LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძეს ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

24

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა.

ირაკლი კობახიძე, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, დღეს ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი არსი და შინაარსობრივი ცვლილებები გააცნო.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, ბელარუსის რესპუბლიკასთან მჭიდრო და დინამიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ირაკლი კობახიძემ ბოლო წლებში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა და შესაბამისად, საქართველოში არის კორუფციის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი.

 „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდების მიღება. მადლობა გადავუხადე მის აღმატებულება რექტორს, ასევე, პროფესორებს, აკადემიური საბჭოს წევრებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური კავშირები, ძალიან კარგი ეკონომიკური კავშირები, გვაქვს ისტორიული მეგობრობა, რომელიც აკავშირებს ჩვენს ხალხებს და ჩვენი პასუხისმგებლობა და ამოცანაა პოლიტიკოსების, რომ ჩვენ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები