LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ მირიანაშვილი: “წაიკითხეთ ზღაპრები, ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება”

პროფესიით ანგლისტია. ამბობს, რომ უნივერსიტეტში სწავლის დროს კარგი და მდიდარი მასალა დაუგროვდა ბრიტანული, ამერიკული და სხვა ქვეყნების ლიტერატურის შესახებ,  ამიტომ 2010 წელს გადაწყვიტა გაეკეთებინა ლიტერატურის ბლოგი, რომელსაც ნელ-ნელა საინტერესო და სასარგებლო მასალით შეავსებდა.  გადაცემის „ბლოგერები საუბრობენ“ სტუმარი თამარ მირიანაშვილია.

ბლოგერი ამბობს, რომ დღეს უკვე თავს არ იზღუდავს სხვადასხვა თემებზეც წერისგან, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, სოციალურ პრობლემებზე და ა.შ.

წერს ლიტერატურაზე, კინოზე, ყველა იმ საკითხზე, რაც აქტუალურია და ხალხს აინტერესებს.

„როდესაც კინოზე ვწერ, მაშინაც ვცდილობ რომ ჩემთან ან ჩემ გარშემო მყოფებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მტკივნეულ საკითხებს შევეხო და ძალიან ბევრი ადამიანისთვის საინტერესო და ახლობელი აღმოჩდნეს ესა თუ ის პოსტი“.

როგორ რეაგირებ  მკითხველის შეფასებებზე?

ყველაზე სასიამოვნო რეაქცია, რაც შეიძლება პოსტებს მოყვეს არის ის რომ მკითხველი გეუბნება როგორი ახლობელია მისთვის ეს ამბავი, როგორ დაინახა საკუთარი ან მისთვის ახლობელი ადამიანი და რა კარგია რომ ამ თემას შევეხე ზოგადად. იყო და არის ტაბუირებული თემები, როდესაც ავტორს ეშინია საზოგადოების რეაქციის და არ წერს ამ თუ იმ თემაზე.

ჩემთვის არ არსებობს ტაბუდადებული თემები, სათქმელი უნდა ითქვას, დასაწერი უნდა დაიწეროს.

 

როგორ ფიქრობ, შენი ბლოგები ეხმარება ადამიანებს?

რეაქციები მახვედრებს დაეხმარა თუ არა ჩემი პოსტი ვინმეს ან საერთოდ გამოადგა თუ არა რამეში. რადგანაც ჩემი ბლოგი უკვე საკმაოდ მრავალფეროვანია და ამ 6 წლის მანძილზე დიდი მასალა დაგროვდა, ბევრი ადამიანი პოულობს თავის წილ საინტერესო და გამოსადეგ თემას, წიგნებზე, მწერლებზე, ლიტერატურულ ეპოქებზე, პერსონაჟებზე, რეჟისორებზე, მსახიოებებზე, ფილმზე შთაბეჭდილებებს და ა.შ.  არის შემთხვევები, როდესაც კომენტარს ტოვებენ და მთხოვენ რომ რაღაც კონკრეტული თემის შესახებ დავწერო, ძირითადად სტუდენტები, რომლებიც სასურველ მასალას ვერ პოულობენ ქართულ ენაზე.

როგორც წესი, ყველაზე დიდი გამოხმაურება აქვს პირად პოსტებს, ურთიერთობების საკითხებს, ცხოვრებისეულ დრამებს. შესაბამისად ხანდახან წამომივლის ხოლმე და sex and the city-ს გავლენით, მეც ვეხები მსგავს თემებს, რასაკვირველია მხოლოდ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით.

 

 წიგნი, რომელსაც ურჩევ მსმენელს…

ცოტა ხნის წინ რომ გეკითხათ, ალბათ რამეს ჩავხლართავდი, დრამას დავდგამდი და გეტყოდით, პოს, ჰემინგუეის, ჯეკ ლონდონს, ფოლკნერს, ვულფს, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე არ ვარ. დაღლილი ვარ.

წაიკითხეთ ზღაპრები, ნებისმიერი, დრამა არის, მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება.

 

 

 

კიმ კი-დუკის აბორტი

თამარ მირიანაშვილი

 

რა მოხდება ქუჩებშიც შტეფსელები რომ იყოს, მეუბნება მეგობარი და მეც ვეთანხმები. გვჭირდება. ტელეფონები უნდა დავტენოთ, სმარტფონები გვაქვს, ხუმრობა ხომ არ არის. ყოველდღე ახალი ტელეფონი, ყოველდღე უფრო განვითარებული და უფრო და უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს. ფაუერ ბანკიც გვინდა, შემდეგ ფაუერ ბანკიც ჯდება, ისიც დასატენია. პლანეტის მოთხოვნა მიწოდებას უსწრებს, არსებული რესურსები საკმარისი არ არის, ატომური ელექტრო სადგურები მუშაობით სახეს იხევენ, ადამიანები კი მის გარშემო ბეწვის ხიდზე დავდივართ.

ხანდახან გვაქვს ხოლმე პეროშრიალა აქციები “არ მოჭრა ხე”, “შევამციროთ გამონაბოლქვი” ან “ერთი საათით გამოვრთოთ შუქი”, მერე ვბრუნდებით სახლებში და ყველაფერს ვაბრდღვიალებთ, გვჭირდება, არ გვჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა. არ ვფიქრობთ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი პირადი პრობლემა, ვერ ვხედავთ ამას როგორც პირად პრობლემას, წარმოდგენა არ გვაქვს, ვერ ვათვითცნობიერებთ ერთ დღესაც რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს.

2012 წელი, ფუკუშიმა ყირაზე დგება, ადამიანები გაურბიან იმას, რითაც იტენებოდნენ, რაზეც მიერთებულები იყვნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში. ამ დროს, კიმ კი-დუკის ფილმის  “STOP’ მთავარი გმირი მიკი ორსულად არის, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ისტერიულ შოკში ვარდებიან, არ იციან რა ქნან, გაიკეთოს მიკიმ აბორტი თუ არა, ალბათობა იმისა, რომ ბავშვი პათოლოგიებით დაიბადება, ძალიან მაღალია. მიკის არ უნდა ბავშვის მოშორება, გამორიცხულია მათი სიყვარულის ნაყოფი პათოლოგიებით დაიბადოს. ასე სჯერა.

ფოტოგრაფი ქმარი, გადაწყვეტს რომ გადაიპაროს რადიაციულ ზონაში და ფოტოები გადაიღოს, ნახოს რეალურად რა ხდება იქ და ცოლი დაამშვიდოს.

რადიაციულ ზონაში კიდევ უფრო შოკურ მდგომარეობაში ვარდება, ორსული ქალი მკვდრადშობს ნაყოფს და იმავე წამში ნამგალით ყელს იჭრის.

BIAFF-ზე ფილმის მსვლელობისას, ჩემს უკან, კინოთეატრ აპოლოში მამა და სამი პატარა შვილი ისხდნენ, არასრულწოვანები. მთელი ფილმის განმავლობაში მამა ბავშვებს კინოს უკითხავდა, ეს მძიმე ფილმი სულ სიცილ-კისკისით აყურებინა და მოასმენინა. შევწუხდით, ვუთხარით, მაგრამ სხვა გზა არ იყო, დავნებდით ბოლოს.

მიკის და საბუს ბავშვი შეეძინათ, ცოტა განსხვავებული, ყველაფერი უფრო ხმამაღლა ესმოდა, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენ ბავშვს, მათ შორის ფუკუშიმას საუბარიც.  ზოგჯერ ყურების დახშობაც იყო საჭირო.

ის სამი ბავშვი თავიდან ძალიან პატარები მეგონნენ ამ ფილმისთვის და მერე მივხვდი რომ არა, რაც უფრო ნაკლებად დავუხშობთ ყურებს და რაც უფრო ადრე დაიწყებენ ყველაფრის მოსმენას, მით უკეთესი პლანეტისთვის.

იქნებ შემდეგ აღარ დაგვჭირდეს გადარჩენისთვის აბსურდული მეთოდების გამოყენება, გადავრჩეთ მანამდე, სანამ ჩვენივე ხელით ნამგალით ყელს გამოვიჭრით და გამოვრთოთ შუქი, არა ერთი საათით.

 

გადაცემის ჩანაწერი: