LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძე: „ვეძებ ადამიანებს, რომლებიც მომღერლობაზე ოცნებობდნენ“

„ეს არის სრულიად ახალი ქართული პროექტი, „მხოლოდ ქართული“. მოიცავს ყველა ჟანრს და საუბარია მხოლოდ ქართულ სიმღერაზე. შეიძლება იყოს თანამედროვე ქართული მუსიკა, ძველი ქართული მუსიკა, ასევე თანამედროვე ჟღერადობის. საესტრადო კონკურსია, როგორც საერთაშორისო პროექტები, მხოლოდ აქ იქნება ყველაფერი ქართული. გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე კარგად შეასრულებს ქართულ სიმღერას. პროექტში მრავალი ტური იქნება. ფოლკლორი, დუეტები და ბევრი სიურპრიზი, რომელსაც პროექტის მიმდინარეობისას მაყურებელს შევთავაზებთ. გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო იქნება; როგორც ქართული სიმღერების შემსრულებელს მიხარია, რომ მოთხოვნა არის ქართულ მუსიკაზე. ხალხის დაკვეთა ეს არის. გიორგი უშიკიშვილი ყველაფერთან ერთად მუსიკალური ხელმძღვანელია. ის ჩვენი უფროსია. ყველას უნახავს, როგორი ჟიურის წევრები ვართ, ასევე საკუთარ ამპლუაში და ყველას თავისი იმიჯი აქვს. მარინა მკაცრი და დაუნდობელია. მე შედარებით კეთილი პოლიციელი ვარ. ბოლო წლებში, მენტორობისას მკაცრიც ვიყავი თუმცა აქ ჩვენი შეჯიბრი არ იქნება, აქ კონკურსანტები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მე და მარინა ბერიძემ ვიკამათეთ – მარინა ეძებს ძალიან ახალგაზრდებს, სრულიად დამწყებ შემსრულებლებს. მე პირადად ვეძებ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ მომღერლობაზე და რაღაცნაირად ვერ დაიმკვიდრეს თავი. თუნდაც არასდროს უცდიათ და აღმოჩნდება, რომ საოცრად მღერიან. ხმაზე, სმენაზე და ელემენტარულ შესაძლებლობებზე ყურადღებას არ გავამახვილებ, ესეც მთავარია, მაგრამ ასევე უმთავრესია როგორ მღერი, როგორ გადმოსცემ ამბავს, რაც ერთი მხრივი რთულია, მაგრამ მეორე მხრივ ადვილია მაყურებელს მოუყვე, რადგან საკუთარ ენაზე უყვები. ყველას, ვისაც შეუსრულდა 18 წელი, ვისაც უნდა სიმღერა და ვისაც სურვილი აქვს ქართულად იმღეროს, არც უნდა დაფიქრდეს და მოვიდეს ჩვენთან. კიდევ ერთი დეტალი, თუ ვინმეს იმის შიში აქვს, რომ ჯერ არ უცდია ქართული სიმღერა, არც ამისი შეეშინდეს იმიტომ, რომ კასტინგზე შეუძლიათ იმღერონ იმ ენაზე, რომელზეც მომზადებული აქვთ სიმღერა“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ახალი მუსიკალური პროექტის შესახებ ისაუბრა. პროექტის „მხოლოდ ქართული“ ჟიურის წევრი ელოდება ყველას, ვისაც ქართული სიმღერა უყვარს და ეძებს მათ, ვინც მთელი ცხოვრება მომღერლობაზე ოცნებობდა.