LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისურები აჭარიდან: არაბი ფეხბურთელები ქართულად იმოსებიან

447

საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ „ალ ჰილალი”-ს ფეხბურთელები ქართული სამოსს იცვამენ. სპორტული ფორმები მათთვის აჭარაში, კომპანია ”აჭარა ტექსტილმა” შეკერა.
”მოგეხსენებათ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოსის ცნობილ ბრენდებთან. ამ შემთხვევაში ეს სპორტული ფორმები შეიკერა კომპანია ”ნაიკისთვის” და შემდეგ უკვე ”ნაიკმა” მიყიდა საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბს”, – განაცხადეს ”აჭარა ტექსტილში”. მათივე ცნობით, სამოსზე დატანილია წარწერა „დამზადებულია საქართველოში“.

 

შეგახსენებთ, ეს არ არის ერთადერთი საფეხბურთო გუნდი, რომლის ფეხბურთელებიც ”ქართულად იცვამენ”. ”აჭარა ტექსტილი” ფორმებით მსოფლიო მასშტაბით 35-მდე სპორტულ გუნდს ამარაგებს, მათ შორის დორტმუნდის „ბორუსიას“, ლონდონის „არსენალსა“ და იტალიის ნაკრებს.
ამასთან, კომპანია ამ დროისთვის ახალი საწარმოს მშენებლობაზეც მუშაობს. ტექსტილის ქარხანა ფოთში შენდება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მიწის მოსწორებას გულისხმობს. საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლა 2017 წლის აგვისტოში იგეგმება. აქ საწყის ეტაპზე 1500 ადამიანი დასაქმდება, ფოთში წარმოებული პროდუქცია კი უცხოურ ბაზარზე იქნება გათვლილი.

 


”ფოთის ტექსტილის საწარმოს წლიური წარმადობა 3 მილიონი ერთეული იქნება. აქ შეიკერება ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: ”ნაიკი”, ”პუმა”, ”ლოტო” და სხვა”, – აღნიშნეს კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, წინასწარი გათვლებით, საწარმოში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
შეგახსენებთ, საწარმო “აჭარა ტექსტილი” საქართველოში 2009 წელს გაიხსნა. პირველი სამკერვალო ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში ამოქმედდა. ამ ეტაპზე კომპანიას 2500 თანამშრომელი ჰყავს. საწარმოს წლიური წარმადობა კი 6 მილიონი ერთეულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები