LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმებისთვის საქართველო 74 მილიონს მიიღებს

69

ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად, საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) ასევე, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის შეთანხმება გაფორმდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური რესურსის ჯამური თანხა 74 მილიონი ევროა (KfW-49 მლნ ევრო და AFD-25 მლნ ევრო) და გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების, მათ შორის, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით.

სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური რესურსის გამოყოფა ხდება 2018 წლის 14 მაისს საქართველოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის ხელმოწერილი განზრახულობათა დეკლარაციის „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან“ ფარგლებში.

„აღნიშნული დეკლარაცია გულისხმობს, რომ რეკონსტრუქციის განვითარების საკრედიტო ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმებს და ითანამშრომლონ საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში 4 წლიანი (2018-2021) პროგრამის ფარგლებში. ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად, ასევე, დაგეგმილია ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმიდან (NIP) 8.5 მილიონი ევროს გამოყოფა გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება პროგრამის ტექნიკური დახმარებისთვის“, – აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები