჯერჯერობით ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა ეს ყოველივე მომღერლის შემდგომ მუსიკალურ გზასა და განათლებას უკავშირდება.
მას შემდეგ, რაც დათუნა ლაზარიშვილმა „X ფაქტორი“ დატოვა, ბექა გოჩიაშვილმა გამოაქვეყნა სტატუსი, საიდანაც გაირკვა, რომ ის სწორედ დათუნას გულშემატკივრობდა და მას თანამშრომლობა შესთავაზა. პიანისტმა პირობა შეასრულა და თანამშრომლობა უკვე დაწყებულია. „ფორტუნა“ იქნება პირველი, რომელიც ამ პროექტის შესახებ ექსკლუზიურ ამბებს მოგაწვდით.
მანამდე კი მოვისმინოთ და დავტკბეთ ბექასა და დათუნას მიერ შესრულებული გია ყანჩელის კომპოზიციით „ჰერიო, ბიჭებო“, რომელსაც ბექა ხშირად უკრავს კონცერტებზე საკუთარი, შესანიშნავი ინტერპრეტაციით…
ნინო მურღულია