LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისი ქვეყნის შიდა ჰაბად უნდა ჩამოყალიბდეს

101

ქუთაისი ქვეყნის შიდა ჰაბად უნდა ჩამოყალიბდეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალი გზა, სავარაუდოდ, ოთხ წელიწადში აშენდება. უკვე დაწყებულია დაპროექტების სამუშაოები. ”ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისი გავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი”, – განმარტა კვირიკაშვილმა.

ქვეყნის სივრცით განვითარებაზე საუბრისას კვირიკაშვილმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებას ხელისულება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს.

“ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, სარფიდან დაწყებული წითელ ხიდამდე და სადახლომდე. ასევე ავაშენოთ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი”, – განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ საჭირო იქნება პარტნიორობა, რათა ეს ავტობანი მივიდეს ვლადიკავკაზამდე. მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია გზის მშენებლობა ქუთაისიდან ცაგერის და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, გვირაბების მეშვეობით.

„უკვე უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლითი გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით, უშგულის გავლით, მაგრამ ეს გზა საკმარისი არ იქნება კურორტ თეთნულდის განვითარებისთვის. ამიტომ იქ საჭიროა გვირაბების აშენება”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.