LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ბალანჩივაძე: „უთქვამთ, რომ ჩემი წყალობით, იციან თბილისის ისტორიის დეტალები”

ბლოგის შესახებ პირველად 2008 წელს გაიგო, მაშინ სტუდენტი იყო, წერდა მოთხრობებს. გადაწყვიტა თავისი მოთხრობები სწორედ ბლოგზე განეთავსებინა. დღეს მისი ბლოგი მრავალფეროვანია. გადაცემის „ბლოგერები საუბრობენ“ სტუმარი ზურა ბალანჩივაძეა.

როგორია შენი ბლოგის მიზნობრივი აუდიტორია?

ჩემს ბლოგზე მოხვდება ყველა, ვისაც აინტერესებს, საინტერესო და უცნობი ფაქტები ხელოვნებაში, ჩვენს გარშემო, ოპერა, თეატრი, კინო, სხვადასხვა საზოგადოებრივი აქტივობა, ბუნება, რომელშიც ვცხოვრობთ. მაქსიმალურად ვცდილობ, არ შევეხო პოლიტიკას, რელიგიასა და სექსს.

 

ფიქრობს, რომ მისი ბლოგები გარკვეულწილად ეხმარება ადამიანებს. „მინახავს ადამიანები, რომლებსაც უთქვამთ, რომ ჩემი წყალობით, იციან თბილისის ისტორიის დეტალები ან ის, თუ როგორ კორელაციაშია გადამფრენი ფრინველების რიცხვი ჩვენს ეკოსისტემასთან და ა.შ.“
როგორია ბლოგის ავტორი, ბლოგს მიღმა…
ბლოგის ავტორს ხშირად აღარ სცალია საკუთარი ბლოგისთვის და ეს არის ყველაზე დასანანი. იმიტომ, რომ ახლა ბლოგის კეთებას სხვას ვასწავლი, სოციალური ქსელების ლექტორი ვარ, გარდა სხვადასხვა საქმიანობისა. ვმუშაობ პიარსააგენტო ჯეპრაში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისში, ფოკლორის სახელმწიფო ცენტრში, გამომცემლობა „ჩაიხანაში“, ავეჯის სახლ ვერონაში, ვსტვენ, ვხატავ, ვმღერი.’

წიგნი, რომელსაც ურჩევ მსმენელს…

მე რომ მსმენელს წიგნი, ფილმი ან მუსიკა ვურჩიო, ჯერ მას უნდა ვიცნობდე კარგად. მაგრამ თუ ამ ფაქტორს გამოვრიცხავთ, მაშინ ორჰან ფამუქის „უმანკოების მუზეუმს“ ჩაუჯდნენ და დამეხმარონ, შუა გზაში გავიჭედე და ბიძგი მინდა ცოტა 🙂

 

 

ცოცხალი მეგობრების სასაფლაო

ზურა ბალანჩივაძე

ბოლო დროს, რაც უფრო მეტი ვინმე მცნობს ან პირადად მიცნობს, უფრო მეტად მეუხერხულება პირადი პოსტების წერა. რა მაგარი იყო 5-6 წლის წინ, როცა ყველა მხოლოდ ზურიუსად მიცნობდა და არც ჩემი კომპეტენტური აზრი ჭირდებოდათ და არც პროფესიული დახმარება. მაგრამ, ბლინ, (ჯერ კიდევ) ყველანი ადამიანები ვართ, ჰოდა მკიდია.

მე ცოცხალი მეგობრების სასაფლაო მაქვს, რომელიც წარმოსახვაში დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც ებრაელი ხალხის გენოციდის მემორიალი ბერლინში. ისე გამოვიდა, რომ მათ მოკვდინებაში უმეტესი წილი მე მიმიძღვის. სხვანაირად, ხომ არ დავკარგავდი? ჩემი ცოცხალი მეგობრების სასაფლაო ფეისბუკში მდებარეობს. იმ მხარეს, რომელიც ან სულ გამქრალია ან ნელ-ნელა ქრება ჩემი სიახლეების ველიდან და საბედისწერო წამით გაჩერებული დროის მოგონებები აყრია მტვრად.

ყველა განსხვავებული მიზეზით გარდაიცვალა. რამდენიმეს თითქმის იდენტური დიაგნოზი ჰქონდა, თუმცა ინდივიდუალური განვითარება ახლდა. ზოგი დიდხანს იტანჯა, ზოგსაც უწვალებლად დაელია სული. სამაგიეროდ, მე დღემდე ვიტანჯები, რადგან სხეულის მოკვეთილი ნაწილები ბოლომდე არაფრით მიხორცდება. კარგი, ჰო, არ ვაძლევ შეხორცების უფლებას. სინდისი არ მიშვებს. მინდა, ყრუ ტკივილად მაინც ჩამესმოდეს ჩემი შეცდომები, რომ ეგებ სამომავლოდ მაინც გამომადგეს. ისეც ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია. საერთოდ, ძალიან იშვიათდაა ყველაფერი მხოლოდ ერთი მხარის ბრალი, მაგრამ მე ჩემსაზე ვაგებ პასუხს. 3 წლის წინაც ასე ვფიქრობდი თურმე: როცა დაღვრემილი წამოიძახებ “რა დავაშავე!”, საკუთარმა ხმამ იქვე უნდა მოგაძახოს “სჯობს, ჩამოთვალო, რა არ დააშავე.”

ზოგი მეუბნება, რომ, რასაც ვაკეთებ მაზოხიზმია და უაზრობა. ამაზე ყოველთვის მეღიმება და კითხვას რიტორიკულად ვუბრუნებ: “აბა, რა ვქნა?”  მეტად ასე აღარ მოვიქცე? ბლინ, მაგდენსაც რომ ვერ ხვდებოდეს ჩემი ტვინი, სინდისის ქენჯანც არ შეაწუხებდა. ყველაზე კრეატიული რჩევების მომცემი ხალხი! ან ვინ იცის, კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში რას აქვს აზრი? არამგნია, ვინმეს სწორი პასუხი ჰქონდეს.

ასე და ამგვარად, ამოვიჩრი იღლიაში მოგონებების ფუთას და ჩემი ცოცხალი მეგობრების საფლავებს ჩამოვუვლი  ხოლმე. აი, ერთი მათგანი სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახებულა. მშვენიერია. საქორწილო მოგზაურობაშიც წასულან. ერთიც შეყვარებულია. მიყვარს შეყვარებული ხალხი, საინტერესო სანახავია. ერთსაც ხელოვნებაში ახალი სუნთქვა გახსნია და კარგ რაღაცებს აკეთებს.

ვიცი, რომ ყველაზე ლამაზი სასაფლაო მე მაქვს. იმიტომ, რომ ცოცხალი ადამიანებითაა დასახლებული.

 

გადაცემის ჩანაწერი: