ლელა წურწუმიას „რუფტოპში“ 27 და 28 იანვარს კონცერტები აქვს. 27 იანვრის კონცერტზე მაგიდები სამი კვირით ადრე უკვე დაჯავშნილი იყო, ამიტომაც გადაწყდა, რომ მეორე დღეც დაემატებოდა.
ბოლო დროს მომღერალი ხშირად გამოდის კლუბებში, სადაც მის კონცერტები ანშლაგით იმართება. მალე ლელა წურწუმია „გუფი ლენდთან“ ერთად საკუთარი სიმღერების ახალ ვერსიებს შემოგვთავაზებს და აპირებს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ტურნე მოაწყოს.
ლელა წურწუმია:
ძირითადად, შერეული რეპერტუარი გამომაქვს, ძველი ჰიტები განსაკუთრებულად უყვართ. კონცერტი ორ ნაწილად მაქვს დაყოფილი, ჯერ შედარებით მშვიდ სიმღერებს ვასრულებ, მათ შორის ქალაქური სიმღერებიცაა, მეორე განყოფილებაში კი ყველა ჩემს ჰიტს, რაც ტემპიანია. ისე, „ყველა“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან მართლა ყველა სიმღერა რომ შევასრულო, ცუდ დღეში ჩავვარდები, დიდი რეპერტუარი მაქვს (იცინის). 18-19 სიმღერას ვასრულებ, კონცერტები ცოცხალი შესრულებითაა.
ამ ბოლო დროს მართავთ კლუბებში კონცერტებს. მოგწონთ ასეთ სივრცეებში გამოსვლა?
ძალიან მიხარია, რომ ისევ მოთხოვნადია ჩემი შემოქმედება, განურჩევლად ასაკისა და გემოვნებისა. ერთი და იგივე ხალხი არ დადის ჩემს კონცერტებზე. ძირითადად, სხვადასხვა მსმენელია. თვალით კარგად ვიმახსოვრებ და ვხვდები, რომ ყველა კონცერტზე სხვადასხვა მაყურებელი მოდის. ჩემდა გასაკვირად, როგორც მამულიჩა მეუბნება, მოდიან „ქლაბერებიც“, რომლებიც აბსოლუტურად სხვა მუსიკას უსმენენ, მაგრამ ჩემს კონცერტებზე დასწრებაც აინტერესებთ. როცა მე მოვედი სცენაზე, ძალიან პატარები იყვნენ და მიხარია, რომ ახალი თაობაც უსმენს ჩემს სიმღერებს.
თქვენი შვილიც დადის, რამდენადაც ვიცი, მეგობრებთან ერთად…
(იღიმის) ჩემს შვილს და მის მეგობრებს უნდოდათ მოსვლა, მაგრამ კლუბებში გვიან ღამით მისი ასაკის ბავშვებს არ უშვებენ. მე როგორც ვიცი, ასეა.
როგორც ვიცი, 27 იანვრის კონცერტზე დიდი ხნით ადრე გაიყიდა ბილეთები.
მამულიჩამ დამირეკა და მითხრა, რას იტყვი, კონცერტი რომ დავამატოთო. მე, რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა. აქამდე ნაკლებად გამოვდიოდი კლუბებში. როგორც ჩანს, ხალხს მოენატრა ჩვენი შემოქმედება. მხოლოდ ჩემს თავზე არ ვიტყვი. კახაბერი და ხანუმები უკვე დიდი ხანია, ამგვარ კონცერტებს ატარებენ, გიო ხუციშვილი, დათო გომართელი, მერაბ სეფაშვილი… ახლა სტეფანემაც გამართა კონცერტი ბენდთან ერთად. ჩვენ დიდი ხანია, მოვდივართ, ბევრი ვიშრომეთ და ვიმუშავეთ და მგონია, რომ ამ აპლოდისმენტებსა და მსმენელის სიყვარულს ვიმსახურებთ. მინდა, ყველა ჩემს კოლეგას წარმატება ვუსურვო. მინდა, ყველა დაკავებული იყოს.
ახლა ჩემი რეპერტუარი მივეცი „გუფი ლენდს“ და რეგიონებში კონცერტების გამართვას ვგეგმავ. ის სიმღერები, რითაც მოვედი, ახლებურად აჟღერდება. ძალიან მიყვარს და მირჩევნია ლაივკონცერტები, ვიდრე ფონოგრამით შესრულება.
იანვრის კონცერტების შემდეგ კიდევ არის რაიმე დაგეგმილი?
არის, 14 თებერვალს მექნება კონცერტი, ოღონდ ჯერ არ ვიცი, რომელ კლუბში. ასევე 3 მარტს დაგეგმილია ჩემი კონცერტი „ასა ჰოლში“.
ნინო მურღულია