LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ბედნიერი (უბედური) ოჯახი“ 28 სექტემბერს ქართულ კინოეკრანებზე გამოდის

193

თუკი ოდესმე თქვენი მშობლების, და-ძმების, მეზობლების, ახლო თუ შორეული ნათესავების, მეგობრებისა და ათასი ჯურის ახლობლის გადამეტებული ზრუნვის მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარხართ, ეს ფილმი თქვენზეა. ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ერთ საზოგადოებაზე მოგითხრობთ, სადაც მხოლოდ ორი შრე იფრცქვნება – (ფსიქოლოგიური) მოძალადისა და ძალადობის ობიექტის, ე.წ. მსხვერპლის…

მართალია, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კინო „ამირანში“, ერთ-ერთმა რეჟისორმა, ნანა ექვთიმიშვილმა გვითხრა, რომ პერსონაჟების გასამართლება არ იყო მათი მთავარი მიზანი და უფრო გამართლებისა და მათი ქცევის მოტივების აღმოჩენისკენ ჰქონდათ გეზი აღებული, ისე მოხდა, რომ პრესჩვენებიდან გამოსული ჟურნალისტები, რომლებსაც ფილმი ძალიან „გვექართულა“, მაინც „გავბრაზდით“ პერსონაჟებზე, რომლებიც ეკრანებზე ვიხილეთ და თანაც, ძალიან „გვეახლობლა“ თითოეული მათგანი. საინტერესოა ის, რომ თუკი ერთ ეპიზოდში პერსონაჟი ფსიქოლოგიური მოძალადეა, მეორეში ის თავად იქცევა მსხვერპლად და ეს გარდაუვალია, როცა ასეთი ტიპის საზოგადოებაში ცხოვრობ და არ ცდილობ მისგან გათავისუფლებას. როცა ცხოვრობ „როგორც წესია და რიგის“ მიხედვით, არჩევანის ძალიან მწირი საშუალება გაქვს, ისევე, როგორც „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ პერსონაჟებს…

თანამედროვე თბილისურ ოჯახში, სადაც სამი თაობა ცხოვრობს, ია შუღლიაშვილის პერსონაჟი, მანანა, სხვებისთვის მოულოდნელად, მაგრამ საკუთარი თავისთვის სრულიად მოსალოდნელად, ტოვებს საკუთარ მშობლებს, ქმარსა და შვილებს და საცხოვრებლად ცალკე გადადის. ის განზრახვას აღასრულებს და ბინას გარეუბანში დაიქირავებს. ფილმი სწორედ ასე იწყება, მანანას უკვე მიღებული აქვს ცალკე გადასვლის გადაწყვეტილება და მაყურებელი შემდეგ ეპიზოდებში იგებს, რა გახდა მისი მთავარი მოტივაცია ამ რთული ნაბიჯის გადასადგმელად. არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ ალბათ, სხვაგანაც, ოჯახის მიტოვება არ არის ადვილად გადასაწყვეტი ამბავი.

მანანას გადასვლის შემდეგ ის ერთი „ჯოჯოხეთიდან“ მეორეში გადაინაცვლებს. ახლო ოჯახის წევრებიდან დაწყებული შორეული ნათესავებით დასრულებული, ტკბილი სიტყვით, მკაცრი ტონით, ბრძნული თუ სულელური გამომეტყველებებითა და გამონათქვამებით ცდილობენ მის დაყოლიებას, რომ უკან დაბრუნდეს, მაგრამ მანანას ახალი „ჯოჯოხეთი“ უფრო მოსწონს, რადგან იქ მარტოა, მხოლოდ საკუთარ თავთან და რეალურ დარდებთან დარჩენილი. არავინ მიუთითებს, როდის რა გააკეთოს, როდის ადგეს, დაჯდეს და რა იფიქროს და ახლად შეძენილი თავისუფლებით ისევე ტკბება, როგორც საყვარელი ტორტის ნაჭრით.

პარალელურად, მის ბედნიერ ოჯახში, სადაც რეალურად ერთი ბედნიერი ადამიანიც კი არ ცხოვრობს, მოვლენები ტრაგიკომიკურად ვითარდება, ამ მოვლენების მონაწილე მანანაც არის, მაგრამ მას ნებისმიერ დროს შეუძლია ადგომა და გაქცევა სავანეში, რომელიც გარეუბანში მოიწყო. არავის ესმის, რატომ გადაწყვიტა ერთი შეხედვით კარგი მეუღლის, შვილებისა და მშობლების მიტოვება, ჰგონიათ, რომ სხვა ადამიანი შეუყვარდა და ვერაფრით წარმოიდგენენ, რომ მანანას სულ სხვა მოტივი ამოძრავებს, გააღწიოს მუდმივი ხმამაღალი თუ ჩუმი დიქტატიდან და იპოვოს საკუთარი თავი, რომელიც წლების წინ დაკარგა…

ჩემი ბედნიერი ოჯახი“ არ გახლავთ მარტოოდენ ფემინისტური ფილმი, რადგან ის მხოლოდ ქალებზე არ არის, რომლებსაც საზოგადოება მუდმივად კარნახობს, რა გზით იარონ – ამ საზოგადოებაში ქალსაც, მამაკაცსაც, დიდსაც და პატარასაც, ერთმანეთზე ზრუნვის ვალდებულებით, თავისი ცხოვრება უუფერულდება. საკუთარი არსებობა სხვისი ცხოვრების მოწყობაში ძალდატანებითი მონაწილეობით მართლდება…

სინამდვილეში, ეს ფილმი ქართველებს არაფერ ახალს არ გვეუბნება – ისედაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ურთიერთობების სტერეოტიპი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია ჩამოყალიბებული, გარკვეულწილად, ძალადობაზეა აგებული. არავინ გიკრძალავთ თქვენი ახლობლების სიყვარულსა და მათზე ზრუნვას, თუმცა ზომიერება ამ საქმეში გადამწყვეტია.

პასუხი კითხვაზე, აღმოჩნდება თუ არა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ გარდამტეხი ქართული მენტალიტეტის ცვლილებისკენ მიმავალ გზაზე, რეჟისორებს არა აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ქართველი მაყურებლისთვის ფილმი საინტერესო სანახავი იქნება და არც ცდებიან, მაგრამ არ არის გამორიცხული, ის იყოს ამ გარდატეხის ერთგვარი კატალიზატორიც.

შესაძლოა, იდაოთ ხერხებზე, რომლებიც რეჟისორებმა ამ ამბის მაყურებლამდე მოსატანად გამოიყენეს და იფიქროთ, რომ „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ არის ფილმი რამდენიმე სტერეოტიპული გადაწყვეტით, ასევე შესაძლოა, ისიც იფიქროთ, რომ ამდენი მუსიკალური ნომერი არა სათქმელის უკეთ გადმოსაცემად, არამედ უცხოელი მაყურებლის მოსაზიდადაა ჩართული, მაგრამ ალბათ, ვერ იდავებთ იმაზე, რომ „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ არის ახალი ქართული ფილმი საკუთარი სათქმელით, რომელიც ქართველი მაყურებლისთვის ასე ახლოა, უცხოელისთვის – ძალიან შორი… და მაინც, საინტერესო… და ის ქართულ კინოეკრანებზე 28 სექტემბერს გამოვა, 29-ში კი, კინო „რუსთაველში“ მაყურებელს ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მერაბ ნინიძე შეხვდება, რომელიც სპეციალურად თბილისური პრემიერისთვის ჩამოვა საქართველოში.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g