LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება თუ არა “საქართველოს ფოსტა” მონოპოლიტი?

88

”საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე არ გამორიცხავს, რომ ”ფოსტის შესახებ” კანონში ეროვნულ ოპერატორად ისევ ”საქართველოს ფოსტა” განისაზღვროს.

როგორც ჩიკვაიძემ ”ფორტუნას” განუცხადა, დღეის მდგომარეობით, კანონპროექტის შემუშავებაში ”საქართველოს ფოსტა” ჩართული არ არის.

”იმედი მაქვს, რომ კონსულტაციების დონეზე მიწვეული ვიქნებით მონაწილეობის მისაღებად. რაც შეეხება იმას, ”საქართველოს ფოსტა” იქნება თუ არა ეროვნული ოპერატორი, ეს გამომდინარეობს იქიდან, სახელმწიფო რა საჭიროებას განუსაზღვრავს ეროვნულ ოპერატორს. დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქსელის არსებობის კრიტერიუმს ვფიქრობ, რომ მხოლოდ ”საქართველოს ფოსტა” აკმაყოფილებს” – განუცხადა ”ფორტუნას” ჩიკვაიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რომ ”საქართველოს ფოსტას” კონკურსგარეშე მიენიჭოს ეს სტატუსი, ლევან ჩიკვაიძის თქმით, ეს სახლმწიფოს გადასაწყვეტია.

”რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი, ვის მიანდობს საკუთარი ვალდებულების შესრულებას. იცით, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი უნდა დასრულდეს ხუთი წლის განმავლობაში და ამ პერიოდის შემდეგ სახელმწიფომ შესაძლოა, განკერძოებაზეც კი იფიქროს. არ არის მარტივი პროცესი. შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი, ევროპაში მიმდინარე პროცესები აბსოლუტურად განსხვავდება დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისგან, ამიტომ მოდელი შესარჩევი ექნება სახელმწიფოს, თუ როგორ სურს მას იყოს საფოსტო ბიზნესის განვითარების ხუთწლიანი და ხუთი წლის შემდგომი გზა,” – აღნიშნა ჩიკვაიძემ.

”საფოსტო კავშირის შესახებ” კანონპროექტზე ეკონომიკის სამინისტრო ”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” ერთად მუშაობს. თავდაპირველად კანონპროექტი უწყებამ 2014 წელს შეიმუშავა, რასაც გადამზადავი კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პროტესტი მოყვა. მათი განცხადებით, კანონპროექტი ბაზრის ამ სეგმენტზე ეკონომიკურად დაუსაბუთებელი სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებდა. კომპანიების განცხადებით, „საქართველოს ფოსტას“ ეროვნული ოპერატორის სტატუსი პირდაპირ (ყოველგვარი კონკურსის გამოცხადების გარეშე) ენიჭებოდა და ისეთ გაუმართლებელ შეღავათებს მიიღებდა, რაც მას სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებდა. კერძოდ, „საქართველოს ფოსტა“ 5 წლით ბაზრის მონოპოლისტი იქნებოდა და სხვა ოპერატორები მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ „ქოლგის ქვეშ“ შეძლებდნენ თავიანთი მომსახურების მომხმარებლისთვის მიწოდებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები