LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანური კომპანია საქართველოში თევზის წარმოებას გეგმავს

297

თევზის მწარმოებელი, ცნობილი ესპანური კომპანია Dibaq-ი საქართველოში ინვესტირებით ინტერესდება. ამის შესახებ ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს.

ფონდის დელეგაცია სპანეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრები ესპანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებსა და პოტენციური პარტნიორი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

საქმიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა თევზის მწარმოებელ, ცნობილ ესპანურ კომპანია Dibaq-ის მენეჯმენტთან. საპარტნიორო ფონდის დელეგაციის წევრებმა თევზის მოშენებისა და წარმოების კომპლექსი, ლაბორატორია და თევზის საკვების საწარმო დაათვალიერეს.

”Dibaq-ი საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული და საპარტნიორო ფონდთან ერთად, შავი ზღვის სანაპიროზე თევზის წარმოების განვითარებისა და საწარმოო კომპლექსის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. მხარეებმა ასევე, საქართველოში წარმოებული თევზის იაპონიასა და ევროპაში ექსპორტის პერსპექტივაზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბარია ყვითელკუდას (Amberjack) თევზის სახეობასთან დაკავშირებით, რომელზეც დიდია მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე”, – განმარტავენ საპარტნიორო ფონდში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს თევზის წარმოებაში მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, შეხვედრა გაიმართა ესპანეთის ბიზნეს კომპანიების ასოციაციის მენეჯმენტთან. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისთვის ესპანური ექსპორტ-იმპორტის სააგენტოს CESCE-ს ჩართულობის საკითხები განიხილეს.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციის საქმიანი ვიზიტი ესპანეთში გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები