LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახაბერი: “მოდელები პირველ რიგში საკუთარი გემოვნებით და საკუთარი კომფორტისთვის შევქმენი”

4 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს კახაბერი სტუმრობდა.

– კახაბერ, რას სთავაზობს თქვენი ბრენდი მომხმარებელს?

– პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო და პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანდა. ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული პრეზენტაცია გვქონდა სასტუმრო „ბილტმორში“ და მიხარია, რომ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. თავიდანვე ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ კოლექცია არ შექმნილა მოდის ინდუსტრიისთვის, რადგან მე არ ვარ ამ სფეროს წარმომადგენელი. მოდელები პირველ რიგში საკუთარი გემოვნებით და საკუთარი კომფორტისთვის შევქმენი, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი იზიარებს ჩემს გემოვნებას, რაც ძალიან მახარებს. ბრენდმა ჩემს მეგობრებს მოუყარა თავი, მისი შექმნა კი, არა მარტო ახალი ქართული ბრენდის დაარსებას გულისხმობს, არამედ ერთგვარი მცდელობაა ჩამოყალიბდეს კოლაბორაცია, სხვადასხვა გემოვნების, ხედვის ადამიანებს შორის, რომლებიც ერთად იმუშავებენ, შემოქმედებით იდეებს გაუზიარებენ, უფრო ფართო არეალს მოიცავენ და ბევრად მეტი ადამიანის გემოვნებას დააკმაყოფილებენ. გარდა ამისა, ბრენდით იმ ახალგაზრდა მხატვრების და დიზაინერების შემოქმედების პოპულარიზაცია მოხდება, რომელთაც კოლაბორაციის სახით ექნებათ ჩვენთან მუშაობის საშუალება. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის ყველაფერი მუსიკის გარშემო ტრიალებს, რადგან მე პირველ რიგში მუსიკოსი ვარ. სხვათაშორის, „კახაბერი და ხანუმები“ ერთადერთი ელექტო-ფოლკ ჯგუფია და სწორედ ამ სტატუსითაა წარმოდგენილი მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე. ძალიან მიხარია, რომ ჯგუფი საქართველოშიც ისეთივე პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს, როგორც საზღვარგარეთ. იგივეს თქმა შემიძლია ჩვენს ახალ წამოწყებაზეც, რადგან ვთვლი, რომ ბრენდი ჯერ სამშობლოში უნდა გახდეს წარმატებული და მერე საზღვარგარეთ. აქვე ავღნიშნავ, რომ ყოველ უიქენდზე სასტუმრო „ბილთმორში“ ივენთები ჩატარდება, ამ კვირაში პირველი მაღაზიის პრეზენტაცია გვექნება, რომელიც ასევე ბილთმორში გაიხსნება, 26 აპრილს ჯგუფს კონცერტი აქვს დუბაიში, სადაც უზარმაზარი წვეულება მოეწყობა, ჩვენ კი, არა მარტო ჩვენს მუსიკას, არამედ კოლექციასაც წარმოვადგენთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოდელები ყოველთვის განსხვავებულად იქნება წარმოდგენილი. განსხვავებული ჩვენებები მოეწყო და გაყიდვაც განსხვავებულად მოხდება.

– მოდის კვირეულებში ხომ არ გეგმავთ მონაწილეობის მიღებას?

– შემოთავაზება არის, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, რადგან კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს ძალიან განსხვავებული სანახაობა იქნება, რადგან ყველა მოდელი მუსიკის გავლენით იქმნება. კოლექციაში  ჯერ მხოლოდ სამ ფერში შესრულებული რამდენიმე მოდელია  წარმოდგენილი – ჟილეტად ტრანსფორმირებული ყაბალახი, მაისურები ჩემი დიდი ბაბუას – თურსუნ ცისკარიძის ფოტოთი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და შარვლები. ყველა მოდელი ერთგვარი ტრანსფორმერია, რომელიც ფორმას იცვლის და ამიტომ, ძალიან პრაქტიკულია.

– რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი მოდელები?

– კოლექცია საქართველოს მომხმარებელზეა გათვლი, ამიტომ ფასებიც ხელმისაწვდომია. მაისური 70 ლარი ღირს, ყაბალახი 115-120 ლარი, შარვალი კი, – 130 ლარი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქველმოქმედება, ამიტომ გადავწყვიტე, რომ თითოეული მოდელის გაყიდვიდან შემოსული თანხიდან 5 ლარს დასასვენებელი პარკების  გასაშენებლად და მოსაწყობად გადავრიცხავ. ვფიქრობ, ეკოლოგია ძალიან აქტუალური თემაა, როგორც მსოფლიოში ისე საქართველოში.

– რამდენადაც ვიცი, პირველი შეკვეთა უკვე მიიღეთ?

–  შემოთავაზება რამდენიმე ქვეყნისგან მივიღეთ. სხვათაშორის, პრეზენტაციაზე, ბევრი ჩვენი ბრენდის მოდელებით გამოჩნდა და სიმართლე ვთქვა, ამგვარი პოპულარობა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო.

– მუსიკის სფეროში რას შესთავაზებთ თაყვანისმცემელს?

– სულ ცოტა ხნის წინ ახალი სიმღერა ჩავწერეთ, პრემიერა „ბილტმორში“ შედგა და მალე კლიპიც გვექნება. ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული ნამუშევარი გამოვიდა და პოპულარობასაც მოიპოვებს.