LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ქერდიყოშვილის პასუხი კრიტიკას: „როცა ახალგაზრდა ხარ და არცთუ ცუდად გამოიყურები, რაღაც ნაკლი ხომ უნდა გიპოვონ?“

500

„მის საქართველო“, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს და ახლახან იტალიაში უნივერსიტეტი დაასრულა, ის დიპლომიანი დიზაინერია. ახლახან მან ჟურნალ „რეიტინგს“ ინტერვიუ მისცა, რომელიც ფართო განხილვის საგნად იქცა.

ჯანეტი აღნიშნავს:

„საქართველოში გაცილებით მარტივი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ არ მინდა, ჩემი ბრენდი „მეიდ ინ ჯორჯიას“ სახელით გავიდეს მსოფლიო ბაზარზე. მე ყველგან ვამბობ, რომ ქართველი ვარ, მაგრამ „მეიდ ინ ჯორჯია“ რომ ვიყო მოდის სფეროში, ეს ნამდვილად არ მინდა.

– გაქვს ამისთვის საჭირო ფინანსები?

– ამ ყველაფერს 200-250 000 ევრო სჭირდება, ჩემმა ძმამ ახლა დაამთავრა სწავლა და ამიტომ მამაჩემის შეწუხება მერიდება. ამიტომ, როცა გავთხოვდები ყველაფერს მეუღლის მხრებზე დავდებ~.

ჯანეტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მეუღლის მხრებზე უნდა დადოს საკუთარი ბიზნესის დაფინანსება და ასევე არ სურს, „მეიდ ინ ჯორჯიას“ სახელით გავიდეს მსოფლიოში, ქართული საზოგადოების ნაწილს შორის აღშფოთება გამოიწვია.

გამოხმაურებები კი ასეთია:

„არ მიყვარს ქალების ბულინგი, იცით, მაგრამ Miss სტატუსი ბევრ ქვეყანაში ძალიან პოზიტიური სოციალური გავლენების მატარებელია და ჩვენთან კიდევ სარფიანი  „პატრონის ჩაბარების“.

„კითხვა ფემინისტებს: ახლა ამას რომ დავცინოთ, სექსისტური ბულინგის მსხვერპლი იქნება?“

„უკვე მგონია, რომ ვერ თხოვდება…“

„კიდევ კარგი, ლამაზი მაინცაა, თორემ რა ეშველებოდა…“

„2-3 წლის წინანდელი ინტერვიუ მაქვს ნანახი, სადაც ამბობდა, არაფრის კეთება მინდა გავთხოვდები და ქმარმა მარჩინოსო, მაგრამ ახლა ამბიციები აშკარად გასჩენია, რაღა თქმა უნდა, ისევ ქმრის ხარჯზე…“

„ამ გოგოს უბრალოდ, თავისებური (უმრავლესობისთვის მიუღებელი) შეხედულებები აქვს. პირადად ჩემთვის, მსგავსი მოსაზრება და ქმედება სხეულით ვაჭრობის ტოლფასია, ადამიანთან წვები ფულის გამო, აქ სიშტერე არაფერ შუაშია“.

„ნეტა ეს გათხოვდეს და დაისვენოს და დაგვასვენოს სრულიად საქართველო და მსოფლიო“

„არც „მეიდ ინ ჯორჯია“-ს უნდა რო შენს ნაქსოვ წინდებს დაეწებოს ზედ!!!“

ჯანეტს fotuna.ge დაუკავშირდა და სთხოვა, თავისი გამონათქვამები განემარტა.

ჯანეტ ქერდიყოშვილი:

მეც რომ ვნახე ეს ინტერვიუ, არ მქონდა ლამაზად ნათქვამი. ჟურნალისტს ნამდვილად ვერ დავაბრალებ, ვფიქრობ, ხალხმა გაიგო არასწორად ჩემი ნათქვამი. არ მიგულისხმია, რომ არ მინდა, „Made in Georgia“-ს სახელით გავიდე ფარგლებს გარეთ – ის ვიგულისხმე, რომ როგორც პოლიტიკოსებს თუ სპორტსმენებს გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ, ასევე მსურს მეც. მინდა, როგორც ქართველმა დიზაინერმა წარმატებას მივაღწიო უცხოეთში და ჩემს მიერ შექმნილ სამოსს ეწეროს „Made in Italy“, „Made In England“ და ა.შ. ქართველი დიზაინერები დიდ შრომას დებენ საკუთარ საქმეში და ამას პატივს ვცემ, მაგრამ მინდა, არა მხოლოდ თბილისში და ბათუმში მქონდეს ჩემი მაღაზიები, უფრო დიდ წარმატებაზე ვოცნებობ, რადგან მივიღე ევროპული განათლება და ვცხოვრობ ევროპაში, მაქვს ჩემი პატარა კონტაქტები ამ სფეროში. იტალიაში სწავლისას წელიწადში სამჯერ ახალ კოლექციებს ვაკეთებდით, ყველა მათგანში ქართული ელემენტები მქონდა შეტანილი. ქართველებს გემოვნების შეგრძნება ნამდვილად გვაქვს და ვიცით, როგორ ჩავიცვათ. მინდა, ეს გამოვაჩინო.

სამწუხაროა, რომ რაც უნდა დადებითად ვთქვა რაღაც, ყოველთვის აგრესიით მპასუხობენ. იმის მაგივრად, რომ ამაყობდნენ, – გამოჩნდა ქართველი გოგონა, რომელიც ევროპაში აპირებს წარმატების მიღწევას. გულდასაწყვეტია, რომ ჩემი ეს გამონათქვამი ასე მიიღეს…

კიდევ ერთი პასაჟი ამ ინტერვიუდან შენს გათხოვებას ეხებოდა, როცა შენს საქმეს მეუღლეს დააფინანსებინებ…

ლონდონში ვაპირებ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას, რომ შევისწავლო, როგორ გავყიდო ჩემი პროდუქტი. ჟურნალისტი დაინტერესდა, უკვე რატომ არ ვიწყებ საკუთარი ბრენდის შექმნას, რაზეც ვუპასუხე, რომ მამაჩემს დიდი ხარჯები აქვს ჩემი და ჩემი ძმის სწავლის დაფინანსების კუთხით და ახლა მას ვერ ვთხოვ, რომ ბრენდის დასაფუძნებლად ფული მომცეს, ამას ვერ შეძლებს. ამიტომაც ჯერ ვისწავლი, შემდეგ უკვე დადგება ჩემი დაოჯახების დრო და მაშინ ჩამოვაყალიბებ ჩემს ბრენდს-მეთქი. ეს ნათქვამიც ხალხმა სხვანაირად მიიღო.

როგორ ფიქრობ, რატომ იღებენ ხშირად შენს ნათქვამს სხვანაირად?

არ ვიცი, როცა ახალგაზრდა ხარ და არცთუ ცუდად გამოიყურები, არ ვიტყვი, რომ ლამაზი ვარ, ეს თითოეულმა თავად უნდა შეაფასოს, რაღაც ნაკლი ხომ უნდა გიპოვონ? ვერ ამბობენ, რომ მახინჯი ვარ, ცუდად თითს ვერავინ გამოიშვერს ჩემკენ, რადგან პატივს ვცემ ჩემს ოჯახს, მაქვს ჩემი პრინციპები, ამიტომაც ამბობენ, რომ არ მაქვს სათანადო განათლება, რადგან ასეთ რაღაცებს ვამბობ… ძალიან მწყდება გული ამაზეც, რადგან თბილისშიც კარგად დავამთავრე უნივერსიტეტი, იტალიაშიც უმაღლესი ქულებით დავასრულე სწავლა, სკოლა წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული. შესაძლოა, ქართულად ისე კარგად ვერ ვლაპარაკობ და აზრს ვერ ვაყალიბებ, რადგან ძირითადად, მაინც რუსული განათლება მაქვს მიღებული… ხანდახან მწყინს ასეთი გამოხმაურებები, მაგრამ ვიცი, რომ ხალხს ვუყვარვარ და ვინც მიცნობს, მისთვის ეს ყველაფერი უმნიშვნელოა…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები