LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა სარიშვილი: „დაიღუპა გიორგი, ჩემი მეოთხე შვილი…“

224

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს ისეთი ამბის შესახებ, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს. პოლიტიკოსი ქალბატონის თქმით, ორი თვის წინ პატარას შვილად აყვანა გადაწყვიტა, თუმცა ის გარდაიცვალა…

„ორი თვის წინ ერთ ცეროდენა ბიჭს გადავეყარე საავადმყოფოში, მშობლებისგან მიტოვებულს. იწვა გაუნძრევლად, უხმოდ. ექიმებმა მითხრეს, აზრი არა აქვს, არაფერზე არ რეაგირებსო. ავიყვანე ხელში და გაახილა თავისი ლურჯი თვალები. იმ წამს უკვე მივხვდი, რომ ჩემი მეოთხე შვილი მეჭირა ხელში.

მერე ნელ–ნელა ხმაც ამოიღო, ტრიალიც დაიწყო, ისე გავატუტუცე, რომ ხელში აყვანას მთხოვდა. მძიმე მდგომარეობა ჰქონდა ვიცოდი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ სახლი, დედა და ძმები 10 თვის ნაწვალებ პატარას ფეხზე დააყენებდნენ.

ეს ორი თვე მე ოთხი შვილი მყავდა და ეს ჩემმა ახლო მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იცოდნენ. გუშინ ოფიციალური ნებართვა ავიღე მიმღები მშობლის და ხვალ სახლში უნდა წამომეყვანა, ამის მერე ვაპირებდი გასაჯაროებას.

დღეს დილით გიორგი ცუდად გახდა და საოპერაციოდ შეიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, სულ სხვა რამ აწუხებდა და სხვა რამეს მკურნალობდნენ აქამდე. ვერ გაუძლო გიორგის გულმა ოპერაციას და გაჩერდა. არც აპარატზე შეერთებამ უშველა. დაიღუპა გიორგი ჩემი მეოთხე შვილი.

სოციალური სამსახურიდან სანამ მოვიდნენ, რეანიმაციაში ვიჯექი და ხელში მეჭირა ჩემი პაწაწუნა რიჟიკა. მერე მითხრეს, მოვიდნენ უკვე, შენ ქვემოთ ჩადი და ჩამოიყვანენ ბავშვსო. ჩავედი ქვემოთ.

უცებ ვხედავ, ვიღაც ახმახ ტიპს გამოაქვს საავადმყოფოდან კარდონის გადასკოჩილი ყუთი და ორი პარკი, სადაც გიორგის ტანსაცმელები და პამპერსები იდო. რაღაც ინსტინქტით გიიჟვით გავეკიდე ამ ტიპს და რა არის ამ ყუთში-მეთქი და გარდაცვლილი ბავშვიო.

აქამდე ვიბრძოდი, რომ ბავშვი სახლში დროზე წამომეყვანა და ვერ მოვასწარი. ახლა უნდა ვიბრძოლო რომ ჩემი მეოთხე შვილი მე დავასაფლავო. ძალიან არეული ვწერ. დავლაგდები რაღაც დროის მერე. უბრალოდ, რაღაცას ვერ ვიგებ და ვერსადროს ვერ გავიგებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები