LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქიატრების ღია წერილი პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს

65

ფსიქიატრები პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს ღია წერილით მიმართავენ და პრობლემის მოგვარების პროცესში ჩართვას ითხოვენ.

წერილში აღნიშნულია, რომ  “წლების განმავლობაში ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს არაერთხელ გაუმახვილებიათ ყურადღება ფსიქიატრიულ ინსტიტუციებში არსებულ სავალალო პირობებზე და ამ პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე”.

“ამ წლების  განმავლობაში  ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში  მნიშვნელოვანი დადებითი ნაბიჯები გადაიდგა: შეიქმნა დარგის განვითარების სტრატეგიული გეგმა, მიმდინარეობს მუშაობა სერვისის სტანდარტებზე, დაიხვეწა ფსიქიკური ჯანმრთელობის  სახელმწიფო პროგრამა, შემუშავდა რეკომენდაციები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სარეაბილიტაციო პროგრამების დასანერგად, 2018 წელს 5 მილიონით გაიზრდა დაფინანსება, რაც სათემო სერვისების განვითარებას მოხმარდა.

“მიუხედავად ამისა, არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბევრად მეტი ძალისხმევაა საჭირო. ბუნებრივია, პირველ რიგში, პაციენტების ყოფითი  და მათზე ზრუნვის პირობებია გამოსასწორებელი, თუმცა, მსგავსი დაწესებულებების და თერაპიული პრაქტიკის არსებობა აღრმავებს სტიგმას, როგორც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების, ასევე ფსიქიკურ ჯანდაცვაში მომუშავე სპეციალისტების და მთლიანად დარგის მიმართ.

“ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პროფესიული თემი აქტიურად უნდა ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში, რათა დაგეგმილი ცვლილებები შესაბამისობაში მოდიოდეს ქვეყნის გაცხადებულ კონცეფციასა და სტრატეგიასთან, ასევე დაცული იყოს როგორც პაციენტთა, ისე დარგში მომუშავე პერსონალის უფლებები და ღირსება. ამასთან, აუცილებელია პროფესიული მონიტორინგი გაეწიოს ახალი ფსიქიატრიული დაწესებულების მშენებლობის და ამ დაწესებულებებში სერვისების განვითარების პროცესსაც,” – ნათქვამია განცხადებაში.

წერილს ხელს აწერენ:  „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია“,  „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია“, „ასოციაცია რეფორმა ფსიქიატრიაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები