LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FRAU2: “აუდიტორია აქტიურდება მაშინ, როდესაც ბლოგში ქალების პრობლემაზეა საუბარი”

იგი ამბობს, რომ ყველაზე მეტად აუდიტორია აქტიურდება მაშინ, როდესაც ბლოგში ქალების პრობლემაზეა საუბარი. ხშირად კითხულობს სხვადასხვა ბლოგერების პოსტებს. ფიქრობს, რომ ბლოგის წერის დროს აუცილებელია ოპტიმისტური ფინალი, რათა მკითხველს არ დარჩეს სიმძიმის განცდა, რაც  მისი თქმით, ზოგიერთი ბლოგერის პოსტებში ჩანს. გადაცემის „ბლოგერები საუბრობენ“ სტუმარია „Frau 2“.

 

 

შენი აზრით, რომელი თემებია ყველაზე აქტუალური ჩვენს საზოგადოებაში?

ჩემს შემთხვევაში ისე გამოვიდა რომ ქალთა უფლებების, ზოგადად ქალების პრობლემებზე საუბრის დროს, აუდიტორია აქტიურდება, თუმცა რამდენიმე თვიანი დაკვირვების შემდეგ მივხვდი, იმაზე მნიშვნელოვანი ტექსტში რა წერია, არის ბლოგის სათაური და ე.წ. სლოგანი. მამაკაცების მოზიდვა ისევ რთულად გამომდის, სიტყვა ,,სექსი” მაინც უნდა გამოვიყენო, რომ ყურადღება მივიქციო.

 

 

 რამდენად შეუძლია ბლოგინგს ადამიანის ცნობიერების ამაღლება?

სულ ვამბობ, რომ არ ვარ ამბიციური, მაგრამ როდესაც საქმე ბლოგს ეხება, ამბიცია მაქვს, რომ მინდა რაღაც შევცვალო, მინდა ადამიანებს მივწვდე და ისინი დავაფიქრო. ხშირად უთქვამთ მადლობა, იმისთვის რომ დავწერე დავაფიქრე. მსოფლმხედველობას შეცვლა რთული პროცესია, მაგრამ მაინც შესაძლებელი მგონია, ნაბიჯ-ნაბიჯ, კომპლექსურად, სისტატიზებურად. იდეალისტური მოლოდინები მაქვს, რაც არ ნიშნავს რომ რეალობის ადეკვატური არ ვარ, პრაქტიკულიც ვარ, მაგრამ სურვილი რაღაც შევცვალო, უკეთესი გავხადო, შევაჯანჯღარო უფრო ძლიერია

 

 

ახლა ახალ ბლოგ-პოსტზე მუშაობ?

რაღაც თემები სულ ტრიალებს თავში, შაკიკის ერთ-ერთი ფორმა დამიდგინდა, ვფიქრობ იმის ბრალიც არის, რომ სულ ვფიქრობ.

 

 

რამდენი ქრომოსომა გაქვს?

Frau 2

ახალს რომ არაფერს ვწერ ვიცი და ისიც ვიცი, რომ ამ ტექსტით ვერაფერს შევცვლი. შემიძლია არაფერი დავწერო, ჩემთვის, ჩემს კვადრატში გავბრაზდე და ამით დასრულდეს აღშფოთება. სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსი, რომელიც რამდენჯერმე წავიკითხე, ყოველჯერზე სისხლს მიციებს, ტანში ჟრუანტელი მივლის და კისერში ბურთი მეჩხირება. ასეთ დროს ვკარგავ საღად აზროვნების უნარს და ისიც მავიწყდება, რომ მხოლოდ სიყვარული უნდა ვაფრქვიო, არავინ განვიკითხო და მითუმეტეს, არავის მივაყენო შეურაცხყოფა. მინდა რომ ხმამაღლა ვიყვირო, მთელი ძალით ჩავავლო ყველა იმ ადამიანს მკლავებზე ხელი და დიდხანს ვაჯანჯღარო, იქამდე ვაჯანჯღარო, სანამ ტვინიდან ის საშინელი სიბეცე, სიბრიყვე, უტაქტობა, უზრდელობა და უინტელექტობა არ ამოუვარდება. იშვიათად გამოვდივარ ასე წყობიდან!

ჩვეთვის დამახასიათებლი თვისება, შავი ფერის სიყვარულია. ჩვენ გვიყვარს შავი ფერის ტანსაცმელი და გვეშინია ფერების შერევა, სადად ვუყურებთ ყველაფერს და სადად გვინდა შევაფასოთ სამყარო, ის სამყარო შოთა რომ აღწერს: ,,ჩვენ კაცთა მოგვცა სამყარო, გვაქვს უთვალავი ფერითა“. ასე ვიწროდ ვაზროვნებთ, ადამიანების შეფასებისას, გვეზარება და არ ვუღრმავდებით დეტალებს, პატარა ნიუანსებზე არ ვფიქრობთ. ერთმანეთსაც ასე ვაფასებთ და გვინდა რომ ჩვენც ასე შეგვაფასონ, სტანდარტულად, ზედაპირულად, მოკლედ და სადად, რომ ვაი და ღმერთი არ გაგვიწყრეს და რაიმე არასტანდარტული, არატრაფარეტული არ შემოგვეპაროს. არ გვიყვარს საყურიანი ბიჭები, გოგო რომ თმაგადახოტრილი დადის, მას აუცილებლად ფსიქოლოგიური პრობლემა აქვსო ვფიქრობთ, თუ ყვითელ კოლგოტზე ვინმეს მწვანე ფერის ბათინქი აცვია – გვეცინება, ვარდისფერთმიანები გვაღიზიანებენ, ბევრი ტატუ თუ აქვს ადამიანს, ის სატანისტია, რაც არ უნდა ბევრი მეკამათოთ, ზუსტად ასეა, ჩვენს უმრავლესობას არ უყვარს ,,ჩვენგან“ განსხვავებული ტიპების ატანა. შინაგანი კომფორტი გვერღევა და ჩვენი ლამაზად და კოხტად მოწყობილი სტანდარტული კვადრატიდან უცხო სხეულის განდევნას ვიწყებთ. საკუთარ თავზე ასეთი დისკომფორტი პირველად გერმანიაში გამოვცადე, მეტროს სადგურში ბევრი ახალგაზრდა შემოვიდა, დახეული შავი კოლგოტები ეცვათ და ფართხუნა შავი ტანსაცმელი. ალბათ მათ ზუსტად ისე შევხედე, როგორც იმ ორსულმა გოგომ იმ დღეს ანას. ანა ჩემი მეგობრების მეგობრის შვილია, დედას ჰყავდა იმ დღეს ასაცრელად მიყვანილი. ექიმის კაბინეტიდან გამოსულ დედას უცხო, ორსული ქალი მიაშტერდა და ბოლოს ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილა და ჰკითხა, თქვენს შვილს დაუნის სინდრომი აქვს, არ ვიცოდი დაუნებსაც რომ ცრიდნენო! ანა, ჩემს შვილებზე უმცროსია, ვფიქრობ, ანა და ნიკო იმეგობრებენ, ერთხელ ანას ნიკოს ფოტო უნახავს და ძალიან მოწონებია. მას მერე მინდა ანა ნიკოსთან სტუმრად დავპატიჟო.

როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ ფერები არ გვიყვარს, ლურჯთმიანი გოგოები და ტატუიანი ბიჭები გვაღიზიანებს, ვითვლით ქრომოსომებს და აუტისტური სპექტრი ღვთის სასჯელი გვგონია, ბევრი მეკამათება და მიყვება მაგალითს როგორ ათამაშებს საკუთარ შვილებს დაუნის სინდრომიან, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან. შეეკამათეთ ანას დედას, უთხარით, რომ გიჟდებით მის შვილზე, რომ ის მზის შვილია, ყველაზე საყვარელი და ლამაზია, მაგრამ ანას დედას ეს არ უნდა, ანას დედას უნდა, რომ თქვენ არ გაამახვილოთ ყურადღება ანას ქრომოსომების რაოდენობაზე! ანა არც ნიკოზე საყვარელია და არც ნიკოზე ლამაზი, ზოგჯერ ანას იქცევა ცუდად და აბრაზებს დედას, ანასაც უყვარს რაღაც საჭმელი მეტად და ნაკლებად, ნიკოს მსგავსად ანაც არ იძინებს გვიანობამდე და ჭამს შოკოლადს. ანას 47 ქრომოსომი აქვს და ნიკოს 46, ეს არც ჩემი დამსახურებაა და არც ანას დედის, ეს უბრალოდ ასეა, ეს არის მოცემულობა, რომელსაც არც ენის მოჩლექვა ჭირდება და არც დაჟინებული მზერა. ეს არის ფერთა სამყარო, იმ უთვალავ ფერთა, რომელთა აღქმის უნარი ჩვენ არ აღმოღვაჩნდა. ჩვენ გვეშინია, გვეშინია, რომ ვაი და რაღაც ისეთი არ აღმოღვაჩნდეს, რაც ყველასგან განგვასხვავებს, ამიტომაც ვაშტერდებით მას, ვისაც ლურჯი თმა და ბევრი ტატუ აქვს, დაუნის სინდრომიან ბავშვებს განსაკუთრებული სიყვარულით, სინამდვილეში კი სიბრალულით ვუყურებთ და ,,აუტიზმის“, თავად ამ სიტყვის წარმოთქმაზეც გვაკანკალებს.

ეს არის დღეს ჩვენი საზოგადოება, რომელიც სულმოუთქმელად ელოდება ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტას. მე თუ მკითხავთ, ჩვენ ეს არ დაგვიმსახურებია, ეს მონაპოვარი თავისუფალი ხალხის ხვედრია და ჩვენ, ჩვენ მონები ვართ, სტანდარტის, ჩარჩოს და ერთფეროვნების მონები. არც წიგნებში წერია ეს და არც უნივერსიტეტებში იკითხება სალექციო კურსის სახით, დამოკიდებულება, ადამიანების აღქმა და ფერების გარჩევა, ყველამ ჩვენ თვითონ, ჩვენს შიგნით უნდა დავიწყოთ. ნუ მოვთხოვთ ყველას იყოს ჩვენნაირი, ღმერთმა ეს სამყარო მართლა უთვალავ ფერთაგან შექმნა და არაფერია ამაზე არაჩვეულებრივი, ვიდრე იმის გააზრება, რომ არ არსებობს ორი იდენტური, ორი ზუსტად ერთნაირი საგანი და ადამიანი დედამიწაზე. ეს ბედნიერებაა, ეს უსაზღვრობაა, ეს თავისუფლებაა.

ანას დედას არ უნდა, რომ პოლიკლინიკაში რიგში დგომისას, ის მხოლოდ იმის გამო გაატარონ ურიგოდ, რომ მის შვილს 47 ქრომოსომი აქვს, მაგრამ არც ის უნდა, რომ ჩაეძიონ: თქვენი შვილი დაუნია და დაუნებსაც ცრიანო?. ანა ადამიანია, მილიონიან პლანეტაზე დაბადებული ერთ-ერთი ინდივიდი, თავისი ფერი და გემო აქვს, თავისი სურნელი, ის არაჩვეულებრივი და უნიკალურია, როგორც ნებისმიერი სხვა ინდივიდი დაბადებული ამავე პლანეტაზე. არც გარეგნობა და არც შინაგანი თუ გარემო სამყაროა ჩვენი დამსახურება, ყველაფერი ჩვენდაუნებურად და სრულიად დაუმსახურებლად ზემოდან მოგვეცა. მადლობა ამისთვის შემოქმედს, მადლობა იმ მილიონი ფერისთვის, რომლის აღქმას, დანახვას და გარჩევას აუცილელად შევძლებთ და ვისწავლით, თუ ჩვენი ერთფეროვანი, კოხტა და ლამაზი კვადრატიდან გარეთ გამოვალთ.

ანას დედას თანაგრძნობა არ ჭირდება, თანაგრძნობა გვჭირდება ჩვენ!

 

გადაცემის ჩანაწერი: