LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული „ფეარ ჯგუფი“: საქართველო მიმზიდველია ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის

79

საქართველო ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანაა ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის, რომელიც რაიმე განსხვავებულის, მაგრამ უსაფრთხოს ძიებაშია, – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანული კომპანია „ფეარ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა სტეფან ფეარმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მანსონ ჰაუსში გამართულ შეხვედრაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული დაბალი გადასახადები, ბიზნესის წარმოების სიმარტივე და ხალხის სტუმართმოყვარეობა“, – განაცხადა სტეფან ფეარმა.

სტეფან ფეარმა ხაზი გაუსვა საქართველოს პოტენციალს ტურიზმისა და ღვინის ინდუსტრიის კუთხით. ბიზნესმენმა საქართველო მოიხსენია, როგორც ისტორიულად ღვინის წარმოების აკვანი და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქართული ღვინო უფრო ძველია ვიდრე სხვა ყველა ღვინო მსოფლიოში. მან ასევე ისაუბრა საქართველოში სასტუმროების განვითარების კუთხით არსებულ მზარდ პოტენციალზე.

„ჩემს ბიზნესს გააჩნია კვლევითი განყოფილება, რომელიც აანალიზებს და თვალყურს ადევნებს საერთაშორისო ტენდენციებს, რათა აღმოაჩინოს თუ სად იქნება შემდეგი საინვესტიციო კერა. საქართველო განაგრძობდა სიის სათავის დაკავებას, რამაც მე მიბიძგა ქვეყანაში გამგზავრებისა და მისი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ“, – აღნიშნა ფეარ ჯგუფის ხელმძღვანელმა. მან მოუწოდა ინვესტორებს, ესტუმრონ საქართველოს, რომელიც ინვესტიციების განსახორციელებლად საინტერესო ადგილს წარმოადგენს, კარგად მიიწევს წინ და გააჩნია მეტი წინსვლის პოტენციალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები