LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანის მეორე სიცოცხლე – „სახლში, სადაც მე და ჩემი შვილი ვცხოვრობდით, გაჩერება ძალიან გამიჭირდა…“

322

მაია ასათიანს „რუსთავი 2“-ში ვესტუმრეთ, იქ მცირე ხნის წინ თავის საყვარელ საქმეს დაუბრუნდა და ეკრანსაც, საიდანაც ყოველ კვირა ესალმება მაყურებელს. ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეწამყვანმა მაყურებელი არ მიატოვა და არც მაყურებელს მიუტოვებია ის… იყო პაუზა წინა წელს, რა თქმა უნდა და იყო მცირე, ორკვირიანი პაუზა ახლაც, თებერვალში, როცა მაიას, ნუცას გარდაცვალების წლისთავზე, ისევ მოუხდა მოგონებებთან შეჭიდება…

როგორც თავად ამბობს, ნუცას იმქვეყნად წასლის შემდეგ მეორედ დაიბადა და ცხოვრებას თავიდან სწავლობს. გაყიდა ბინა, სადაც შვილთან ერთად ცხოვრობდა და ახლა ნაქირავებ სახლში ახალი ბინის რემონტს ელოდება, ცხენზე ჯირითს სწავლობს და ცურავს მაშინ, როცა „პროფილთან“ დაკავშირებულ საქმეებს არ აგვარებს ტელევიზიაში. აქ მას მეორე ოჯახი ელოდება, მეგობრები, რომლებმაც უახლოეს ადამიანებთან ერთად, პირადი ტრაგედია გადაატანინეს.

მაიასთან ინტერვიუ fortuna.ge-მ ქსკლუზიურად ჩაწერა.

ბანალური, მაგრამ ამ შემთხვევაში, აქტუალური კითხვით დავიწყებ შენთან საუბარს – ახლა როგორ ხარ?

მაია ასათიანი:

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაყურებელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა და დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით. დღის განმავლობაში მომდიოდა უამრავი წერილი სრულიად უცნობი ადამიანებისგან.

23 თებერვალს, ნუცას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობ, მაგრად ვიდგე და ჩემი ჭირი არ გამოვიტანო გარეთ, ზოგადად, კომპლექსი გამიჩნდა… არ მინდა, ადამიანებისთვის ჩემი მწუხარება გადამდები იყოს, ამიტომ ვცდილობ, მყარად ვიდგე და ვიყო პოზიტიური.

როდესაც წლისთავი მოახლოვდა, ამ დღეების თავიდან გადატანა რთული აღმოჩნდა. მქონდა განცდა, რომ ყოველი წამი, როცა ნუცა მიდიოდა, დამიბრუნდა… შემექმნა მცირე ჯანმრთელობის მცირე პრობლემაც, ეს ტრავმა უკვალოდ არსად მიდის, გულზე მქონდა პრობლემა, ამიტომ უკეთესი იქნებოდა, ცოტა ხანს პაუზა ამეღო. ეს ერთკვირიანი მონაკვეთი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩემი შვილი მარტოს მეგლოვა.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც გაიგო ჩემი მწუხარება და მადლობა მათ, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და ჩემი ამ ცხოვრებაში დაბრუნებაც. რეალურად, ჩემი სიმყარე ამ ადამიანების დამსახურებაც არის, ეს არ გახლავთ ლიტონი და მოგონილი სიტყვები. ძალიან მამხნევებდა იმ დედების მაგალითები, რომლებსაც ჩემი მსგავსი ამბავი აქვთ. ბევრი გავიცანი ჩემი ტრაგედიის შემდეგ და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე. მეუბნებოდნენ, რომ პირველი წელი იქნებოდა ყველაზე რთული, შემდეგ კი ყველაფერი მეორედ იქნებოდა და მართლაც ასეა…

ის, რომ საქმეს მალე დავუბრუნდი, ამანაც გადამრჩინა.

როგორ ვარ სულიერად? ამ კითხვაზე რთულია პასუხის გაცემა. როგორ შეიძლება, სრულყოფილად კარგად იყოს შვილმკვდარი ქალი?!. თუმცა ფიზიკურად კარგად ვარ, ვმუშაობ მეორე პროექტზე, რომელიც მალე გავა „რუსთავი 2“-ის ეთერში, ქალებისთვის განკუთვნილი გასართობი გადაცემაა…

ძალიან კარგი სამეგობრო წრე გყავს სამსახურში, რომლებთან ერთადაც მუშაობ. კარგად გახსოვს, რთულ პერიოდში ვინ იყო შენ გვერდით და ვინ არ იყო?

ცხოვრება ძალიან რთულია. ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეიძლება, ეჭვი შეეპაროს, რამდენად სამართლიანია სამყარო. ბევრი ცუდი რამ ხდება, ბევრი სიბინძურე. ჩემი პროფესია გულისხმობს იმასაც, რომ ხედავდე ძალიან მძიმე რაღაცებს, სიბინძურეს… ამ დღეებმა და ადამიანებმა, რომლებიც ჩემ გვერდით არიან, მაჩვენეს, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, როგორც ჩემი საყვარელი მწერალი ამბობს… მეც სიყვარულმა გადამარჩინა. გადამარჩინა დედამ, რომლის უსაზღვრო სიყვარულის გამო დავდექი ფეხზე და დავრჩი ცხოვრებაში, ჩემი დების თავგანწირვამ, რომელთაც არ უნდოდათ, თვალებჩამქრალი ვენახე და გადამარჩინეს მეგობრებმა. მაშინ, როცა უუნარო ვიყავი, ქმედითები იყვნენ ჩემი მეგობრები და აკეთებდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ მე ცხოვრება გამხარებოდა. ხშირად ვსვამდი შეკითხვას, დადგება დღე, როცა გათენება გამიხარდება-მეთქი? ვერ ვიტყვი, რომ ახლა გათენება ისე მიხარია, როგორც წლების წინ, მაგრამ ჩემთვის თენდება და მე არ ვარ მარტო, ვარ სულ სიყვარულით გარემოცული, რაც დიდი ბედნიერებაა. ეს არ არის უბრალოდ ნათქვამი სიტყვები, რომ გიპასუხოთ. ის, რომ ფეხზე ვდგავარ და უბედურების ასეთ დიდ ტალღას ვუმკლავდები, სიყვარულის დამსახურებაა, რომელიც მართლაც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ.

მკიცხავდნენ და მლანძღავდნენ, რაც ჩემთვის უცხო არ არის. რაც აქტიურად ვჩანვარ, მას მერე სულ იყო სიშავის ტალღა ჩემ მიმართ, მაგრამ სიყვარული, სითბო და ადამიანური ფასეულობები, არის ის, რაც მაძლებინებს და მყარად მაყენებს ფეხზე. ათასჯერ უფრო მეტია პოზიტიური და სითბოთი სავსე წერილი. აღმოვაჩინე, რომ დედამისი ზურგზე აღარ არსებობს თემა, რომელიც ტკივილს მომაყენებს, სიტყვა, რომელიც მატკენს, ქმედება, რომელიც მეტკინება, რადგან აღარ მტკივა და ვერ მეტკინება. რეალურად მოვკვდი და თავიდან დავიბადე. მე ვნახე, რა არის სიკვდილი… ერთხელ უკვე გარდავიცვალე და სიკვდილის აღარ მეშინია!..

ახლა ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან. ვიცი, რომ მაქვს ეს ტვირთი და ის ცხოვრების ბოლომდე უნდა ვატარო. სიცოცხლის ბოლოც არ არის საშიში, რადგან იქ ჩემი ცხოვრების მთავარი შეხვედრა მელოდება.

რთული და ძნელია, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მაგრამ ასეთი ბედი მერგო.

ერთი დღით ცხოვრობ თუ გეგმავ ცხოვრებას?

ერთი დღით არ ვცხოვრობ, უბრალოდ, ვცდილობ, ის გათენდეს, დაღამდეს და არ ვიყო უფუნქციო. ჩემი სამსახურიც არ მაძლევს საშუალებას, რომ  უფუნქციო ვიყო და დეპრესიული… პატარა პრობლემების დროსაც არ შემეძლო და ახლაც არ შემიძლია. სულ მიკვირს იმ ადამიანებს, ვინც ლოგინში წევს და ცუდადაა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ტრაგედია შემემთხვა, რასაკვირველია, მქონდა რთული დღეებიც, მაგრამ არ მქონია შემთხვევა, როცა ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და არავისთან მინდოდა კონტაქტი. ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ პირველი, რაც გავაკეთე, გარეთ გამოვედი. თავზეც მეფარა შავი ნაჭერი, გავუგე ყველა სხვა თავშებურულ ქალს, სამყაროს ემალები, გინდა, პატარა და შეუმჩნეველი იყო… ის მოვიხსენი და 40 დღის შემდეგ, შავიც გავიხადე. სხვათა შორის, შავი ჩემთვის ერთგვარი უნიფორმა იყო, შავის გარდა ტანსაცმელი არ მქონია… მაქვს განცდა, რომ ჩემი შვილი მიყურებს და არ მინდა, მნახოს დაცემული, სევდიანი, მოუვლელი და სუსტი.  მინდა, ხედავდეს, რომ ღირსეულად გადამაქვს უმისობა. მინდა ვიყო ისეთი, როგორიც ნუცას ვუყვარდი, სულ ამბობდა, რომ მისთვის მაგალითი ვიყავი და ნუცას მაგალითი არ უნდა დაეცეს…

ნუცას სიკვდილი ჩემთვის ერთგვარი წყალგამყოფივით არის. ის სხვა ცხოვრებაა და ეს სხვა. ჩემმა ახალმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ არიან ადამიანები, ვისაც ძალიან უნდოდა, დაცემული ვენახე. მახსოვს ადამიანები, რომლებიც გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა დავბრუნდი. ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ეგონა, რომ დავეცემოდი და ძალიან მითანაგრძნობდნენ ამ დაცემაში… აღმოვაჩინე, რომ უბედური და დავრდომილი შესაძლოა, უფრო მეტისთვის იყო სასურველი, ვიდრე ფეხზე მყარად მდგომი. დაცემა ადვილია, ფეხზე დგომაა ძნელი და სანამ მე ცოცხალი ვარ, სანამ არ მივსულვარ ჩემს შვილთან, არ მინდა, ვიყო დაცემული და ვინმემ თქვას, რომ ნუცას დედა დაეცა, არ დავეცემი…

გეგმებზე მკითხე და გეგმები სულ მაქვს. შარშან, ნუცას გარდაცვალების შემდეგ მთავარი გეგმა იყო, გადავრჩენილიყავი და დავრჩენილიყავი სიცოცხლეში… და ასეც მოხდა.  სახლში, სადაც მე და ჩემი შვილი ვცხოვრობდით, გაჩერება ძალიან გამიჭირდა. შევიცვალე საცხოვრებელი და ახლა ვარ ნაქირავებ ბინაში. ავიღე კრედიტი და ვიყიდე ახალი ბინა. ახლა რემონტის ბოლო სტადიაში ვარ. თითქოს, ამით ჩემს ახალ სიცოცხლეს ვიწყებ. 40 წლის ასაკში დავიწყე ახალი ცხოვრება და პირველ ნაბიჯებს ვდგამ.

ვიცი, რომ მკითხავ პირადზე და ამაზე პასუხი არ მაქვს. პირადი ყოველთვის მქონდა, მაგრამ არასდროს მივიჩნევდი, რომ ამაზე ხმამაღლა უნდა მესაუბრა, რადგან პირადს ისედაც ვნებს, როცა წყვილში ცნობილი ქალია… არ მახსენდება პერიოდი, როცა მარტო ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა მამაკაცი, რომლის გვერდითაც თავს კარგად ვგრძნობდი.

ხშირად მისვამენ კითხვას, გავაჩენ თუ არა ბავშვს. ძალიან უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს ამ შეკითხვის დროს, რადგან ეს პირადი და მტკივნეული თემაა. ამ ეტაპზე იმდენად ვარ ჩემი ტრაგედიით მოცული, რომ ამას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია. ამ ეტაპზე არ ვარ მზად დედობისთვის. არ უნდა გააჩინო შვილი იმიტომ, რომ ტრაგედია გაგიქარწყლდეს… გარდაცვლილი შვილის სახელზე არ უნდა გააჩინო შვილი, რომ შენს ცხოვრებას აზრი შესძინო. ერთმა ჩემმა მეგობარმა, ქეთი ლომსაძემ მითხრა, არ მყავს შვილი, მაგრამ ჩემს ცხოვრებას აზრი აქვსო… აღმოვაჩინე, რომ შეიძლება, ცხოვრებას აზრი ჰქონდეს… ახლა შვილის გაჩენა ძალიან ეგოისტური ნაბიჯი  იქნებოდა ჩემი მხრიდან…

მაია, პროფესიული თვალსაზრისით გადაფასება არ მომხდარა ამ ყველაფრის შემდეგ? არ გიფიქრია, რომ დრო დადგა, რაღაც სხვა აკეთო?

არა. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. ამ სფეროში 15 წლიდან ვარ. არ ვიცი სხვანაირი ცხოვრება და არც ის ვიცი, სხვა რა უნდა ვაკეთო. როცა პარიზი-თბილისის რეისი დაეშვა თბილისის აეროპორტში და ჩამოვასვენე ჩემი შვილი, ტრაპიდან რომ ფეხი ჩამოვდგი, დავინახე ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩემი სფეროდან რაიმე შეხება ჰქონდა ან არ ჰქონდა… მთელი ჩემი დიდი ოჯახი, სახელად ტელევიზია, გლოვობდა ჩემთან ერთად… მე, ალბათ, აქ შემერევა ჭაღარა, ოღონდ მაყურებელი გონებრივად დაბერებულს არ მნახავს. ესეც მაქვს გადაწყვეტილი, ჯერ კადრიდან წავალ და მერე, თუკი ვიცოცხლე ამდენი ხანი, ნელ-ნელა მოვიფიქრებ, როგორ წავიდე ტელევიზიიდან საერთოდ…

სიბერის ცოტა მეშინია, არ მინდა, მიუსაფარი მოხუცი ვიყო. ბევრ ადამიანს ვხედავ ახლა, ვისაც ჩემნაირი აქტიური ცხოვრება ჰქონდა და ახლა მოწყალებას ითხოვს. შვილი არ მყავს და ამიტომაც, ბოლო დროს მეფიქრება, რა იქნება სიბერისას, მაგრამ ვიცი, რა იქნება სიბერემდე – ტელევიზია!.. როცა არაქმედითუნარიანი ვიქნები, წავალ…

როცა ეკრანზე ბრუნდებოდი, ბევრს ეგონა, რომ მძიმე თემებს გააკეთებდი…

მაყურებელს გაუკვირდა, რომ მძიმე თემით კი დავიწყეთ, მაგრამ მერე აღარ გვქონია. მე მაქვს ტრაგედია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამ მილიონ ადამიანს ჩემი პირადი უბედურება თავს მოვახვიო. ისე ყოფნა უფრო იოლია, როცა შენს ემოციებს აძლევ გასაქანს, თავზე გაქვს წაკრული და პირველივე კითხვაზე იწყებ ვიშვიშს, რა ცუდად ხარ…

„პროფილი“ ყოველთვის მაყურებლის დაკვეთას ითვალისწინებს. ამ სეზონზე ოჯახურ ფასეულობებზე აქცენტის გაკეთება გადავწყვიტეთ. მაყურებელს მოენატრა ადამიანური სითბო და სიტკბო. „პროფილის“ თემები ხშირად იცვლება, უბრალოდ, სამმილიონიან ქვეყანაში ბაზარი არის ისეთი, როგორიც არის… ათი წელი გადაცემა სატელევიზიო ბაზარზე ვერ გაძლებს, თუკი მას არ ჰყავს დიდი მაყურებელი.

შარშან, როცა ნუცას სიკვდილის შემდეგ ეთერში დავბრუნდი, ორთვიანი პაუზა მქონდა… ჩემს თავს ვუთხარი, მიუხედავად ყველაფრისა, რაც დაგემართა, თუ შეძლებ, რომ ისევ პირველ ადგილზე გახვიდე-მეთქი… წლის რეიტინგს ვგულისხმობ. ჩემ თავს ეს მიზანი დავუსახე. მანამდე 9 წელი ყოველთვის ვიყავი პირველ ადგილზე წლის რეიტინგში. დეკემბრის ბოლოს, როცა რეიტინგი მოვიდა, ჩემ თავს ვუთხარი, ყოჩაღ-მეთქი, რადგან პირველზე გავედით და ეს ჩემთვის ნიშანი იყო…

ზოგადად, ჩემს თავს ვუსახავ ხოლმე ამოცანებს. ახლა დავისახე მიზანი, რომ დავიწყო ახალი ცხოვრება და გადავიდე ახალ სახლში.

შენი ყოველდღიურობა როგორია? ახლა ძალიან კარგ ფორმაში ხარ…

შეიძლება, ზოგმა თქვას, რომ მას შემდეგ, რაც დამემართა, არ უნდა მოვუარო თავს, მაგრამ ვფიქრობ, ვალდებული ვარ, თავს მოვუარო, რადგან მიყურებს უამრავი ადამიანი და ვარ ეკრანზე.

ვიკვებები ჯანსაღად, რაც დრომ გამომიმუშავა, დილას ყოველთვის ვსაუზმობ. ჩემი ტრაგედიის მერე, სამწუხაროდ, ხორცს ვეღარ ვჭამ, მხოლოდ ქათმის ხორცს, ისიც იშვიათად. უფრო მეტად შემიყვარდა ბოსტნეული, რძის პროდუქტები. ბევრად უკეთესად ვარ, როცა ასე ვიკვებები. თუკი ვინმეს მოსწონს, როგორ გამოვიყურები, ეს წყლის დამსახურებაცაა, რადგან აქტიურად ვსვამ. ასევე ყოველდღე ვცურავ კილომეტრს და გარდა ამისა, ცხენით ჯირითსაც ვსწავლობ, რაც ძალიან მინდოდა და ახლა მოვახერხე…

შარშან, მაისის მერე, დავუბრუნდი ამ რეჟიმს. ცურვა ისაა, რაც მაცოცხლებს და მასულდგმულებს, პროფესიულად ვცურავ. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, მივდივარ აუზზე და მერე ვბრუნდები სახლში.

მყავს ორი ძაღლი, ერთი ნუცას ჰასკი და მეორე პატარა მალტეზი. თუკი ძალიან დაღლილი არ ვარ, ჩემი დღის რეჟიმში შედის მათი გასეირნება, რაც ძალიან მსიამოვნებს.

მთელი ცხოვრება მქონდა სიგამხდრის პრობლემა. გენეტიკურადაც თხელი ვარ და მუშაობისას სულ მავიწყდებოდა ჭამა. დამჭირდა ვიტამინების დახმარება, რომ ცოტა მომემატა წონაში. უფრო კარგად ვგრძნობ თავს ცოტა მომატებული, ახლა ვცდილობ, არ დავიკლო ან არ მოვიმატო. მაყურებელიც მწერს, რომ ასეთ ფორმაში უფრო მოვწონვარ.

ხშირად მწერდნენ, თმა გაიზარდეო. დავუბრუნე ჩემი ბავშვობის ვარცხნილობა. ჩემთვის საძულველი ვარცხნილობა იყო გადაწეული თმით სიარული. მაყურებელმა მომწერა, რომ გადაწეული თმა ძალიან მიხდება და მადლობა მას, რადგან მეც მომწონს ჩემი თავი ამ ვარცხნილობით.

შენს სამოსზეც იყო საუბარი…

წლებია, მე და ავთანდილი ვმუშაობთ ერთად. გადაცემის სამოსს ვარჩევთ ისე, როგორც მაშინ, ნუცა რომ ცოცხალი იყო. ცოცხალი ვაკეთებ გადაცემას და ეკრანზეც ისე უნდა მეცვას, როგორც ცოცხალს. ძალიან ბევრი შავი კაბა მაქვს გარდერობში, მაგრამ, როგორც ავთო ხუმრობს ხოლმე, სულ მგონია, რომ შავი კაბა არ მაქვს. ახლაც პატარა შავ კაბას ვიკერავ გადაცემისთვის… შეგვაქვს ხოლმე მრავალფეროვნებაც. მახსოვს, მითქმა-მოთქმა ჩემს ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ჩვენი საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ უბედურებაში მყოფი ქალი მიცვალებულივით უნდა გამოიყურებოდეს. ჩვენი სარწმუნოების მიხედვით, 40 დღის შემდეგ გლოვა უნდა დამთავრდეს, რადგან თუკი სულის უკვდავების გვჯერა, მაშინ რაღას ვგლოვობთ? ზოგადად, სამოსი რომ გლოვის ნიშანი იყოს, მთელი ცხოვრება ეკრანზეც და მის გარეთაც შავი მეცვა და არაფერს ვგლოვობდი… ასე რომ, თუ გარეთ გაზაფხულია, იყოს გაზაფხული…

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g