LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ ქართული“ დაიწყო – „ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ძალიან მოენატრა ქართველ მსმენელს…“

148

„რუსთავი 2“-ის ეთერში ახალი მუსიკალური შოუ დაიწყო, სადაც „მხოლოდ ქართულს“ გიმღერებენ. გადაცემის კასტინგების პროცესის პირველი ნაწილი ეთერში გუშინ, 2 აპრილს გავიდა. ვიხილეთ ქართული სიმღერის კარგი, საშუალო და არცთუ კარგი შემსრულებლები. ჟიურის წევრების, მარინა ბერიძის, სოფო ნიჟარაძისა და გიორგი უშიკიშვილის კომენტარებზეც ვიხალისეთ, როცა ისეთ სიმღერებს ვისმენდით, აქამდე რომ არ მოგვისმენია.

Fortuna.ge „ასა ჰოლში“ პროექტის პირველ ჩვენებას ჟიურის წევრებთან და წამყვანებთან, ასევე „მხოლოდ ქართულის“ გულშემატკივრებთან ერთად დაესწრო და მათი ჩაწერის საშუალებაც მოგვეცა.

სოფო ნიჟარაძე, ჟიურის წევრი:

აღელვებული ვარ იმით, რომ ასეთი პროექტი დაიწყო. ახლა ამ ყველაფერს მხოლოდ ჟიურის წევრის გადმოსახედიდან არ ვუყურებ. ვარ მაყურებელი და არ მაქვს შეგრძნება, რომ ამ ყველაფერს ჟიურის წევრის სკამზე განვიცდიდი. ვცდილობ, მივიღო სიამოვნება. ეს არის უპრეცედენტო პროექტი. არსად ყოფილა აქამდე ქართული სიმღერის ასეთი პოპულარიზაცია ასეთი გრანდიოზული პროექტით. მიხარია, რომ „მხოლოდ ქართული“ შედგა და იქნება წარმატებული. აქ მხოლოდ ქართული, ხარისხიანი მუსიკა აჟღერდება. ის, რაც ძალიან მოენატრა ქართველ მსმენელს, ჩვენ გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, ყველაზე ღირსეული გაიმარჯვებს.

გყავს ფავორიტი?

რამდენიმე, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. ბევრი ეპიზოდი გველის, სანახაობრივი, სახალისო, გასართობი, მოსასმენად საინტერესო, ისეთი, როგორიც მალამოდ მოგვედება ყურებსა და გულზე. გაგიმხელთ პროექტის დეტალებს მისი მიმდინარეობისას, ფავორიტებს კი არა (იღიმის).

ნიკა ლომიძე, „მხოლოდ ქართულის“ რეჟისორი:

ყველა სიტყვა და კადრი ზეპირად ვიცი (იღიმის). პირველი კასტინგი არის ეფექტური დასაწყისი. მგონი, მაყურებელი მიხვდა პროექტის არსს. იმედი მაქვს, დაელოდებიან შემდეგ ორშაბათს. ყველა ახალ ორშაბათს უფრო გაგიმძაფრებთ ამ მოლოდინს.

ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა და მაკლია… კასტინგზე მოსულმა კარგად მომღერალი კონკურსანტების რაოდენობამ დაამტკიცა, რომ გვიყვარს და მოგვენატრა ქართული სიმღერები. პროექტიც სწორედ ამის წარმოჩენას ემსახურება.

დიდი იმედი მაქვს და პრინციპში, დარწმუნებულიც ვარ, რომ ახალ ვარსკვლავს აღმოვაჩენთ (იღიმის).

ილო ბეროშვილი, პროექტის წამყვანი:

ბევრ რაღაცას ვსწავლობ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ექვსი წელია, ტელევიზიაში ვარ. დიდი მადლობა „რუსთავი 2“-ს, რომ კიდევ უფრო დიდი გამოცდილების მიღების საშუალება მომეცა.

კასტინგებზე იმდენად კარგი დრო გავატარეთ, რომ ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. მადლობა „მხოლოდ ქართულს“, რომ ამდენი ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინა.

გიგი ადამაშვილი, მომღერალი:

ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ქართული მუსიკის წინ წამოწევა და ასევე, ძალიან საპასუხისმგებლო. ასეთ პროექტებს მუდამ დიდი ინტერესით ველი. დღეს მოვედი, როგორც „მხოლოდ ქართულის“ გულშემატკივარი და მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო მონაწილეებსა და პროექტის ავტორებს. ეს წლები ძალიან ერთფეროვანი გადაცემები იყო, ეს კი სრულიად სხვანაირია, მხოლოდ ქართულია… ვფიქრობ, ის აღმოაჩენს დიდ ვარსკვლავავებს, რომლებიც ბოლომდე გაიტანენ ქართულ მუსიკას.

ქეთი ორჯონიკიძე, მომღერალი:

ყველა ქართველთან ახლოს არის ქართული სიმღერა. როცა მომღერალი ხარ, არ არსებობს, არ გაიარო ქართული სიმღერის ბაზა და მერე არ შეარჩიო შენი სტილი. ჩემი პირველადი განვითარება ქართული სიმღერიდან დაიწყო.

პროექტი ძალიან საინტერესოა და კარგია, რომ ქართული სიმღერისთვის შეიქმნა. დარწმუნებული ვარ, კარგი მონაწილეები შეარჩიეს, რომლებიც საკუთარ ნიჭს ჩადებენ შესრულებაში და დავინახავთ, როგორ გრძნობენ ქართულს ახალგაზრდა მომღერლები. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ვნახავთ ქართული სიმღერის ახალ სულს.

პროექტში დიდი პროფესიონალიზმია ჩადებული და მასზე ძალიან კარგი გუნდი მუშაობს.

რუსკა გიორგაძე, ინტერნეტოთახის წამყვანი:

პროექტის ინტერნეტმხარდაჭერა იქნება მაქსიმალურად აქტიური. მე ვიქნები წამყვანი და ვუმასპინძლებ ყველას, ჟიურის წევრებს, მონაწილეებსა და წამყვანებს და დავუსვამ იმ შეკითხვებს, რასაც ინტერნეტის საშუალებით გამოგვიგზავნიან. რასაკვირველია, კორექტულ შეკითხვებს ვგულისხმობ (იღიმის). სასიამოვნოა, რომ „ფეისბუქზე“ ძალიან აქტიურად გვწერენ. შეგიძლიათ გვიპოვოთ „მხოლოდ ქართულის“ ან „რუსთავი 2“-ის „ფეისბუქ“-გვერდებზე. რეკლამებს შორის შეუძლიათ შემოვიდნენ ჩვენს გვერდზე და უკეთ გაიცნონ კონკურსანტები, დაუსვან კითხვები. თუკი ჟიურის წევრებთან გაუჩნდებათ კითხვები, მე ვარ ერთგვარი მედიატორი (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები