LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“CT Park ჯარიმებს ახალი მეთოდით არიგებს”

101

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ CT Park ჯარიმებს ახალი მეთოდით არიგებს.

როგორც ფეისბუქზე თამარა სიბოშვილი წერს, CT Park დაჯარიმებულებს ტელეფონზე ურეკავს, თითქოს მათ სახელზე ამანათია.

“ჩემო ავტომანქანების მფლობელო მეგობრებო, თუ დაგვირეკეს vipost-დან ტექსტით “თქვენს სახელზე შეტყობინებაა / ამანათია / გზავნილია და მობრძანდით”, არ გაბრიყვდეთ და არ მიხვიდეთ: CT Park-ის ჯარიმების დარიგების ახალი მეთოდია”, – წერს თამარა სიბოშვილი.

“ფორტუნას” CT Park-ში აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ vipost საფოსტო კომპანიაა, რომელთანაც CT Park თანამშრომლობს.

როგორც CT Park-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლევან ტაბიძემ განაცხადა, კურიერი ნებისმიერ გზავნილს ამანათად მოიხსენიებს და შესაბამისად, მას არ აქვს ვალდებულება/უფლებამოსილება, მოქალაქეს მიაწოდოს ინფორმაცია გზავნილის შიგთავსის შესახებ.

ლევან ტაბიძემ განმარტა ისიც, როდის ითვლება გზავნილი ჩაბარებულად:

“რაც შეეხება დარეკვა-ჩაბარების წესს, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ავტომფლობელს ან მისი ოჯახის წევრს ჯარიმის არსებობის შესახებ და უნდა მოხდეს ჩაბარება-დადასტურება. მოკლე ტექსტური შეტყობინება ან სატელეფონო ზარი ვერ ჩაითვლება ჩაბარებად, ეს შეიძლება ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმაცია მისი ჯარიმის არსებობის შესახებ”, – განაცხადა ლევან ტაბიძემ “ფორტუნასთან”.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ პირი, კურიერთან ან CT Park-ის წარმომადგენელთან უშუალო კონტაქტის დროს, უარს განაცხადებს გზავნილის მიღებაზე, ჯარიმა ჩაბარებულად ჩაითვლება.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები