LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორდოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

102

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში მიმდინარე გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო” ფარგლებში, 13-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის, ცნობილი ღვინის მაგისტრის ჯულია ჰარდინგის, ღვინის ექსპერტის ერვე რომას და ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის ანა გოდაბრელიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

დეგუსტაცია-პრეზენტაციის ღონისძიებებს 100-მდე სტუმარი – ღვინის მოყვარული და პროფესიონალი დაესწრო.

ღვინის ცივილიზაციის ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) მიმდინარე წლის ივლისიდან ქართული გამოფენა უამრავ დამთვალიერებელს მასპინძლობს. წარმოდგენილი ექსპოზიცია სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტ ისტორიას გაეცნონ და ამავე დროს, ქართველი და უცხოელი ღვინის მაგისტრების ხელმძღვანელობით, ქართული ღვინის დეგუსტაციებში მიიღონ მონაწილეობა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა განაცხადა, გამოფენის ფარგლებში, არაერთი დეგუსტაცია-პრეზენტაცია ჩატარდა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართულ ღვინოს, ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებას.

მუზეუმის სტუმრებისთვის გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიან უწყვეტ ისტორიაზე და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებზე, მათ შორის ქვევრის ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრეს ღვინის ექსპერტებმა ჯულია ჰარდინგმა და ერვე რომამ.

„საქართველოს წარმოჩენა ბორდოში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბორდო არის მეღვინეობის უდიდესი რეგიონი, სადაც ბევრი და კარგი ღვინო იწარმოება. ამ რეგიონს მეღვინეობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, არა იმაზე დიდი ხნის, ვიდრე საქართველოს. ჩემთვის დიდი პატივია გამოფენის ვიზიტორებს გავუზიარო ქართული ღვინის ხარისხის, მისი ხასიათის შესახებ მოსაზრებები“, – აღნიშნა გამართული პრეზენტაცია-დეგუსტაციის მნიშვნელობის შეფასებისას ჯულია ჰარდინგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები