LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტი, თითქმის ყველა საგანში შეინიშნება

137

„მასწავლებლების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, მძიმე მდგომარეობაა“ – ამის შესახებ „ფორტუნას“, განათლების ექსპერტმა, რევაზ აფხაზავამ განუცხადა.

იმავე შეფასებას აკეთებს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თამარ ვეფხვაძე, რომლის თქმითაც,  კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტი, თითქმის ყველა საგანში შეინიშნება.

„მე უფრო ვეყრდნობი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ სტატისტიკას, ყველა ვიყავით მომსწრე, პედაგოგების რამდენი პროცენტი ჩაიჭრა ამ ტესტირებისას. ასე ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ კონკრეტულ საგანში კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტია, თუმცა   ვიცით, რომ კვალიფიციური პედაგოგები ყველა საგნობრივ ჯგუფში ჭირს“ – აცხადებს თამარ ვეფხვაძე.

კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სექტემბრიდან, მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი, საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა.

„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – ეს გახლავთ სახელმწიფოს ნომერ პირველი პრიორიტეტი. პროექტი  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრირებით შემუშავდა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში სათანადო ცვლილებები შევიდა.  ეს არის 60 კრედიტიანი ანუ ერთწლიანი პროგრამა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მივიღეთ პირველი ნაკადი, დაახლოებით 45 აპლიკანტი. ყველაზე მთავარი ის არის, რომ სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს განახლებული, 300 კრედიტიანი პროგრამა, რაც ძალიან სერიოზული პრიორიტეტია. აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ კი, კურსდამთავრებული,  განათლების მიმართულებით პედაგოგიკის მაგისტრი იქნება“ – განმარტავს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თამარ ვეფხვაძე.

ექსპერტ რევაზ აფხაზავას შეფასებით, საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამები პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ამ პროგრამებისთვის გარკვეული სტანდარტები არსებობდეს.

„ეს პროგრამები გულისხმობს მეთოდოლოგიის სწავლებას. 60 კრედიტიანი პროგრამა არ არის გამოტენილი უაზრო საგნებით, რომლებიც რეალურად პედაგოგებს პრაქტიკაში არ დასჭირდებათ და მათ საქმიანობასთან უშუალო კავშირში არ არის. საჭიროა გარკვეული სტანდარტირება – უნდა გაძლიერდეს საქმიანობა რამდენიმე მიმართულებით; უნდა იზრდებოდეს მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგების ხელფასები; უნდა განვითარდეს საუნივერსიტეტო პროგრამები. უნდა შეიქმნას რეალური ბერკეტები იმისთვის, რომ სკოლებმა შეძლონ იმ პედაგოგების სამსახურიდან გაშვება, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კვალიფიკაციას“ – აცხადებს რევაზ აფხაზავა.

 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები