LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი საღამოთი თბილისის მოდის კვირეული დაიხურა (ფოტო/ვიდეო)

323

თბილისის მოდის კვირეული 30 ოქტომბერს ლეღვთახევში ულამაზესი ცოცხალი ექსპოზიციით დაიხურა. უკვე მესამე სეზონია, მოდის კვირეულის ორგანიზატორები ერთ-ერთ დღეს ცნობილ ქართველ ქალბატონებს უთმობენ, რომლებიც თავიანთ დროში განსაკუთრებულ სტილს ქმნიდნენ. ბასა ფოცხიშვილის მიერ დადგმული საინტერესო პერფორმანსი ცნობილ მხატვარს, ელენე ახვლედიანს მიეძღვნა, მის მამაკაცურ სტილს და პარიზში მოღვაწეობის რამდენიმეწლიან პერიოდს.

ლეღვთახევში მოდელებმა ელენე ახვლედიანის იმიჯი გაიმეორეს, რამდენიმე ადგილას სხვადასხვა ნახატითა და ჩარჩოებით, ასევე ყვავილებით გაფორმებულ ლოკაციაზე მოდელებს ელენე ახვლედიანის ეპოქის მცირე ხნით აღდგენას შეეცადნენ, რაც, შეიძლება თამამად ითქვას, გამოუვიდათ კიდეც. მუსიკალურად ღონისძიებას ჯგუფი „ნიუტონი“ აფორმებდა, მათი ჰანგების ქვეშ მსახიობი ნინუცა მაყაშვილი ელენე ახვლედიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ მოგვითხრობდა… მოგვიანებით სცენა დაიკავეს თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორმა, თაკო ჩხეიძემ და თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ია მაქაცარიამ, რომლებმაც კვირეულის ოთხდღიანი პროგრამა შეაფასეს.

თაკო ჩხეიძე:

მესამე სეზონია, რაც ლეგენდარული ქალების საღამოს ვაკეთებთ. სულ ვეძებთ სიახლეებს. გასაგებია, რომ მოდის კვირეულის მთავარი მიმართულება დიზაინერების ჩვენებებია, ჩამოდიან უცხოელი ჟურნალისტები, ბაიერები, აკვირდებიან, წერენ, ყიდულობენ კოლექციებს. კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნებისთვის, ორი სეზონის წინ გადავწყვიტეთ, ერთი საღამო ნინო რამიშვილის სტილისთვის მიგვეძღვნა. ვიცოდი, რომ მას კრისტიან დიორი უკერავდა, ჰქონდა ივ სენ ლორანის შლაპები. არც დაგვიგეგმავს, სპონტანურად მოვიფიქრეთ, საღამოს ვეწვიეთ ნინო სუხიშვილს, რომელმაც გახსნა გარდერობი და გამოიტანა ულამაზესი სამოსი და აქსესუარები. მაშინ მისი ნივთები თბილისის საკრებულოში სუხიშვილების გოგონებმა მოირგეს. უცხოელებს გვინდა, უფრო ახლოს გავაცნოთ ქართული კულტურა და ესეც არის კარგი საშუალება იმ ტურების გარდა, სადაც მათ გიდი დაჰყვებათ. თბილისის მოდური ცხოვრება მოდის კვირეულით არ დაწყებულა… შემდეგი საღამო სოფიკო ჭიაურელს მიეძღვნა, ახლა კი ბასამ, ღონისძიების რეჟისორმა, ელენე ახვლედიანი შეარჩია. სამწუხაროდ, დიდი ხანია, დიდი ქართველი მხატვრის შესახებ არაფერი გაკეთებულა… ამ სეზონზე გადავწყვიტეთ, ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დაგვეხურა მოდის კვირეული. ძალიან შეგვიწყო ხელი ლოკაციამ…

მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა „სოლოსთან“ ნაყოფიერად შედგა. „სტილის კერპი“, პროექტი, „სოლომ“ აიღო. საბედნიეროდ, უამრავი ლამაზი და გავლენიანი ქალბატონი გვყავდა, კარგი იქნება, თუკი მათ ხშირად გავიხსენებთ.

აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რადგან მათ გარეშე მარტო, ვერაფერს მოვახერხებდი (იღიმის).

ბასა ფოცხიშვილი:

მიხარია, რომ თბილისის მოდის კვირეულმა დაამკვიდრა არაჩვეულებრივი ტრადიცია, ერთ-ერთი საღამო მიეძღვნას დიდ ქართველ ქალბატონებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართულ და მსოფლიო კულტურაში, ასევე გამოირჩეოდნენ თავიანთი სტილით. ამ სეზონზე ღონისძიება მივუძღვენით დიდ ქართველ მხატვარს, ელენე ახვლედიანს. მე განსაკუთრებით მომწონს მისი მასკულანური სტილი, რომელიც ქართულ რეალობაში დაამკვიდრა, ის, იმავდროულად, საოცრად ქალური და მომხიბვლელია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ რაღაც გავაკეთე დიდი ელენე ახვლედიანისთვის და გავაცოცხლე მისი სახება, რომელსაც დღეს იმიჯსა და ლუქს ვეძახით (იღიმის).

მარიკა დარჩია:

მივიჩნევ, რომ ჩვენი მოდის მუზა უნდა იყოს ქართული ხელოვნებიდან და გვაქვს ამის საფუძველი. რამდენი გვყავს ასეთი… ახლა ხომ არის გამოფენილი ელენე ახვლედიანის ერთ-ერთი პერიოდი, მის სხვა პერიოდებზეც შეიძლება მომავალში აქცენტის გაკეთება. ეს არის ყველაზე საინტერესო, რაც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მოდის სამყაროს.

ფოტო; დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები