LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრანდიოზული სასტუმრო შეკვეთილში ოფიციალურად 1 აპრილს გაიხსნება

1758

შეკვეთილში, გრანდიოზული სასტუმრო “პარაგრაფი” 1 აპრილიდან ოფიციალურად გაიხსნება.

სატესტო რეჟიმში სასტუმრო დამსვენებლებს ნოემბრიდან იღებს და ამ დროისთვისაც სტუმრებით გადავსებულია. 1 აპრილიდან კი მარიოტის ბრენდის ქვეშ ოფიციალურად გაერთიანდება.

სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა.

ნომრების შეკვეთა მერიოტის ოფიციალურ საიტზე, აპრილის თვისთვის უკვე შესაძლებელია. ნომრის ღირებულება კი ამ დროისთვის 311 ლარიდან იწყება.

Paragraph Hotel & Spa Resort-ში 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერია, რომლებსაც ხედი ზღვის სანაპიროზე აქვს.

საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით, 2000 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 150 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები წყლის სასრიალო ატრაქციებით, ზამთრის ბაღი… ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

მსურველებს სასტუმროს დათვალიერების საშუალება პირველი აპრილიდან ნებისმიერ დროს ენებათ, თუმცა მისი ცალკეული სერვისებით, ჯერჯერობით ვერ ისარგებლებენ.

როგორც სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა “ფორტუნასთან” განაცხადა, ჯერჯერობით, მხოლოდ აუზით სარგებლობა შესაძლებელი არ არის. თუმცა, ამაზე დიდი მოთხოვნაა.

“მოთხოვნა არის, თუმცა იმდენი დამსვენებელია სასტუმროში, მხოლოდ აუზის საშვების გაცემა, დისკომფორტს გამოიწვევს. ვნახოთ, მომავალში რა იქნება.

ამ დროისთვის აუზით და სხვა სერვისებით სარგებლობა მხოლოდ მათთვისაა შესაძლებელი ვინც ჩვენ სასტუმროში ისვენებს”, – განაცხადა ფორტუნასთან სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

გარდა დასვენებისა, სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს კონფერენციებისა და ფორუმებისთვის სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზებსა და შეხვედრების ოთახებს. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელთათვისაც როგორც სხვადასხვა კატეგორიის ნომრებში, ასევე სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა.

ბუნებრივი ტყის, ზღვისა და მაგნიტური ქვიშის პროცედურების გარდა, დამსვენებლებს სასტუმრო თანამედროვე ბავშვთა გასართობი ცენტრს ჰპირდება, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი. შეკვეთილის სასტუმრო, უმაღლესი ხარისხის მომსახურებების და სტანდარტების გარდა, სტუმრებს შესათავაზებს სხვადასხვა საინტერესო გასართობ ღონისძიებებსა და გასვლით ტურებს.

თანაინვესტირების ფონცის ცნობით, სასტუმროს ჯამური საინვესტივიო მოცულობა 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

magti 5g