LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო და დაშა გომართელები – მამა-შვილის იდილია

502

დათო გომართელი გადაღებაზე Innova cafe-ში თავის ქალიშვილთან, დაშასთან ერთად გვესტუმრა. დაშა ძალიან ცნობისმოყვარე და კონტაქტური გოგონა აღმოჩნდა, კარგად დაათვალიერა კაფის ყველა ადგილი, ეზოშიც გაიხედა, ციყვის დანახვაზე კი გახარებულმა გვაუწყა, რომ სურს, „ცხოველების ექიმი“ გამოვიდეს…

ფოტოსესიის შემდეგ დათოს მამა-შვილობის შესახებ დავუსვით შეკითხვები…

დათო გომართელი:

რა დროს ატარებთ ბავშვთან და როგორი მამა ხართ?

დღის პერიოდში სკოლაშია სამ საათამდე, მერე კი ყველანაირად ვცდილობ, დრო ერთად გავატაროთ. ვეხმარები მეცადინეობაში, ვსწავლობთ ქართულს. ხშირად ვთამაშობთ, უყვარს ჭადრაკი.

DSC_2048ასე გვითხრა, რომ ვეტერინარობა სურს…

ორი კუ ჰყავს. როგორც ყველა ბავშვს, ძაღლი უნდა, მაგრამ არ გვყავს. „აიპადში“ სულ ისეთ თამაშებს ანიჭებს უპირატესობას, სადაც ცხოველებს უვლის. ჯერჯერობით ვეტერინარიისკენ მიისწრაფის, მაგრამ ვნახოთ (იღიმის). ძალიან უყვარს გადაღებები და აქვს მიდრეკილება მსახიობობისკენ.

თქვენს სიმღერებს უსმენს? ნამყოფია თქვენს კონცერტებზე?

ახლახან მუზეუმში მქონდა კონცერტი და იქ იყო. საერთოდ, ხმაურიანი ადგილები არ უყვარს.

ათამამებთ თუ მკაცრი ხართ? აღზრდის როგორი პრინციპები გაქვთ?

კონკრეტულ პრინციპებს ვერ გეტყვით, მაგრამ მეც და დედამისიც ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება, კარგად აღვზარდოთ. მგონი, გამოგვდის. ყოველ შემთხვევაში, ყველა კმაყოფილია სახლშიც, სკოლაშიც, სამეგობროშიც. ვინც იცნობს, ყველას მოსწონს მისი აღზრდა და თვისებები.

რითი გგავთ თქვენ და რითი, თქვენს მეუღლეს?

ამბობენ, რომ გარეგნულად მე მგავს, მაგრამ მე რატომღაც ვერ ვამსგავსებ. ცისფერი თვალები აქვს, ქერაა და თეთრი… ალბათ, იერით მგავს. დედას უფრო ვამსგავსებ გარეგნულად, სლავური ტიპის ბავშვია. მუსიკისა და რითმის შეგრძნება აქვს, ცეკვავს, სმენა აქვს, სკოლის სპექტაკლებში თამაშობს და მღერის, ბაღშიც ჰქონდა როლები. სკოლის სპექტაკლში გერდას როლი შეხვდა. ასე რომ, პატარა სამსახიობო გამოცდილება უკვე მიიღო და ეს ძალიან მოსწონს.

DSC_2070კომპიუტერთან ხშირად აქვს შეხება?

უყვარს, მაგრამ ვცდილობთ, დიდხანს არ გაატაროს კომპიუტერთან დრო.

სკოლის კრებაზე თუ ყოფილხართ?

კრებაზე არა, მაგრამ სპექტაკლს დავესწარი. კრებებზე დედა დადის…

დაშა რომ დაიბადა, მის მოვლაში ჩართული იყავით?

თავიდანვე ჩართული გახლდით. მეშინოდა, მაგრამ მერე ექიმმა მითხრა, ნუ გეშინია, თავისუფლად აიყვანე, ბავშვს არაფერი მოუვაო. ხშირად ამყავდა ხელში…

აქვს თქვენთან ურთიერთობის დეფიციტი?

ძალიან… სულ უკან დამყვება, კუდში, როცა სახლში ვარ. კითხულობს, სახლში დარჩები? მიდიხარ? მალე მოხვალ? დაშა ისეთია, როგორიც ყველა ბავშვი. უნდა, რომ მშობლებთან მეტი დრო გაატაროს, ითამაშოს.

ვიცი, რომ დაშა თქვენთვის ნანატრი შვილი იყო და რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მისი დაბადების შემდეგ?

აბსოლუტურად ყველაფერი. ცხოვრება სხვა ფერებში დავინახე. ეს ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარულია. ალბათ, ადამიანისთვის, როგორც მამაკაცისთვის, ისე ქალისთვის, მთავარია შვილები. მათი აღზრდა და მათთან ურთიერთობა კიდევ ერთი დიდი ცხოვრებაა. ამ ცხოვრების მოკლება, ალბათ, საცოდაობაა. რასაკვირველია, ეს არის მუხტი იმისთვის, რომ უფრო მეტი აკეთო. ზრუნავ სხვა ადამიანზე, შენს შთამომავალზე, მიდიხარ სხვა გზით, წინდახედულობითა და ფსიქიკით…

DSC_2097მისი მომავალი როგორი წარმოგიდგენიათ?

მინდა, რომ კარგი მომავალი ჰქონდეს. არ ვიცი, როგორი იქნება. მინდა,  იყოს ბედნიერი, მხიარული და ლაღი, ჰქონდეს საინტერესო ცხოვრება.

რომ გაიზრდება და თაყვანისმცემლები გამოუჩნდება, ამას როგორ მიიღებთ?

დღეს ვფიქრობდი სხვათა შორის ამაზე (იღიმის). ცოტა რთული თემაა მამისთვის. ვცდილობ, რაც შეიძლება დემოკრატიული და ლიბერალური მშობელი ვიყო. ვნახოთ, როგორ გამომივა. ზოგადად, არ ვარ მკაცრი ადამიანი. დაშაც სხვანაირი გოგოა… მშვიდი.

მისთვის სიმღერა თუ მიგიძღვნიათ?

როცა დაიბადა, საავადმყოფოს პერსონალს მივუძღვენი. შემდეგ მამაჩემმა ლექსი დაუწერა, ჩემმა მეგობარმა წახნაგამ ასევე დაუწერა სიმღერა, მაგრამ რატომღაც ვერ ჩავწერე. მინდოდა, ეკა მამალაძესა და ნანი ბრეგვაძეს ჩაეწერათ, შევიპირე, მაგრამ ეს გეგმა ვერ განვახორციელე. ეს ჩემს გეგმებში კვლავ არის.

სიახლე თუ გაქვთ შემოქმედებაში, რადგან გეგმები ახსენეთ?

მალე ალბომს გამოვცემ, ორდისკიანს, შეფუთვაც ორიგინალურია, შინაარსიც, ერთ დისკში ქართული სიმღერები შევკრიბე, მეორეში – უცხოური. ფილარმონიაში მინდოდა დიდი კონცერტის გაკეთება, უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, არ მინდა ტრივიალური კონცერტი, ამიტომაც გადავიტანე. ახლაც არ ვიცი, ზუსტი თარიღი. კონცერტს განწყობაც უნდა შესაბამისი… მეც ჩემი ოფოფები მაქვს. რადგან არ გამოდის, ალბათ, ასეა საჭირო… ალბომი კი ზაფხულისთვის იქნება მზად.

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: კაფე „ინოვა

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები