LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცირა კობიაშვილი: „ჩემი ცხოვრების ერთი დღე ზოგიერთების მთელ ცხოვრებას უდრის…“

334

ცირა კობიაშვილი მალე რუმინეთში გაემგზავრება, სადაც ერთ-ერთი სტუდიიდან შემოთავაზება აქვს თანამშრომლობაზე. ცირას შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეებია, პირადში კი სიმშვიდემ დაისადგურა. „ექს ფაქტორში“ მონაწილეობისას მის მიმართ სოცქსელში ძალიან ბევრი კრიტიკა ისმოდა, ახლა ცირა შედარებით მშვიდად ცხოვრობს და უარყოფით კომენტარებს აღარ განიცდის.

ცირა, ჰოლივუდიდან შემოთავაზება რომ გქონდა, ვიცი, რომ არ გამოვიდა…

არ გამოვიდა იმიტომ, რომ დამიკავშირდა აგენტი, მაგრამ ყველა თანხა მე უნდა გადამეხადა და საკმაოდ დიდ თანხაზე იყო საუბარი, ამიტომ ეს თანამშრომლობა ვერ შედგა. ახლახან კი დამიკავშირდნენ რუმინეთიდან, ერთ-ერთი სტუდიიდან, მფლობელები წარმოშობით თურქები არიან. საქართველოში იყვნენ ჩამოსულები და ეძებდნენ ნიჭიერ არტისტებს. ერთი სიმღერა გამომიგზავნეს, იანვრის ბოლოს უნდა ჩავიდე რუმინეთში და ჩავწერო სიმღერა. შემდეგ იქნება კლიპის გადაღებები, კონცერტების გამართვაზეცაა საუბარი. ნაწილობრივ იქ ვიქნები ხოლმე, ნაწილობრივ – საქართველოში.

საქართველოში კი ვმონაწილეობ ბაკურ ბაკურაძის შოუში, რომელიც „ბაბილო მიუზიკ ჰოლში“ მიმდინარეობს. კაბარეს სტილისაა, სხვადასხვა სიმღერას ვასრულებთ მე, თამუნა მიქელაძე, გიორგი ნადიბაიძე და ნინო ძოწენიძე. მოცეკვავეებიც მონაწილეობენ, ვასრულებთ უცხოური სიმღერების ქავერებს. მუსიკალური სპექტაკლივითაა დადგმული, კოსტიუმებიც გვაქვს.

მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობისას საკმაოდ მძიმე პერიოდი გქონდა…

ახლა მშვიდად ვარ. სოციალურ ქსელში შემოტევები აღარ არის, პირიქით, დადებითი კომენტარები იწერება. რადგან კონკურსი მიმდინარეობდა და ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა, ისინი ვარდებოდნენ და მე ვრჩებოდი, ეს არ მოსწონდათ ალბათ. თავიდან კომენტარებზე ძალიან ვნერვიულობდი, ახლა ვისწავლე ჩემი ემოციების მართვა. ერთი-ორ მწარე კომენტარს, რომელიც ინტერნეტში ჩნდება, ყურადღებას აღარ ვაქცევ.

ვაღიარებ, რომ ვისაც პირადად რაიმე მოუწერია, მწარედ, მეც ძალიან მწარედ მიპასუხია ყველასთვის. ვეღარ ბედავენ ჩემთვის რაიმეს მოწერას. ამას წინათაც მომწერეს უწმაწური რაღაცები გაურკვეველი და ახალშექმნილი „ფეისბუქის“ გვერდებიდან, მე რომ ვპასუხობ, მერე მეუბნებიან, ამას გამოვაქვეყნებთ და ყველა ნახავსო, მაგრამ ამისი არ მეშინია. არ მერიდება აგრესიული პასუხის გაცემა. ესეც, ალბათ, ბავშვურობის მანიშნებელია. შესაძლოა, ერთი წლის მერე ამათაც აღარ გავცე პასუხი.

რამდენი წლის ხარ?

20 წლის… მაგრამ ისეთი რაღაცები გამოვიარე, 20 წლის ნამდვილად არ ვარ. ჩემი ცხოვრების ერთი დღე ზოგიერთების მთელ ცხოვრებას უდრის. ჩემი ასაკის ადამიანებს რომ ვუყურებ, რადიკალურად განსხვავებული ხასიათი და ქცევები მაქვს. ბევრი რამ ვნახე და გადავიტანე. ზოგი ისე კვდება, ამდენი რამ არ აქვს განცდილი.

ვატყობ, რომ ხასიათიც შემეცვალა. უფრო დაკვირვებული გავხდი და ადამიანებს მარტივად არ ვენდობი. 40 წლის ქალები რომ არიან, დავდინჯდი. არსად დავდივარ გასართობად, წყნარად ვცხოვრობ, რაც 20 წლის გოგონას ცხოვრებას არ შეესაბამება.

მსმენია ჭორები შენ შესახებ, აქტიურად დადის კლუბებში და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავსო…

კლუბში ერთადერთხელ ვარ ნამყოფი, წლების წინ. ახლა ხომ საერთოდ არსად დავდივარ. შესაძლოა, ვიღაცაში შევეშალე. თაყვანისცემლები კი საერთოდ არ მყავს. არ ჩანან და გულის სიღრმეში თუ ვინმეს მოვწონვარ, არ ვიცი. ვინმემ რომ დამირეკოს, ასეთი რამ არ ხდება. ყველაფერი ჭორია, რაც გაგიგიათ.

ახალი სიყვარულისთვის მზად ხარ?

ჯერჯერობით არა და არც არავინაა ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, თვითონ გამოჩნდება ისეთი ადამიანი და მაშინ, როცა ამისთვის მზად ვიქნები. ისე, საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს. მაგალითად, ძალიან ეჭვიანი ვარ. მწყინს ისეთი რაღაცები, რაც წესით, ადამიანს არ უნდა სწყინდეს. ჩემს შეყვარებულს სახლში ცხოველი რომ ჰყავდეს და მას უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს, ამაზეც კი ვიეჭვიანებ. როცა მყავდა შეყვარებული, საოცრად ეჭვიანი ვიყავი. ზოგჯერ ეცინებოდა ხოლმე და არც იღებდა ამ ეჭვიანობას ჩემგან… ვარ საკმაოდ აფექტური და ემოციური. უნდა შემეწყოს მეორე ნახევარი და მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ. ზოდიაქოთი ლომი ვარ… მიყვარს ყურადღება. ვცდილობ, გამოვასწორო ეს თვისებები, მაგრამ არ გამომდის. ვინც მიყვარს, მისგან მაქსიმუმს ვითხოვ. ადამიანს ძალიან უნდა შევუყვარდე, რომ ერთმანეთს შევეწყოთ.

კარგ თვისებებს შორის რას გამოარჩევ?

ვარ ძალიან ერთგული და არ ვარ ბოროტი. ჩემს თავზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ამ ორ თვისებას გამოვარჩევ. ვინც მიცნობს, იცის, როგორი ადამიანი ვარ. წაიკითხონ ლომის ჰოროსკოპი და მოხვდებიან, ზუსტად რა თვისებები მაქვს. თუ ადამიანი შევიყვარე, მიჭირს მისი გადაყვარება.

ახლობელი ადამიანებისგან შური გიგრძნია?

მიგრძნია, მაგრამ ასე ადვილად არ გამოხატავდნენ. რაღაცები მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რის შემდეგაც ყველა ასეთი „არასწორი“ ადამიანი დავკარგე.

„ვარსკვლავური დაავადება“ თუ გქონია კონკურსის დროს, როცა დიდი ყურადღების ცენტრში ვიყავი?

ყურადღებას რაც შეეხება, ახლაც ვარ ყურადღების ცენტრში. ქუჩაში ან სადმე სხვაგან ყოველთვის ვნახულობ ისეთ ადამიანებს, ვისაც ჩემთან სურათის გადაღება უნდა. ჩრდილში თავს ნამდვილად არ ვგრძნობ. ზოგჯერ მომბეზრებია ეს ყურადღება და მინატრია, ნეტავ, არავინ მცნობდეს-მეთქი. თავისუფლად ქუჩაში ვერასდროს გამოვდივარ და სულ არის ჩურჩული, ეს ხომ ის არისო.

არ ვარ მატყუარა და ვაღიარებ, რომ მქონია „ვარსკვლავური დაავადება“. მგონია, რომ ეს შეიძლება, კარგიც იყოს, გაკრვეული პერიოდით, რადგან თავის დაფასებას სწავლობ. ბავშვობაში არასდროს ვიცოდი საკუთარი თავის ფასი. საჭიროა, რომ მიხვდე, ვინ ხარ და არავინ არ დაგჩაგროს. ზედმეტი არაფერი ვარგა, მაგრამ ახლა საკუთარ თავს უფრო ვაფასებ.

შენს გარეგნობაზე დიდი აქცენტის კეთებას თუ გაუღიზიანებიხარ?

არ ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი ვარ. ბავშვობაში თავს მახინჯად მივიჩნევდი. უბრალოდ, ზოგჯერ ერთმანეთს უმტკიცებენ, ცირა ლამაზია თუ არა, რაიმე ფოტო რომ დაიდებოდა, ამას არჩევდნენ ხოლმე. ვაღიარებ, რომ მომღერალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარეგნობა და ამაში გამიმართა. ჩემს გაფეტიშებას ამ მხრივ არ მივესალმები, მაგრამ დღეს აღარ მივიჩნევ, რომ მახინჯი ვარ…

დღეს როგორი ეტაპია შენს ცხოვრებაში?

ჩვეულებრივი. კარიერული ზრდა უფრო მაინტერესებს, კონკურსის შემდეგ დიდი არაფერი შეცვლილა. მარტო საქმით ვარ დაკავებული.

შენს ცხოვრებაში ვინმე რომ გამოჩნდეს, ილაპარაკებ ამ თემაზე გახსნილად?

წესით, ვილაპარაკებ, მაგრამ შესაძლოა, „შეჭამონ“. მგონია, ყველაფერი თავიდან დაიწყება და ამას ცუდი რეაქცია მოჰყვება. თუმცა, არა მგონია, ეს ახლა მოხდეს, მოხდება ერთი ან ორი წლის მერე და შეიძლება, ყველას დავიწყებული ჰქონდეს უკვე ჩემი ამბავი…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g