LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი თეთრუაშვილის მოკვლას ცდილობდა, მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

52

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა და მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის, ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, გამოძება დასრულებულია. გამოძიების ფარგლებში კი დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერები, რომელშიც მამა გიორგი მამალაძე ფიგურირებს,  არ შეიცავს მონტაჟის ნიშნებს, ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება კი არის სწრაფი მოქმედების ძლიერი შხამი – ნატრიუმის ციანიდი, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად.

ბრალდებულის ბინიდან ამოღებული პისტოლეტი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ უნომრო ცეცხლსასროლ იარაღს,  რომელიც ვარგისია გამოსაყენებლად.

მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივითგანზრახ მკვლელობის მომზადებასთან, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება სსკის 18, 109- მუხლის მე-3 ნაწილისქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით,“- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

მამალაძისა და თეთრუაშვილის დაპირისპირება

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსს გიორგი მამალაძეს მუშაობისას უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან. 2016 წლის 4 იანვარს გიორგი მამალაძე გათავისუფლებული იქნა საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, რაც მან შორენა თეთრუაშვილის დაუკავშირა.

მამალაძე იმავე სამსახურის უფროსის მოადგილის და შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორის თანამდებობებზე დაინიშნა, თუმცა კარიერულ წინსვლად განიხილავდა საპატრიარქოში  მაღალი თანამდებობის დაკავებას, დამაბრკოლებლად კი თეთრუაშვილს მიიჩნევდა.

პროკურატურის მტკიცებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა, ხელსაყრელ პერიოდად კი პატრიარქის გერმანიაში გამგზავრება შეარჩია, ილია მეორესთან ერთად ბერლინში იმყოფებოდა მისი მდივან-რეფერენტიც.

„უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა, ამავდროულად მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად“ – აღნიშნულია განცხადებაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, დეკანოზმა უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“-ს შემცველი ფხვნილი. გერმანიაში გამგზავრების წინ სამართალდამცველებმა ის აეროპორტში დააკავეს.

„ამდენად როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით,“ – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

წინასასამართლოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 5 მაისს გაიმართება.