LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბანკო რეგულაციების გამო კომპანიებმა, შესაძლოა, გაყიდვების დეპარტამენტები გააუქმონ

საბანკო სექტორში რეგულაციების ახალი ტალღა იწყება. ამ თემაზე განცხადებები უკვე გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე განმარტავს, რომ  ქვეყანაში საბანკო რეგულაციების შემოტანა და დედოლარიზაციის პროცესის დაჩქარება სწორი ნაბიჯია, რაც მისი თქმით, ჭარბვალიანობის შემცირებისკენაა მიმართული.

პრემიერი ამბობს, რომ საერთაშორისო ფინანსური დონორების ანგარიშებშიც ამ პრობლემაზეა საუბარი. მისი განცხადებით, საქართველო ნაკლებად მოწყვლადი უნდა გახდეს გარე ფაქტორების მიმართ, რათა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში.

ამ თემაზე რადიო „ფორტუნა“ ეკონომისტების მოსაზრებებსაც გაგაცნობთ. ვახტანგ ჭუმბურიძე განმარტავს, რომ უკვე დაიწყო განვადებების დეპარტამენტების გაუქმება ბანკებში, ასევე ეკონომისტის მოლოდინით, ნელ-ნელა გაუქმდება ან შემცირდება გაყიდვების მიმართულებით მოქმედი დეპარტამენტები.

მისი მტკიცებით, შავი ბაზარი რეგულაციებამდეც არსებობდა, მაგრამ ამ ეტაპზე არის საკმაოდ დიდი რისკი, რომ უფრო გაძლიერდეს შავი ბაზარი, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს კრიმინალის ზრდაც.

ეკონომისტები ამბობენ, რომ შეიზღუდება სესხების გაცემა, რაც პირდაპირპროპორციულად ნეგატიურად აისახება, როგორც საბანკო ბიზნესის, ასევე ზოგადად ყველა იმ ბიზნესზე, რომლის გაყიდვები მიბმული საბანკო სესხებზეა მიბმული.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის პირველი ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გაცემული ბრძანება სესხების გაცემის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ამოქმედდება. კერძოდ, ბანკებს დაუწესდებათ შეზღუდვა სესხის გაცემის პოლიტიკასთან დაკავშირებით – მათ მოუწევთ უფრო მკაცრად შეაფასონ მომხმარებლის (სესხის მსურველის) გადახდისუნარიანობა და სესხების გაცემის პოლიტიკა გაამკაცრონ.