LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი გოგო და „ბენტლი“ მასტერის ახალ კლიპში – „ძალიან უხდებით ერთმანეთს…“

630

„SSS“ რეპერ მასტერის ახალი სიმღერაა, რომელიც ახლახან თავად გადაიღო. ის ქართველი რეპერისთვის უჩვეულო ჟანრშია გაკეთებული, რომელშიც აქამდე არ უმუშავია, ამ მიმართულებას რეპში Drill ჰქვია და როგორც მასტერმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, განგსტერული მიმდინარეობაა.

გიორგი პავლიაშვილი (მასტერი):

ახალი კლიპი სპონტანურად გადავიღეთ, რეჟისორი თავად გახლავართ. ინსტრუმენტალი მე არ მეკუთვნის, Proffeny-ს გაკეთებულია. ვეღარ ვითვლი, მერამდენე ვიდეო გადავიღე (იღიმის). სიმღერაზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჰიპ-ჰოპის ვიწრო მიმდინარეობა Drill, განგსტერული რეპია. ამ მიმართულებაში სიმღერა არასდროს ჩამიწერია. ჩემგან უფრო მელოდიურ კომპოზიციებს არიან მიჩვეულები და რასაკვირველია, იყო გარკვეული რისკი ამ ჟანრში სიმღერის ჩაწერა, მაგრამ გუშინ დადებულ კლიპს 11 000-ზე მეტი ნახვა აქვს და როგორც ჩანს, ამ ნაბიჯმა გაამართლა.

კლიპში „ბენტლიში“ ვზივარ, რომელიც ჩემმა მეგობარმა მათხოვა. მონაწილეობს ძალიან მაგარი გოგო – ინგა Fon Cat. პროფესიით ვიზაჟისტია და ვიცი, რომ თავის საქმეში ძალიან მაგარია. გარეგნულად ძალიან მომწონს. საინტერესო ამბავი მაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხვდა ჩემს კლიპში (იღიმის).

რა ამბავია, მოგვიყევი…

„ფეისბუქზე“ მყავდა მხოლოდ ნანახი, არ ვიცნობდი. ხომ იცი, გოგო რომ მოგეწონება და ზოგჯერ მის ფოტოებს რომ ათვალიერებ, მაგრამ არ მიმიწერია, ასე არ ვწერ ხოლმე გოგონებს. მცირე ხნის წინ მიწერა გადავწყვიტე. საუბარი კარგად აგვეწყო, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთი სიმღერა ძალიან მოსწონდა, შემდეგ კლიპში მონაწილეობა შევთავაზე და დამთანხმდა. ისეთი გოგოა, რომ ყველას შეშურდება, როცა ჩემს კლიპში ნახავენ (იცინის).

კლიპის ქვეშ კომენტარებში წერია, რომ მასტერი და ინგა ძალიან უხდებიან ერთმანეთს, ასე რომ, ინგასთვის იმის კითხვა გადავწყვიტეთ, მართლა რაიმე ხდება თუ არა…

ინგა Fon Cat:

ალბათ, მასტერმა იგრძნო, რომ მის სიმღერებს ვუსმენდი. ერთი სიმღერა განსაკუთრებით მომწონდა. მითხრა, რომ ძალიან ნანობს, აქამდე რომ არ მოუწერია, ალბათ, ერიდებოდა. ერთ დღეს მომწერა და სპონტანურად გადავწყვიეთ კლიპის გადაღება.

მოგწონს მისი ახალი სიმღერა?

ჩემს ტრეკლისტს კიდევ ერთი სიმღერა შეემატა მისი სახით. საერთოდ, არ ვარ რეპის მსმენელი, როკს ვუსმენ, მაგრამ ქართულ ესტრადაზე და ქართულ რეპში მასტერი ყველაზე მეტად მომწონს.

წერენ, რომ ძალიან უხდებით ერთმანეთს…

(იღიმის). შეიძლება, ისე ჩანდეს, რომ რაღაც ხდება ჩვენ შორის, მაგრამ მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ნუ, კი…

ნუ, კი რას ნიშნავს?

ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან მეგობრობაა…

და მისი მხრიდან?

ვერ გეტყვით, მას არაფერი უთქვამს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები