LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომბარდებზე, შესაძლოა, თამაშის ახალი წესები გავრცელდეს

104

ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება, უძრავი ქონება გარანტიად მიიღონ, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უწყების „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ლომბარდების მუშაობის შესახებ მოსახლეობაში ბევრი კითხვაა დაგროვილი და ამ მიმართულებით „თამაშის ახალი წესებია დასამკვიდრებელი“.

„ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება, უძრავი ქონება გარანტიად მიიღონ. მე მოვისმინე რამდენიმე ექსპერტის შეფასება, რომ თუ ადამიანი ლომბარდში თავის სახლს გარანტის სახით მიიტანს და იქედან ფულს აიღებს, ამით მას შესაძლებლობა ექნება ბიზნესი დაიწყოს. ჩვენ ჩვენს თავს ხომ არ მოვატყუებთ? რომელს გაქვთ იმის წარმოდგენა, რომ დალომბარდებული სახლიდან მიღებული თანხა შეიძლება სასტარტო კაპიტალად იქნეს გამოყენებული?! – ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ და სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ. ასეთი ტიპის ტრანზაქციები ემსახურება სხვა ძალიან პრობლემურ საკითხებს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯებია გადასადგმელი. ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული იმ აქტივების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა მონაწილეობდეს სალომბარდო საქმიანობაში. ჩემი მოსაზრებით, ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ უძრავ, არამედ, მოძრავ ქონებასაც, მანქანებს და ავტომობილებს, მაგრამ ეს კონსულტაციის შედეგი უნდა იყოს. ჩემი პირადი მოსაზრებაა, ეს პრობლემა, რომელიც დგას ლომბარდების საქმიანობასთან დაკავშირებით, აქვს ობიექტური საფუძველი, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ახალი თამაშის წესები დასამკვიდრებელი ისეთი, სადაც ასეთი განცდები საზოგადოებაში არ იქნება და ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამყარებას. ის არგუმენტებიც არასასიამოვნოა მოსასმენად, რომ თურმე ბინას თუ ჩადებ ლომბარდში, ეს სასტარტო კაპიტალად გამოდგება. ეს ჩემი აზრით, სასაცილოც აღარ არის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები