LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმები, რომლებზეც ცნობილმა დიზაინერებმა იმუშავეს

* „მეხუთე ელემენტი“ – ჟან-პოლ გოტიემ არა მხოლოდ 954 კოსტუმი შექმნა ფილმისთვის, არამედ გადაღებებსაც მუდმივად ესწრებოდა და აკონტროლობდა, რათა ყველაფერი მკაცრად გაწერილი გეგმით განხორციელებულიყო. დიზაინერისთვის არაა უცხო საკუთარი თავის ციტირება, ამიტომ თვითმყოფადობის მიუხედავად, „მეხუთე ელემენტის“ კოსტუმებიც, ხშირად იმეორებენ Jean Paul Gaultier-ეს სხვადასხვა პერიოდის კოლექციების დეტალებს. გოტიეს კინოში მუშაობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს, დიზაინერი აქტიურად თანამშრომლობდა პიტერ გრინუეისთან, ჟან-პიერ ჟენესთან და პედრო ალმოდოვართანაც ფილმებზე „მზარეული, მისი ცოლი და მისი საყვარელი“, „დაკარგული ბავშვების ქალაქი“, „კიკა“ და „კანი, რომელშიც მე ვცხოვრობ“.

* „დღის ლამაზმანი“ – ცხოვრებით უკმაყოფილო დიასახლისი, რომელმაც მეძავობა გადაწყვიტა, ლუის ბუნუელისა და ივ სენ-ლორანის ერთობლივი ქმნილებაა, კატრინ დენევის გარდერობი სევერინ სერიზის როლისთვის კი, ისტორიაში 1960-იანი წლების მოდის ეტალონად შევიდა. ფილმზე მუშაობის შემდეგ დენევისა და სენ-ლორანის მეგობრობა გაგრძელდა და დიზაინარი წლების მანძილზე ზრუნავდა მსახიობის არა მხოლოდ კინო,  არამედ ყოველდღიურ იმიჯზეც.

* „დიდი შხეფები“ – მსოფლიო აღიარება ლუკა გუადანინომ ტილდა სუინტონისა და რაფ სიმონსის წყალობით მოიპოვა, როცა კადრები ფილმებიდან „მე – სიყვარული ვარ“ და „დიდი შხეფები“ თითქმის ყველა მოდურმა ჟურნალმა დაბეჭდა. პირველ ფილმში სუინტონის კოსტიუმები სიმონსმა Jil Sander-ისთვის შექმნა, ფილმის „დიდი შხეფები“ მოდელებზე კი, დიზაინერმა Dior-ის მოდის სახლისთვის იმუშავა.

* „ამერიკელი ჟიგოლო“ – კინოში მოღვაწეობა ჯორჯო არმანიმ, ფილმით „ამერიკელი ჟიგოლო“ დაიწყო, რომლის წარმატების შემდეგ მამაკაცის ტანსაცმლის მთავარ ექსპერტად იქცა. მართალია, Armani-იმ საკუთარ კოსტიუმებში გამოაწყო ფილმების „ხელშეუხებელნი“, „უსახელო ნაბიჭვრები“ და „უოლტ-სთრითის მგელი“ პერსონაჟები, მაგრამ მის საუკეთესო ნამუშევრად მაინც „ამერიკელი ჟიგოლო“ რჩება, რიჩარდ გირი კი, ფილმის გამოსვლიდან 37 წლის შემდეგაც ლიდერობს ყველაზე მოდურად ჩაცმული კინოპერსონაჟების ნუსხაში.

* „ბარბარელა“ – პაკო რაბანიმ სახელი 1960-იანი წლების ბოლოს გაითქვა, როცა ტანსაცმლის კოლექცია ქაღალდის, მეტალისა და სხვა ინდუსტრიული მასალის გამოყენებით შექმნა, ფილმის „ბარბარელა“ კოსტუმების მხატვარმა ჟაკ ფონტეინმა კი, თამამი დიზინერი ფილმზე სამუშაოდ და ჯეინ ფონდასთვის კოსტუმების შესაქმნელად მიიწვია. სამეცნიერო ფანტასტიკისა და ეროტიკის მიქსი – სწორედ ასე შეიძლება დახასიათდეს ფილმიც და რაბანის ნამუშევარიც. სხვათაშორის, სწორედ ესპანელი დიზაინერის მოფიქრებულია მეტალის საცურაო კოსტუმი ფილმში „თავგადასავლების მაძიებლები“ და ოდრი ჰეპბერნის რამდენიმე კოსტუმი ფილმში „ორნი გზაზე“.

* „დიდი გეთსბი“ – მიუჩი პრადა ბაზ ლურმანმა ფილმის „რომეო+ჯულიეტა“ გადაღებებზე გაიცნო, 17 წლის შემდეგ, რომანის „დიდი გეთსბი“ ეკრანიზებისას კი, ისევ მასთან ერთად მოიფიქრა კოსტუმები დეიზი ბიუკენენისთვის. გარდა ამისა, სწორედ Prada-სა და Miu Miu-ს კაბებში არიან გამოწყობილი გეტსბის სახლში მოწყობილი წვეულების მონაწილე მეორე პლანის მსახიობებიც, მამაკაცების გარდერობზე კი, კომპანია Brooks Brothers-მა იზრუნა.

* „საუზმე ტიფანისთან“ – ოდრი ჰეპბერნისა და იუბერ ჟივანშის ტანდემი ფილმში „საბრინა“ შედგა, სადაც მშვენიერ ჰეპბერნს პარტნიორობას ჰემფრი ბოგარტი უწევდა. „საბრინასთვის“ შექმნილი კოსტიუმებისთვის ჟივანშიმ „ოსკარიც“ მოიპოვა და ჰეპბერნის სახით მუზა და ერთგული მეგობარიც შეიძინა, რომელიც ყოველდღიურ გარდერობსაც და პერსონაჟების იმიჯსაც მხოლოდ Givenchy-ის მოდის სახლს ანდობდა. სხვათაშორის, შავი კაბა, რომლითაც მსახიობი ფილმში „საუზმე ტიფანისთან“ იწონებდა თავს, 2006 წელს აუქციონზე 923 ათას დოლარად გაიყიდა.

* „გასულ წელს მარიენბადში“ – პირველი თეატრალური კოსტუმი კოკო შანელმა 1924 წელს შექმნა ჟან კოქტოს ბალეტისთვის „ცისფერი ექსპრესი“, მერე კი, კინოში გადაინაცვლა და ჯერ ლუი მალთან თანამშრომლობდა, მერე კი, ლუკინო ვისკონტისთან, თუმცა, შანელის განცხადებით, ყველაზე წარმატებული კოლაბორაცია მაინც რეჟისორ ალენ რენესთან შედგა ფილმზე „გასულ წელს მარიენბადში“ მუშაობისას.

* „საყვარელი-დიასახლისი“ – კარლ ლაგერფელდმა, რომელიც ფილმის გადაღების დროს Chloé-ის მოდის სახლის დიზაინერი იყო, ფილმის პერსონაჟებისთვის მართლაც მრავალფეროვანი კოსტიუმები შექმნა – ბოჰემური საღამოს კაბით დაწყებული, ტყავის უნიფორმით დასრულებული.

* „007: კოორდინატები Skyfall“ – ჯეიმს ბონდი დიდხანს ატარებდა Brioni-ის კოსტუმებს, თუმცა, ბოლო ორ ფილმში უპირატესობა Tom Ford-ს მიანიჭა, რომელმაც პერსონაჟისთვის სრულფასოვანი კოლექცია შექმნა სმოკინგითა და სვიტერებით დაწყებული, მზის სათვალით დასრულებული. ბონდიანას ეპიზოდზე მუშაობა ფორდისთვის არ იყო პირველი კინოგამოცდილება – 2009 წელს მან თავად ითავა რეჟისორობა და დრამა „მარტოხელა მამაკაცი“ დადგა, 2016-ში კი, ნამუშევრისთვის „ღამის საფარქვეშ“ ვენეციის კინოფესტივალის პრიზიც დაიმსახურა. თუმცა, საკუთარ ფილმებში ფორდს მოწვეულ დიზაინერებთან ურჩევნია მუშაობა და როგორი უცნაურის არ უნდა იყოს, პერსონაჟები არასდროს ატარებენ მისი ბრენდის ტანსაცმელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები