LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის უკვე პლეხანოვზეა” – აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა [ვიდეო]

268

ბოლო პერიოდში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა. მოსახლეობას მავნებელი საკუთარ სახლებში ხშირად აწუხებთ, თუმცა, როგორც თავად განმარტავენ, თბილისში ფაროსანა არ არის იმ რაოდენობით, რაც დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა.  ფაროსანა კუს ტბასა და ვაკის პარკის მიმდებარედაც არაერთხელ შეუნიშნავთ.

„ფორტუნა“ შეეცადა, გაერკვია, რამდენად გავრცელებულია მავნებელი მწერი აღნიშნულ ლოკაციებზე.

კუს ტბის მიმდებარედ არსებულ კაფეებში “ფორტუნასთან” საუბრისას ამბობენ, რომ ფაროსანა მათ არსად შეუნიშნავთ.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში დათბა, ჩვენ არც ვერანდაზე და არც შიგნით კაფეში ეს მწერები არსად შეგვინიშნავს,“  – გვითხრეს ერთ-ერთ კაფეში.

მოსახლეობის ნაწილი, ვინც კუს ტბაზე რეგულარულად ვარჯიშობს, ამბობს, რომ ფაროსანას შესახებ მედიისგან შეიტყვეს და ამ მწერის გავცელების არეალად მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მოიაზრებენ. მათი თქმით, კუს ტბაზე ფაროსანა არსად შეუნიშნავთ. თუმცა, მეორე ნაწილი მწერს კარგად იცნობს. როგორც თავად აღნიშნავენ, ფაროსანა კუს ტბაზე არა მხოლოდ წელს, არამედ გასულ წლებშიც არაერთხელ უნახავთ. 

კუს ტბაზე ფაროსანას ძიებაში მწერის შესახებ დომინოს მოთამაშეებს ვკითხეთ. მოთამაშეთა ნაწილმა დაადასტურა, რომ მავნებელი ხშირად სტუმრობს მათი თავშეყრის ადგილს, ნაწილმა კი ფაროსანას შესახებ არაფერი იცოდა.

„არამხოლოდ კუს ტბაზე, ფაროსანა ბარნოვზეც, ჩემს ბინაშიც ხშირად მინახავს. წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა,“ამბობს ერთ-ერთი მოთამაშე.

ამავე წრეში ფიქრობენ, რომ აზიური ფაროსანა საქართველოში სპეციალურად გაამრავლეს და ისეთ ადგილას შეუშვეს, სადაც თხილის და სიმინდის მოსავალი დიდია. ასეთი კი სწორედ გურია და სამეგრელოა.  

„ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ადრე მოდიოდნენ იარაღით, ახლა კი – კალმითო. მე ვიტყვი, რომ ახლა ფაროსანათი მოდიან. სოფლის მეურნეობას თუ გაანადგურებს, მოსავალი თუ აღარ იქნება, რა თქმა უნდა, გაუჭირდება მოსახლეობას. შეიძლება, ეს არის შემთხვევითობა, მაგრამ თავისუფლად შეიძლება, ჩემი ვერსია სწორი იყოს,“  – ნახევრად ხუმრობით გვითხრა მსახიობმა ილო ბეროშვილმა.

ქეთევან გვენეტაძე კუს ტბაზე წლებია, მუშაობს. გვენეტაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფაროსანა წელს ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

„ამ მწერს საშინელი სუნი აქვს. წელს სადაც უნდა წახვიდეთ, ტბასთან ახლოს თუ შედარებით მოშორებით, უამრავია. ადრე მთელ კუს ტბას და ტყეს წამლავდნენ. რამდენიმე წელია, აღარ შეუწამლავთ. ხეებზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ფაროსანას გარდა სხვა ძალიან ბევრი ჭია ბუდობდა,“ – ამბობს ქეთევან გვენეტაძე.

ანალოგიური სიტუაციაა ვაკის პარკშიც. აქაც მოსახლეობის აზრი ორად იყოფა. ნაწილს შეხვედრია, ხოლო ნაწილი საერთოდაც არ იცნობს ამ მავნებელ მწერს.

“სურსათის უვნებლობის სააგენტოში” ამბობენ, რომ იმის დასადასტურებლად, თბილისში ნამდვილად არის თუ არა აზიური ფაროსანა გავრცელებული, კვლევები ტარდება.

„საქართველოში აზიური ფაროსანას 24 სახეობაა გავრცელებული. სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები ამ ეტაპზე ატარებენ კვლევას, რათა გავიგოთ, აღნიშნული სახეობებიდან თბილისში არის თუ არა ფაროსანა და რა რაოდენობით. მოსახლეობას დავამშვიდებთ და ვეტყვით, რომ ეს მწერი ადამიანს არ კბენს, ის მხოლოდ მოსავალს აზიანებს,“ – გაგვიმარტეს სააგენტოში.

 

დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბნებში ნახეს სახლებში ფაროსანა. სოციალურ ქსელებში ფოტოებიც ვრცელდება.

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10155069987021342&set=a.10150554141071342.371200.690256341&type=3&theater

 

წლების წინ დასავლეთ საქართველოში, სადაც დღეს ფაროსანას სიმრავლე უკვე კატასროფულია და გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა. დღეს კი ვითარება, ფაქტობრივად, კატასტროფულია. ამიტომაც შიშობენ თბილისელები, რომ დღევანდელი ცალკეული შემთხვევები, შესაძლოა, ძალიან მალე ისეთივე კატასროფული აღმოჩნდეს, როგორც სხვა ადგილებშია.

 

ტემპერატურის მატებასთან და კლიმატური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, აზიური ფაროსანა საცხოვრებელი სახლებიდან კვლავ ნათესებში ინაცვლებს, –  ამ ინფორმაციას “სურსათის ეროვნული სააგენტო” ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტოს სპეციალური ტექნიკა მუშაობს სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში იმ ლოკაციებზე, სადაც მავნებელი დიდი ოდენობით აღინიშნება.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს” ცნობით, გრძელდება პრეპრატების დარიგების პროცესი. ერთ ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი, ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) და მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა. პრეპარატების გადაცემა, დაახლოებით, 230 ათასი ოჯახისთვის არის დაგეგმილი.

 

თათია კაკიაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები