LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილთა დასახლებაში მარწყვის მოყვანა დაიწყეს

749

წეროვანში მარწყვის სათბური გაიხსნა. დევნილთა დასახლებაში არსებული სათბური 150 მ2-ია და აქ მარწყვი ტერასებზე მოჰყავთ.

როგორც ”ფორტუნას” სათბურის მფლობელმა და ინდივიდუალურმა მეწარმემ ნიკა ბერუაშვილმა განუცხადა, მარწყვის წარმოება ახლახანს დაიწყო და ჯერ პირველი მოსავალი არ მიუღია. რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, მის განხორციელებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს.

”აპრილის ბოლოს უკვე ველოდები პირველ მოსავალს. მომყავს სან-ანდერსენის ჯიშის მარწყვი. ვაპირებ ჩემი პროდუქცია მარკეტებსა და ტორტის სახლებში ჩავაბარო. თუ მოსავალი დიდი იქნება, მაშინ ბაზარზე გატანაც ღირს. რაც შეეხება მარწყვის ჩასაბარებელ ფასს, ამ ეტაპზე ის 5 ლარი იქნება”, – აღნიშნა ბერუაშვილმა. მისივე თქმით,  სამომავლოდ გაფართოებასაც გეგმავს.

”ეს ახალი ჯიში რომელიც დავრგე, გარდა ყვავილობის ორი თვისა, მთელი წლის განმავლობაში იძლევა მოსავალს. შესაბამისად,  ვფიქრობ გაფართოებას, მინდა ღია გრუნტზეც დავიწყო მარწყვის მოყვანა და მარწყვის ნერგებიც გავყიდო. ჩემს სასათბურე მეურნეობაში ამ ეტაპზე ჩართულია 4 ადამიანი”, – აღნიშნა  ინდივიდუალურმა მეწარმემ.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მეწარმემ სათბურის მოსაწყობად თანხა დაფინანსებით მოიპოვა.  „ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის შვილობილი კომპანიის „ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო“-ს პროექტია, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული. ნიკა ბერუაშვილმა აღნიშნული პროექტით 10 877 ლარის დაფინანსება მოიპოვა და მარწყვის სათბური მოაწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები