LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალსა და „ბი-ბი-სი“-ს სერიალზე, სადაც მთავარ როლს ასრულებს…

94

მერაბ ნინიძის ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპია. მსახიობი შემოქმედებითად საკმაოდ დატვირთულია. ახლახან კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში დასახელდა ფილმი „იუპიტერის მთვარე“ მისი მონაწილეობით, რომელიც უნგრელმა რეჟისორმა კორნელ მუნდრუცუმ გადაიღო. გარდა ამისა, შემოდგომაზე მაყურებელი „ბი-ბი-სი“-ს პროექტს იხილავს, სერიალს, რომლის პირველი სეზონის გადაღებები დაწყებულია და მასში მერაბ ნინიძე ერთ-ერთ მთავარ როლს განასახიერებს…

რადიო „ფორტუნა“ ექსკლუზიურად დაუკავშირდა მსახიობს.

მერაბ ნინიძე:

ვადევნებ თვალს ქართულ სოცქსელებში მხარდაჭერას, რომელსაც მიცხადებენ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ასეთი გამოხმაურებებისთვის. ამ ბოლო დროს მასობრივად დავინახე მხარდაჭერა, სითბო, სიყვარული, შემართება და ყურადღება ჩემი ქვეყნიდან. დიდი ხანია, საქართველოში არ ვცხოვრობ და აქამდეც ბევრი რამ გამიკეთებია, მაგრამ ბოლო პერიოდში სიყვარულს გამორჩეულად გამოხატავენ. ეს ემოციურად ძალიან შემეხო და მივხვდი, რომ სადაც უნდა ვიყო, ჩემს სამშობლოს წარმოვადგენ. მიუხედავად იმისა, რომ კანის კინოფესტივალზე ჩემი მონაწილეობით ფილმი უცხოურია და საქართველოსთან შეხება არ აქვს, მე მაინც ჩემს ქვეყანას წარვადგენ…

რაც შეეხება ფილმს, სხვათა შორის, არ მაქვს მისი საბოლოო ვერსია ნანახი და მას პირველად კანში ვნახავ. ძალიან ვღელავ. რეჟისორთან ადრე მქონდა მოლაპარაკებები, მის წინა ფილმში მონაწილეობაზე. ძალიან ნიჭიერი და განსაკუთრებული ადამიანია. იმ ფილმში მონაწილეობა ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ, შარშან მივიღე მისგან კიდევ ერთი შეთავაზება. ბუდაპეშტში საცხოვრებლად გადავედი 4 თვით, რომ ფილმზე მუშაობა დაგვესრულებინა.

ფილმის შინაარსს მთლიანად ვერ მოგიყვებით. ვთამაშობ ექიმს, რომელიც ლტოლვილთა ბანაკში მუშაობს და ხელს ითბობს ლტოლვილების დახმარებაზე. მათ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ეხმარება ბანაკიდან გაქცევაში. ერთ-ერთი ლტოლვილი მის ცხოვრებაში გამორჩეულ როლს შეასრულებს, მას არაბუნებრივი შესაძლებლობები ეძლევა და ამ ორ ადამიანს პოლიცია და მთელი სახელმწიფო უპირისპირდება. საუბარი სირიელი ლტოლვილების ბანაკზეა. ვიცით, როგორ ექცევიან ლტოლვილებს უნგრეთში… არ ვასრულებ მორალური ადამიანის როლს, მაგრამ ახალგაზრდა ლტოლვილთან ნაცნობობა მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება… შევეცადე, ეს როლი განსხვავებულად გამეკეთებინა…

ამ ფილმის გარდა, გასულ წელს, სხვა ფილმში გადამიღეს, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ასევე დიდი წარმატებით სარგებლობს. მინდა, მივულოცო ყველას, ვინც ამ ფილმის შექმნაში მონაწილეობა მიიღო, რეჟისორებს, მათ, ვისაც გაეხარდა ფილმის წარმატება და მათაც, ვისაც არ გაეხარდა (იცინის).

მართალია, რომ „ბი-ბი-სი“-ს ახალ სერიალში მთავარ როლს ასრულებთ?

დიახ. ოფიციალური პრესრელიზი გავრცელდა, სადაც ჯეიმს ნორტონის მონაწილეობაზეა საუბარი და არ მინდა, მეტი ვთქვა, მაგრამ ეს ასპროცენტიანი სიმართლეა. შარშან სექტემბერში დავიწყეთ გადაღებები. შემოდგომაზე უკვე გამოვა პირველი სეზონის თრეილერი და მაყურებელს ალბათ, მალევე შეთავაზებენ პრემიერას. შესაძლოა, პირველი ორი სერიის ჩვენება, როგორც ხდება ხოლმე, კინოთეატრში გაიმართოს, ალბათ, ეს ლონდონში მოხდება. ამ სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობ, მნიშვნელოვანი როლია.

მოკლედ, ბევრი კარგი რამ ხდება.

„ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ გამოჩნდებით?

ამ ეტაპზე ჩემი მონაწილეობა არც განიხილება, მეთერთმეტე სეზონში ილოს გამოჩენაზე არ ყოფილა საუბარი. თუ სერიალი გაგრძელდება, ალბათ, შემდეგ მაკა და ილოც გამოჩნდებიან, მაგრამ კონკრეტულად როდის მოხდება ეს, ვერ გეტყვით. მეც არ მაქვს დრო სერიალში მონაწილეობისთვის, რადგან სხვა პროექტებით ვარ დაკავებული.

საქართველოში უახლოეს მომავალში შესაძლოა, გადაგიღონ?

დიდი ხანია, მიმდინარეობს საუბარი, რომ შესაძლოა, ამ წლის სექტემბერში დიტო ცინცაძემ ახალი ფილმის გადაღება დაიწყოს, მაგრამ ჯერ მოლაპარაკებების პროცესია. ფილმის სახელწოდებაა „შინდისი“. მე სცენარი ორი წლის წინ წავიკითხე და ვიცი, რომ ბოლო ვერსიაში ცვლილებები შევიდა, ამიტომ უფრო ვრცლად ვერაფერს გეტყვით…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g