LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრეგორი პორტერის სამი ბისი და საახალწლო ღონისძიება ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად

106

ამერიკელი ჯაზშემსრულებელი, ორი „გრემის“ მფლობელი, გრეგორი პორტერი საქართველოს მეორედ ეწვია. ჯაზფესტივალის შემდეგ, ამჯერად თავის ბენდთან ერთად, „სოლოს“ მოწვევით და „ისთერნ ფრომოუშენსის“ ორგანიზებით, კვლავ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა კონცერტი, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად.

გრეგორი პორტერმა სცენაზე გამოსვლისას აღნიშნა, – საქართველოში ჩამოსვლის წინ აფრთხილებდნენ, რომ ამ ქვეყანაში ყველა მღერის. მომღერალი დაგვპირდა, რომ შემდეგ ჯერზე ერთი კვირით მაინც ჩამოვა, რომ ქართულ სიმღერას უფრო კარგად მოუსმინოს. პორტერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ორკესტრსა და მის ხელმძღვანელს, რომელთან კოლაბორაციაც შესანიშნავი იყო… უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ორკესტრებს მსგავსი დონის მუსიკოსებთან თანამშრომლობა საინტერესო გამოცდილებას სძენს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეუძლიათ მათ წინაშე მდგარი მუსიკალური ამოცანების გადაჭრა.

საღამოს განმავლობაში პორტერმა შეასრულა კომპოზიციები როგორც ცალკე ბენდის, ცალკე – ორკესტრის თანხლებით, ასევე ორივესთან ერთად. რეპერტუარი კი მრავალფეროვანი გახლდათ, კომპოზიციები მისი ალბომებიდან და ბოლო ნამუშევრიდანაც, რომელიც კერპს, ცნობილ ჯაზმენს, ნეთ ქინგ ქოულს მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცნობილი კომპოზიცია გაჟღერდა, თქვენს ყურადღებას ერთ-ერთ მათგანზე გავამახვილებთ – „When Love Was King“. როგორც თავად არტისტმა თქვა, ეს სიმღერა ნეთ ქინგ ქოულს მიუძღვნა, საკუთარ მუსიკალურ კერპს. ამ კომპოზიციის მოსმენისას დარბაზში უბრალოდ, ვერ დარჩებოდით და პორტერის ხმას იქ გაჰყვებოდით, სადაც ის მიგიწვევდათ…

სწორედ ამ მუსიკალური ჯადოსნობის შედეგი იყო, რომ მაყურებელმა არტისტს ბისზე სამჯერ უხმო და პორტერმაც არ დაიზარა სცენაზე არაერთგზის გამოსვლა, „Liquid Spirit“-ის რიტმებზე აპლოდისმენტებიც გვაკვრევინა და კიდევ ერთხელ მიუძღვნა მადლობა ქართველ მუსიკოსებს, რომლებმაც გვერდი დაუმშვენეს…

პ.ს. ილია ბაბურაშვილის ფოტოები

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები