LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანო იზორიას ემოციური ინტერვიუ, რომლის დროსაც ცრემლები ვერ შეიკავა…

195

მსახიობმა ჯანო იზორიამ, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა და წინა ტურში პროექტი დატოვა, „ფორტუნას“ ძალიან გუწლრფელი ინტერვიუ მისცა. მსახიობმა გვითხრა, რომ პროექტში ძალიან უნდოდა მონაწილეობა და მეგობარმა, გიორგი მასხულიამ შეაგულიანა, შეთავაზება კი დუტა სხირტლაძესგან მიიღო და სიხარულით დათანხმდა. ყველა საქმეს ერთნაირი ენთუზიაზმით ეკიდება, მსახიობობა მისთვის მთავარი გატაცებაა და ამის გამო ფოთიდან თბილისში დადის… ამ თემაზე საუბრისას მან ცრემლები ვერ შეიკავა და რამდენჯერმე ამის გამო ინტერვიუს შეწყვეტამ მოგვიწია…

ჯანო იზორია:

IMG_0003რა თქმა უნდა, მქონდა იმედი, რომ ფინალში მოვხვდებოდი. ბოლომდე დარწმუნებული არაფერი არ ვარ, თავდაჯერება არ არის ცუდი, მაგრამ არავინ არ იცის, საბოლოოდ რა და როგორ მოხდება. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოხვედრა, პირველივე დღიდან, მახარებდა, რადგან ოცნება ავისრულე. მქონდა ამბიცია, რომ ფინალში გავსულიყავი და ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე, პროექტი წარმატებით დამეგვირგვინებინა. ბუნებრივია, ჩემს ადგილას ნებისმიერ ადამიანს ექნებოდა ემოციები, რაღაც დრო უნდა გავიდეს, რომ ეს ყველაფერი გავიაზრო.

ოფისები არ გამიხსნია და ალო-ალო არ მიძახია, თავისთავად აგორდა ჩემი გულშემატკივრობა. ბევრმა იცის ჩემი ავან-ჩავანი, რა შემოქმედებითი გზა გამივლია, თავისი სიხარულითა და წვალებით, ამ ჩანთასთან ერთად. ბევრი ფიქრობდა, რომ ხალხის თანადგომით ჯანო იზორიას შეეძლო, ამ პროექტში ლიდერი ყოფილიყო. ქართველი ხალხის სიყვარული და პატივისცემა, რომელიც ამ პროექტმა მომცა, განსაკუთრებულია ჩემთვის და დიდი მადლობა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მთელ გუნდს, დამლაგებლებით დაწყებული, პროექტის ხელმძღვანელობით დასრულებული…

რასაკვირველია, გული დამწყდა, რომ პროექტს გამოვეთიშე. ძალიან დიდი მეგობრობა მაკავშირებს მონაწილეებთან. გულშემატკივრების არმიას ვერც ერთი მხრიდან ვერ გავაკონტროლებთ, ყველას თავისი მოსაზრება აქვს, ზოგი დიპლომატიურად გამოხატავს, ზოგი ხანჯალამოღებული იბრძვის საკუთარი აზრის გამოსახატავად. მე ყველა მათგანი მიყვარს… ჩვენ ყველა შევდექით სწორედ გულშემატკივრების წყალობით. ანდრიაც და სტასიც ჩემი მეგობრები არიან. მინდა, ბიჭებს ვუსურვო წარმატება, ისინი ძალიან მიყვარს. ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს რაიმე დავაბრალო. უმე რომ იაპონიაში ჩავიდე და ისინი ჩემზე გაგიჟდნენ, ამას რა ჯობია? პრობლემა სხვაა – სწორად გამიგოს საზოგადოებამ, კატალონიელები თუ მადრიდში თამაშობენ, მადრიდელებს აქვთ პრივილეგია. ვიფიქრე, ჩემს სამშობლოში ვარ, ჩემს ქვეყანაში და ჩემი ხალხი დამიჭერს მხარს-მეთქი… ჩემი გათვლებით მეგონა, რომ გავიდოდი ფინალში… მაგრამ ასე არ მოხდა და რას ვიზამთ.

13503112_886673104792058_531475726473486530_oრაც შეეხება გულშემატკივრებს, არავის გაჩუმებას არ ვაპირებ და არც არავის ვქოქავ. უბედნიერესი ვარ, რომ ამ მომენტამდე სუფთა და ალალი ბრძოლით მოვედი. ჩვენ, მე და ჩემს გულშემატკივრებს ვგულისხმობ, ძალიან ალალად ვიბრძოდით, არაფერი ზედმეტი არ გაკეთებულა ჩემი მხრიდან. ბანკშიც შეიძლებოდა მივსულიყავი, მაგრამ… ამისი ფაქტები არსებობს, რა საოცარი ამბავი ხდებოდა ფოთში, ქალაქში სხვა არხზე არ გადაურთავთ, თეატრებში მგულშემატკივრობდნენ ჩემს ქალაქში… ფოთს შემდეგ მოჰყვა ჩემი სოფელი ოტობაია… მოხუცი ქალი რომ მიდის ჩემს ბიძაშვილის ცოლთან და 2-3 ლარს აძლევს, ჯანოს დაურეკეთო… არავინ ელოდებოდა, რომ პროექტს დავტოვებდი. დედას არ დაურეკავს ჩემთვის, ჯანო ანერვიულებული იქნებაო. პირველი ზარი თამრიკო ჭოხონელიძისგან შემოვიდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა მისგან ასეთი შეფასებები მოვისმინე.

ჯანო, ამ პროექტით მართლაც დიდი პოპულარობა მოიპოვე, თუმცა პროფესიით საზოგადოების ნაწილი უკვე გიცნობდა… ლიზა ყენიამ დაწერა პოსტი შენს მხარდასაჭერად…

თუკი  ვაწყენინე ვინმეს, ბოდიშს მოვიხდი… მაგრამ ნურავინ მოიგონებს, რომ ჩემი წაგება ლიზა ყენიას სტატუსის ბრალია. არის ასეთი მოსაზრებებიც. როგორ? ლიზას რომ არ დაეწერა მოსაზრება,  ჯანომ უნდა გაიმარჯვოსო, სტასის გულშემატკივრები მე დამიმესიჯებდნენ?!. ცუდი სამსახური გაგიწია ლიზას სტატუსმაო. იცით, რამ წამაგებინა? ვერ ვიცეკვე და ამან წამაგებინა…

13498083_886638798128822_4128209048382107789_oლიზას ეწერა, რომ ფოთიდან დადიოდი რეპეტიციებზე… შენთვის, ალბათ, მნიშვნელოვანი იყო ის პრიზი, რომელიც პირველი ადგილისთვისაა განკუთვნილი, ბინა თბილისში…

დილა რომ გათენდა… … … დილა რომ გათენდა, ბევრმა რამ კადრებად გამირბინა. რომ ამბობდნენ, საცოდავი იმიჯი შეიქმნაო, არანაირი საცოდავი არ ვარ, მაგრამ იყო დრო და მე არ მივტირი კომუნისტების დროს, როცა მსახიობი რაღაცას მიაღწევდა, ბინას აძლევდნენ… იყო ისეთი ეტაპები ჩემს ცხოვრებაში, გადაღებიდან უნდა დავბრუნებულიყავი ფოთში, რეპეტიციაზე, დილას კი შარდენზე მქონდა ისევ გადაღება… მე თუ სადმე წარმატება მოვიპოვე, ყველას დამსახურებაა, ვისაც კი თბილისში ჩემთვის ერთი დღე მაინც მოუცია თავშესაფარი. ნათესავებისაც მერიდებოდა, და ისინი თავს მევლებოდნენ, როცა ერთი თვე სპექტაკლს ვთამაშობდი, ამ ჩანთით არ ვჩნდებოდი, რომ არ ეფიქრათ, დიდხანს რჩებაო. ამით თავს არავის ვაცოდებ, უბრალოდ, ვყვები ამბავს. მინდოდა, ერთი ჩემი ოთახი მქონოდა…

მსახიობის სამყარო სხვაა. როცა პრემიერისთვის ვემზადები, ზოგჯერ თეატრში ვრჩები, ზოგჯერ მსახიობ მეგობართან. ერთი უბრალო ოჯახი ვართ, თეატრში არ გაზრდილა არც ერთი ჩემი ოჯახის წევრი, პრემიერის წინ უნდა მეფიქრა როლზე და არა იმაზე, დედა რა ამბავს მომიყვებოდა… მსახიობის ჰონორარი სამარცხვინოა და ვიფიქრე, როდის ვიყიდი ბინას და აგერ არის შანსი-მეთქი. არავინ მითხრას, როცა კონკურსში ხარ, არ გინდა მოგება. ასე არ არის…

თუმცა ახლაც არ ვაპირებ გაჩერებას. მინდა სადმე წასვლა. არავინ არაფერს შემპირებია, თავად ვგეგმავ. დავჯდები, ჩემს შვილს ჩავეხუტები და ვიფიქრებ რაღაცებზე… შემოვევლე ანდრია გველესიანს და ვერავინ მეტყვის, რომ ვინმეზე ნაკლებად სჭირდება გამარჯვება. ცხრა რომ ჰქონდეთ, მეათესაც იმსახურებენ, რადგან იბრძოლეს და ეკუთვნით. მეც ვიბრძოლე, მინდოდა, მაგრამ ვერ მივიღე. გულშემატკივრებს თავი დაანებონ… სტასი მოსკოვში რომ მდგარიყო იმავე პროექტში და მე მის გვერდით, ის ვერ გაიმარჯვებდა. ჩემი ბავშვობის მეგობარია გელა გურალია,  „ვოისში“ შესანიშნავად გამოდიოდა, მაგრამ მესამე ადგილი აიღო, თუმცა იქ პრივილეგიაა, რომ ამით გელამ კარიერა აიწყო… აქ კი ცოტა ძნელია. აქაც იმარჯვებენ მუსიკალურ კონკურსებში ძალიან მაგარი მომღერლები, მაგრამ შემდეგ აღარ ჩანან, რაც ძალიან სამწუხაროა…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები